ადენოიდიტი და ტონზილიტი – ოტო-რინო-ლარინგოლოგი როინ გაბეჩავა გვირჩევს, როგორ მოვაგვაროთ ბავშვებში გავრცელებული პრობლემები
ადენოიდიტი და ტონზილიტი – ოტო-რინო-ლარინგოლოგი როინ გაბეჩავა გვირჩევს, როგორ მოვაგვაროთ ბავშვებში გავრცელებული პრობლემები
ადენოიდიტი (ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლის ანთება) და ტონზილიტი (ტონზილების  (გლანდები, ნუშურები) ანთებთი დაავადება) ბავშვთა ასაკში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მოცემული დაავადებების სიმპტომებზე, მიმდინარეობაზე, დიაგნოსტიკაზე, კონსერვატიულ მკურნალობასა და ქირურგიული მკურნალობის გზებზე გვესაუბრება პედიატრიული კლინიკა "Mმედი 22-ის" ოტო-რინო-ლარინგოლოგი როინ გაბეჩავა.

- რას ნიშნავს ჰიპერტროფირებული ადენოიდები და როგორია ამ დაავადების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები?

- ჰიპერტროფირებული ადენოიდების პრობლემა განსაკუთრებით ხშირია 3-10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჰიპერტროფიის მიზეზი ხდება სხვადასხვა ბაქტერიები და ვირუსები. იმ
ის გამო, რომ ადენოიდები წარმოადგენს გარკვეულ ბარიერს, ადენოიდური ქსოვილი ზოგჯერ დროებით შეშუპდება (ხდება გადიდებული), რადგან ის ცდილობს ინფექციასთან ბრძოლას, თუმცა ზოგჯერ ხდება ადენოიდების დაინფიცირება. ალერგიას ასევე შეუძლია მათი ზომის შეცვლა. ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის ფუნქციის დარღვევის გამო ორგანიზმში ჩნდება ინფექციის მუდმივი წყარო, რომელიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას როგორც უშუალოდ ნუშურა ჯირკვალში (ადენოიდიტი), ასევე ცხვირ-ხახასა და ქვედა სასუნთქი გზების სხვა უბნებში. ამის შედეგად, ბავშვს ხშირად ემართება სხვადასხვა ინფექციურ-ანთებითი ან ალერგიული პათოლოგიები. თუ ავადობის ეპიზოდები ხშირია, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი ქირურგიული გზით მოცილება, რადგან ჰიპერტროფირებულმა ადენოიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.

- რა სახის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტროფირებულმა ადენოიდებმა?

- ადენოიდიტის გართულება შეიძლება იყოს შუა ყურის ანთება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი ძილი, ძილის აპნოე. უფრო რთულ შემთხვევებში ხდება ყბის ფორმირების დარღვევა, განსაკუთრებით ზედა
ყბა ჩამორჩება ზრდაში, რაც თანკბილვის პრობლემებს იწვევს. ბავშვს უყალიბდება სპეციფიკური, ადენოიდებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ადენოიდური სახე: ქვედა ყბა წინ არის წამოწეული, პირი ხშირად არის ღია. ამის გამო დროთა განმავლობაში ვითარდება მეტყველების დარღვევა.

ადენოიდების ჰიპერტროფიის დროს სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ძნელდება ცხვირით სუნთქვის პროცესი, ბავშვებში ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ცხვირის ნაცვლად ხორციელდება პირით, რაც შესაძლოა ჰიპოქსიის მიზეზად იქცეს. ყოველივე ამის შედეგად შესაძლოა შეფერხდეს გონებრივი განვითარება. ასევე დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება რამდენიმე წამის განმავლობაში (ობსტრუქციული ძილის აპნოე), რაც ძილის რეჟიმის დარღვევის მიზეზი ხდება. ქრონიკული მიმდინარეობისას ადენოიდების ჰიპერტროფია იწვევს სწავლის, ქცევის, ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა სახის პრობლემებს. ხშირად აღინიშნება ცხვირის, სინუსების და ყურის ხშირი ინფექციები, შუა ყურში სითხის დაგროვება და ზოგჯერ სმენის დაქვეითებაც კი. შესაძლოა, ადენოიდი ცხვირით სუნთქვას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ ევსტაქის მილი დაახშოს და შეაფერხოს შუა ყურამდე ჰაერის თავისუფალ დინება, შედეგად ბავშვს ცუდად ესმის. გარდა ამისა, შუა ყურის მიდამოში ხელსაყრელი პირობები იქმნება კატარული და ჩირქოვანი ინფექციების ხშირი განვითარებისათვის.

- რა სახის დაავადებაა ტონზილიტი და აუცილებელია თუ არა ყოველთვის ქირურგიული მკურნალობა?

- ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული. ტონზილიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ტონზილიტი (ანგინა) სასის ნუშისებრი ჯირკვლების მწვავე ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები. ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ: ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია. ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობს რევმატიზმის, ნეფრიტის, თირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.

ტონზილექტომია იმ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომელთაც აქვთ ქრონიკული ან მორეციდივე ტონზილიტი, ან მწვავე ტონზილიტი გართულებებით, ან როდესაც სიმპტომები მკურნალობის მიუხედავად არ უმჯობესდება. თუ წლის მანძილზე ტონზილიტი ან ყელის ტკივილი პაცინტს აღენიშნება მინიმუმ 5 - 7 ჯერ, საჭიროა ტონზილექტომია. ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავისუფლდება სუნთქვის და ყლაპვის პრობლემებისაგან, რაც ხშირად ტონზილიტის შედეგია. ტონზილექტომიამ ასევე შეიძლება შეამციროს ყელის ინფექციების სიხშირე ბავშვებში, ოპერაციის შემდეგ პირველი წლის განმავლობაში.

- აღნიშნული ოპერაციების გარდა, ყელ–ყურ–ცხვირის მიმართულებით რა ქირურგიული ჩარევები გვხვდება ხშრად და ამ მიმართულებით რა სერვისს სთავაზობს პედიატრიული კლინიკა "M მედი 22" პაციენტებს?

- ყელ-ყურ-ცხვირის დაავადები ერთმანეთთან მეტად მჭიდრო კავშირშია, ამიტომ როცა პაციენტს აღენიშნება ერთი ან რამდენიმე ორგანოს დისფუნქცია, აუცილებელია ლარინგოლოგის კონსულტაცია, რადგან შეფასდეს არსებული სამედიცინო პრობლემა და დაიგეგმოს მკურნალობა. მოგეხსენებათ, 0-დან 18-წლამდე პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის გართულება. პედიატრიული კლინიკა M მედი 22 -ში ლარინგოლოგის მიერ ტარდება პირის ღრუს, ცხვირხახის და ხორხხახის დათვალიერება სპეციალური ორალ კამერით, შესაბამისად შესაძლებელია ნებისმიერი ოტო-რინო-ლარინგოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, კონსერვატიული თუ ქირურგიული გზით მკურნალობა. პედიატრიული კლინიკა M მედი 22-ში ტარდება შემდეგი სახის ოტო-რინო-ლარინგოლოგიური პროფილის ქირურგიული ოპერაციები:

  • ტონზილექტომია
  • ადენოტომია
  • პოლიპოტომია
  • ცხვირიდან სისხლმდენი ადგილის მოწვა
  • ყურიდან უცხო სხეულის ამოღება
  • გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის ამოღება
  • პარატონზილარული აბსცესის გახსნა
  • პარაცენტეზი
  • დეზინტეგრაცია ( ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია)
  • ყურის ნიჟარის ჰემატომის ან აბსცესის გაკვეთა
  • ცხვირიდან სისხლმდენი ადგილის მოწვა ელექტროკოაგულაციით
  • ცხვირიდან უცხო სხეულის ამოღება
  • ცხვირის კათეტერიზაცია
  • ცხვირის ღრუს სინექიების ოპერაციული მკურნალობა
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდების კორექცია
  • ცხვირის ძვლების მოტეხილობის ჩასწორება, ტამპონადა
  • ცხვირის ფორმის კორექცია
  • ყურის ნიჟარების ფორმის კორექცია
858
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები