გიორგი ოვაშვილი "სიმშვიდის ქოხზე", რომელიც შვილებთან ერთად ააშენა - "ადამიანებს გაცილებით მეტი კომფორტი ელით ქალაქგარეთ"
გიორგი ოვაშვილი "სიმშვიდის ქოხზე", რომელიც შვილებთან ერთად ააშენა - "ადამიანებს გაცილებით მეტი კომფორტი ელით ქალაქგარეთ"
რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მშობლიურ სოფელში შვილებთან ერთად, სახლი ააშენა და მას "სიმშვიდის ქოხი" უწოდა. შესაღებად ყველა მსურველი მიიწვია, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი იდეების რეალიზება სურდა და სახლის კარი გაუღო ხელოვან ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ "სიმშვიდის ქოხში" მოაწყონ გადაღება, ჩაწერა თუ ჩვენება. სახლის აშენების იდეასა და შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან პრინციპებზე გვესაუბრება:
mshoblebi

- სახლი სოფელ ძეგვში ავაშენეთ. ეს ჩემი სოფელია და ჩემი მშობლების სახლიც იქაა. აშენების იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და ახალი რეალობის წინაშე დავდექით, დავიწყე ფიქრი. რადგან
გაჩნდა უამრავი თავისუფალი დრო, ვიფიქრე, ჩემს შვილებთან ერთად რაღაც ამეშენებინა. სოფელში ვიყავით, სახლიდან ვერ გავდიოდით და ნელ-ნელა დავიწყეთ შენების პროცესი. პრინციპი იყო ის, რომ უნდა გამოგვეყენებინა ყველაფერი, რაც სახლში გვქონდა. ეს არ იყო მშენებლობა, რომლისათვისაც სპეციალურად უნდა შეგვეძინა სამშენებლო მასალა. გვქონდა დაგროვილი უამრავი კარი, ფანჯარა, ფიცარი, ხის მორები, ლურსმანი და ნელ-ნელა შევუდექით საქმეს.

- თქვენ და თქვენმა შვილებმა მარტო, სხვების დაუხმარებლად, ააშენეთ ეს სახლი?

- თავიდან მხოლოდ ჩვენ დავიწყეთ. ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო და ვერავინ მოდიოდა. შემდეგ, როდესაც მოიხსნა შეზღუდვა, ჩემი მეგობრები ამოდიოდნენ ხოლმე და გვეხმარებოდნენ.
mshoblebi

- როგორ აპირებთ მოწყობას, თუ გაქვთ წინასწარ განსაზღვრული გეგმა?

- ასეთი გეგმა გვაქვს: გვინდა, რომ მოტივირებულ, ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მხატვრებს
შევთავაზოთ, რომ არის სივრცე, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ და თავად გადაწყვიტონ, როგორ მოაწყობენ. თავისუფალი, ღია სივრცეა და ამისთვისაც გაკეთდა, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვისაც თავისი შემოქმედებითი იდეების განხორციელება სურს. მაგალითად, მოაწყონ ფოტოგადაღებები, ხატონ, რეპეტიციები გაიარონ, გამართონ ჩვენებები და ასე შემდეგ. შეღებვის დროსაც გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, მოსულიყო და ქოხი საკუთარი შეხედულებისამებრ შეეღება. შედეგად, ძალიან კარგი ადამიანები მოვიდნენ და სხვადასხვაფრად შეღებეს.

- სამომავლოდ ხომ არ აპირებთ, რომ გადასაღებადაც გამოიყენოთ?

- რატომაც არა. თუ კონკრეტული ამოცანა გვექნება, ალბათ გამოვიყენებთ, მაგრამ არა მარტო მე, თუ ჩემი კოლეგებისთვის, სხვადასხვა ტიპის აუდიო-ვიზუალური ნამუშევრისთვის საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია მოვიდეს და გამოიყენოს ეს სივრცე.
mshoblebi

- რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქალაქში ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სოფლებში უბრუნდებიან სახლებს?

- ვფიქრობ, რომ ახლა ის დრო დადგა დედამიწაზე, როდესაც ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ ადგილსამყოფელს. ეს არის ბუნება. მგონია, რომ საიდანაც მოვედით, იქ უნდა დავბრუნდეთ. ვფიქრობ, უკვე ბევრი მიხვდა ამას საქართველოში და მიხარია, რომ ადამიანები თავიანთ სოფლებს უბრუნდებიან.

- თქვენც ხომ არ აპირებთ სოფლად გადასახლებას?

- გამიმართლა, რომ ჩემი სოფელი ქალაქთან ძალიან ახლოსაა და ყოველდღიურად შემიძლია წავიდე და უკან დავბრუნდე. 20 წუთის მანძილია. მომავალში ვისურვებდი, სოფლად მქონოდა ისეთი პირობები, რომ იქ მეცხოვრა. ქალაქს საერთოდ დავანებებდი თავს, რადგან ის ნამდვილად არ იწვევს ჩემში არც კომფორტსა და არც ჰარმონიას. ვფიქრობ, ადამიანებს გაცილებით მეტი კომფორტი ელით ქალაქგარეთ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რატომ ვართ აქ და რატომ ვანადგურებთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, როდესაც ბუნებას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ შეგვიფაროს.
mshoblebi

- 4 შვილი გყავთ. რას ანიჭებთ უპირატესობას მათთან ურთიერთობისას?

- თავისუფლებას ვანიჭებ უპირატესობას. ვცდილობ, მათ უფრო მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მივცე. რა თქმა უნდა, ხშირად ვარ მრჩევლის როლში, მაგრამ არა კატეგორიული. ვცდილობ, გავუგო მათ გადაწყვეტილებებში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ მომწონს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდა უფრო მეტად გამოადგებათ ცხოვრებაში, ვიდრე დაწესებულ ჩარჩოებში მოქცევა. ახლა რთული დროა და ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ მშობლები თინეიჯერების თაობას, მათ ცხოვრებას, სად დადიან, ვისთან აქვთ ურთიერთობა, მაგრამ მაინც მგონია, რომ აკრძალვა ცუდი გზაა. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ისინი ისეთ ადამიანებად აღიზარდნონ, რომ აგრესიის გზა არ აირჩიონ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ?

- შვილს ალბათ ყველაზე მეტას სჭირდება, რომ თანამოაზრე ჰყავდეს, მშობლის სახით. ბავშვები ძირითადად მას თავიანთ თანატოლებში ეძებენ. თუ გავხდებით მათი თანამოაზრე და მეგობარი, ვფიქრობ, ძალიან კეთილი ზეგავლენის მოხდენას შევძლებთ შვილებზე.

თამარ იაკობაშვილი

1579
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები