ბოლო ათწლეულის მანძილზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა. როგორც იქნა, დაიწყეს მათი, როგორც სრულფასოვანი ადამიანების, აღიარება. ამას ამტკიცებს ფილიპინელი გოგონას ისტორიაც, რომელიც განსაკუთრებულმა მამამ გაზარდა.
რიჩი ენ კასტილომ დაუნის სინდრომის მქომე მამისადმი ფეისბუკზე გაავრცელა მიმართვა. კაცი 50 წლისაა. გოგონა მრავალი წლის მანძილზე იმასაც ამბობდა, რომ მამამისის გამო რცხვენოდა, მაგრამ მხოლოდ ახლახან მიხვდა, რომ ის, რასაც აქამდე ფიქრობდა, არასწორი იყო. ემოციური მიმართვა ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში.
"ვიცი, რომ ამის წაკითხვას ვერ შეძლებ, რადგან ფეისბუკი არ გაქვს. მაგრამ, მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, როგორ მეამაყება, რომ მამაჩემი ხარ. მინდა, ყველამ იცოდეს, რა მშვენიერი ხარ, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად."- წერს რიჩი ენი.
გოგონა ამბობს, რომ ბავშვობაში ვერ ხვდებოდა, რატომ დასცინოდნენ სხვა ბავშვები მას და მამამისს, რადგან მისთვის ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მაგრამ, როდესაც წამოიზარდა და სცადა, გაეანალიზებინა, რა სჭირდა მამამისს, ძალიან შეეშინდა და შერცხვა მის გამო. გოგონა ამ გრძნობით მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
"მოგვიანებით გავაცნობიერე და ძალიან შემეშინდა. მაგრამ, შენ გაცილებით მეტს იმსახურებ, ვიდრე მშიშარა ქალიშვილია. დაიმსახურე სიყვარული, გაგება, მოთმინება და მიმღებლობა, ისევე, როგორც დაუნის სინდრომის მქონე სხვა ადამიანებმა. ახლა კი, მე შენზე ვწერ და დაბადების დღეს გილოცავ! ეს არასდროს გამიკეთებია, შენ გაცილებით მეტს იმსახურებ!"
რიჩი ენმა გაიხსენა, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი მამამისი ყოველთვის უღიმოდა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ მყოფებს. მოწყენილი მხოლოდ ერთხელ ახსოვს, მაშინ, როცა ტკივილმა კაცი ტირილამდე მიიყვანა. ეს მძაფრად ახსოვდა გოგონას, რადგან თავადაც ამის გამო რამდენიმე დღე ტიროდა.
"მამა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას, თუ როგორ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ახლა შენთან ერთად არ ვარ. მაპატიე, რომ პლაჟზე არ წაგიყვანე და არც შენი საყვარელი საჭმელი მოგიტანე. მაპატიე, რომ იმაზე ხშირად არ გსტუმრობდი, ვიდრე ამას იმსახურებდი. მაგრამ, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ყველასთან დაგმალე. ისევ ბავშვი ვარ, რომელსაც ბულინგისა და აგრესიის ეშინია. მაგრამ, მამა, ახლა უფრო მიყვარხარ, ვიდრე ოდესმე!"
რამდენ ადამიანს შეუძლია საკუთარი შეცდომა მთელი მსოფლიოს გასაგონად აღიაროს? რიჩი ენს ამის გამბედაობა ეყო. მისი პოსტი უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ბევრმა მათგანმა გოგონას მხარი დაუჭირა.