ახალგაზრდა ქალის, თამუნა მინაშვილის გარდაცვალების შესახებ გუშინ ვწერდით. ის საკეისრო კვეთის დროს კლინიკა "ჰერა 2011"-ში გარდაიცვალა. როგორც ახლობლები ყვებოდნენ, თამუნა, რომელიც 9 წელი ელოდა შვილებს, ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით დაფეხმძიმდა და ტყუპზე იყო ორსულად. კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რა დროსაც გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
კომენტარისთვის კლინიკას მივმართეთ და ვკითხეთ, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და ჰქონდა თუ არა მანამდე ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა:
"საკეისრო კვეთა გაკეთდა, ოპერაციის ბოლოსკენ დაფიქსირდა არტერიული წნევის ვარდნა. მიუხედავად მიღებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, დადგა ბიოლოგიური სიკვდილი. წინასწარი დიაგნოზია თრომბოემბოლია. პაციენტი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და დასკვნას ისინი დადებენ. წინასაკეისრო კვლევები ჩატარებული იყო და ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. კლინიკა, რა თქმა უნდა, შესაბამის ორგანოებს ქალის ისტორიას, კვლევებსა და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის", - გვითხრეს კლინიკა "ჰერა 2011"-ში.
ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.
თამარ იაკობაშვილი