წუხანდელმა სტიქიამ განსაკუთრებულად დააზარალა რაჭა, კონკრეტულად ონის რაიონი. რამდენიმე ხიდი საერთოდ წაიღო დინებამ, სამანქანო გზები დანგრეულია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისეთ სოფლებშია ჩარჩენილი, სადაც საფეხმავლო ბილკიც კი არ არის, რომ წამოვიდნენ, არადა რიონი „კარსაა მომდგარი“.
დაახლოებით 5 საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის ავტორიც, რაჭაში, ონის ერთ-ერთ სოფელში ჩარჩენილი ნინო ჯაფარიძეა. ნინო ბავშვებთან ერთადაა იმ სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე მოწყვეტილია გარე სამყაროს.
„მოგვაქციეთ ყურადღება! ბავშვებით ვართ, აქ ჩავრჩით, დენიც გაითიშა, რაიონთან დამაკავშირებელი გზაც წაღებულია, არც საცალფეხო გზაა, წაიღო ჩვენ გარშემო მდებარე სახლები, ჩემი მეზობლის სახლია ვიდეოში, ამის მერე ჩვენია, მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ გამოაგზავნეთ დახმარება! დენი არ არის, ტელეფონის ბატარიას ვუფრთხილდებით, რომ გარე სამყაროსთან გვქონდეს კონტაქტი, ნუ მირეკავთ, გთხოვთ! საქართველოს მთავრობა, ონის მუნიციპალიტეტის მერია თბილისის მერია, 112 საქართველო“.
რასაკვირველია, მეგობრები და ნაცნობი სასწრაფოდ გამოეხმურნენ ნინოს პოსტს, გამოხმაურებას თხოვნდნენ, პერიოდულად ნინო შემოდის სოციალურ ქსელში და ახლობლებს საქმის კურსში აყენებს. „ჯერჯერობით კარგად ვართ, ზუსტად ჩვენ სახლთან არის რიონი მომდგარი, ვერ ვტოვებთ ტერიტორიას გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი საცალფეხო, სამანქანო წაღებულია, დენი არ არის, მანქანაში ვტენით ტელეფონებს, დინებამ ცოტა იკლო, დამოკიდებული ვართ ამინდზე, არ უნდა გაწვიმდეს, თორემ ნამდვილად ჩამოიშლება მიწა და ჩაგვიტანს ყველას. გადაიფრინა რამდენიმე ვერტმფრენმა, მაგრამ უშუალოდ კონტაქტს და რეაგირებას ადგილი არ ჰქონია ჯერ, ველოდებით დენის აღდგენას, რომ ღამე გავარჩიოთ მდგომარეობა, და დროულად მოხდეს გზის და ხიდის რესტავრაცია, ვერ ვპასუხობ ვერავის ბატარიის ეკონომიის გამო... ბევრმა დამირეკა უკვე და დამპირდნენ გაყვანას, ველოდებით, ჩვენ ზემოთ სოფლებში უფრო მძიმე სიტუაციაა და ჯერ იმათ აქცევენ ალბათ ყურადღებას“. - ესაა ბოლო კომენტარი, რაც ნინომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა.. იმედია, დროულად მოხდება დახმარება და სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას ვერტმფრენით გადაყვანა.
თეკლა ჟვანია