მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელს ერთ-ერთ სამსახურად მიიჩნევს. ამ "სამსახურში" საკმაოდ ბევრ დროს ატარებს, რის გამოც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემაც შეექმნა... ბუნებრივია, სოციალური ქსელები საკმაო საფრთხის შემცველია, მით უმეტეს - ბავშვისა და მოზარდისთვის. რუსკა ქარქაშაძე პატარაობიდან სოციალური ქსელის მომხმარებელია...
- გამოგიტყდებით, რომ გარკვეულწილად, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ვარ, რადგან ჩემი საქმის დიდ ნაწილს მათი დახმარებით ვაკეთებ... ზოგჯერ კარგია, როცა ტელეფონს საერთოდ არ ვიყენებ, მაგრამ ძირითადად, დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებს საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ.
- სოციალურ ქსელს ძირითადად, რისთვის იყენებ?
- სამსახურისთვის, კომპანიებთან ურთიერთობისთვის, რეკლამისთვის... "ინფლუენსერობის" მხრივაც მნიშვნელოვანია: "ინსტაგრამზე" ჩემი კონტენტი მაქვს და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ - მათი ბრენდის ამბასადორი ვარ. შესაბამისად, მათი რეკლამირება სოციალური ქსელებით ხდება. ამიტომ ფოტოსესია ხშირად მაქვს, რომ სურათები კონკრეტულად, "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდეს და ა.შ. ესეც ჩემი სამსახურია. გარდა ამისა, სოციალური ქსელი მეგობრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, "ფოლოვერებთან" მუდმივად საუბარი კი ცალკე ამბავია...
- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?
- "ოდნოკლასნიკი" იყო პირველი სოციალური ქსელი, რომელზეც დავრეგისტრირდი, მაგრამ არაფრად მივიჩნევ, რადგან 7-8 წლის ვიყავი. დამოუკიდებლად დავრეგისტრირდი და მას მერე არც გამომიყენებია. შემდეგ "ფეისბუკი" იყო, ბოლოს უკვე - "ინსტაგრამი". "ფეისბუკზე" რომ დავრეგისტრირდი, 11-12 წლის ვიყავი.
- მშობლებისგან ნებართვა აიღე?
- წინათ, "ფეისბუკზე" ბევრად დიდ ასაკს უთითებდი, ვიდრე რეალურად იყავი და ასეთი ხრიკებით რეგისტრირდებოდი ბავშვი. ჩემს მშობლებს გართულება არასოდეს ჰქონიათ, გინდა თუ არა, სოციალურ ქსელში ანგარიში არ შექმნაო. უბრალოდ, სანამ მცირე ასაკის ვიყავი, ჩემი "პროფილის" პაროლი იცოდნენ და სიტუაციას მაინც აკონტროლებდნენ. ახლა რაღა უნდა გააკონტროლონ (
იცინის)?..
- გამოქვეყნებული პოსტების გამო, შენიშვნას თუ გაძლევდნენ?
- არა. იცით, რა არის?.. ზუსტად ვიცი, ჩემს მშობლებს რა შეიძლება, არ მოეწონოთ. ამიტომ ასეთ პოსტებსა და სურათებს არც ვაქვეყნებ. ოჯახის წევრებს ანგარიშს ვუწევ.
- რა შეიძლება, არ მოეწონოთ?
- მაგალითად, ზედმეტად "თამამი", გამომწვევი ფოტოები. პრინციპში, ეს მეც არ მომწონს. ჩემთვის მთავარია, ფოტო ესთეტიკური იყოს და არც ერთ შემთხვევაში - ძალიან თამამი. ამ მხრივ, მე და ჩემი ოჯახის წევრებს საერთო აზრი გვაქვს.
- რას ურჩევ მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქსელების მომხმარებლები არიან? ალბათ, თანატოლისგან მიღებული რჩევა მათთვის უფრო საიმედო იქნება...
- საერთოდ არ არის სირცხვილი, რომ მშობელი ჩვენით ინტერესდება. მოზარდობის ასაკში გვგონია ხოლმე - რადგან მშობელი ჩვენს ცხოვრებაში ერევა, ე.ი. გვარცხვენს. მშობლებს ვეუბნებით, - ნუ ერევი ჩემს საქმეში, სხვა ბავშვები რას იფიქრებენო?!. პირიქით, მათ ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ: თუ გვაკონტროლებენ და რაღაც რჩევას გვაძლევენ, ამაში ცუდი არაფერია. პირადად მე, ამ მხრივ, პრობლემა არასოდეს მქონია. ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელის ტრაგიკულმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. წვეულებაზე მშობლები ან ვინმე უფროსი ადამიანი რომ ყოფილიყო, მგონია, რომ ეს ამბავი სხვანაირად მოხდებოდა... ჩემი დაბადების დღის წვეულებას და მსგავს შეკრებებს დედაჩემიც ყოველთვის ესწრება. შეიძლება, ცოტათი მოშორებით, თავის მეგობრებთან ერთად იყოს, მაგრამ მაინც იქ არის. მისგან რჩევის მიღება სირცხვილი ნამდვილად არ არის, პირიქით... მშობლისგან დაცვასა და მხარში დგომაზე უარის თქმა არასწორი მგონია.
იხილეთ სრულად