9 აგვისტოს, ადვოკატმა დიანა გვიშიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს კვების ერთ-ერთ ობიექტში, საკვების მირთმევის შემდეგ, ყელი დაუზიანდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელში მცირე ზომის რკინა ჰქონდა შერჭობილი.
"მავთული აღმოჩნდა ვაკის "კრაბსბურგერში“ და ჩემს შვილს ჩაერჭო მარჯვენა მხარეს ყელში, გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით და დროული დახმარებით გადარჩა დახრჩობას, ვპოსტავ მხოლოდ იმიტომ, რომ იყავით ფრთხილად! მადლობა უფალს გადავრჩით",- წერს დიანა გვიშიანი.
დეტალების დასაზუსტებლად დიანას პირადად დავუკავშირდით:
- ჩემი გოგონა, რომელიც 15 წლის არის, კლასელებთან ერთად "მზიურში" კონცერტს დაესწრო, რის შემდეგაც ასულან ვაკეში ამ ობიექტზე. აიღეს ბურგერები და მიირთმევდნენ, მითხრა, ჭამის დროს ვიგრძენი, რომ რაღაც გადამცდა და შემდეგ დამაწყებინა ხველაო. ამ მომენტში ზოგმა წყალი მიაწოდა, ზოგმა პური, მთელი გზა წყალს ასმევდნენ. სახლში რომ მოვიდა და ყელში ჩავხედე, უსტვენდასავით ბავშვი, შავად ჩანდა რაღაც ყელში. გამოვიძახე სასწრაფო და რომ ავუხსენი სიტუაცია, გაგვაფრთხილეს, რომ ბავშვს არ ესაუბრა და მაშინვე იაშვილში გადაიყვანეს. იქ დიდი მაკრატლით ამოაცალეს, 4-5 სანტიმეტრის რკინა, რომელიც იდრიკებოდა. მენეჯერსაც ვუთხარი, რომ ჩივილს არ ვაპირებდი და ასევე ყველა შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. უბრალოდ დავწერე ერთი რაღაცის გამო, რომ ისევ თვითონ იყვნენ ყურადღებით, ჩემი შვილი გუშინ სიკვდილს გადარჩა და ეს დამიდასტურეს ექიმებმა. ძალიან შეწუხებული იყო მენეჯერი, მეც შვილები მყავსო. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ყველა ბავშვი ჭამს ბურგერს და ფრთხილად იყვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტატუსის მიზანი და მეტი არაფერი.
- არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვიდეოც და ყველა ფაქტი, რომ სასწრაფო გამოვიძახეთ და ბავშვი იაშვილში გადავიყვანეთ. ვერ აგიწერთ გუშინ მე რა გადავიტანე. მინდა, ჩემი სტატუსით ხალხი გაფრთხილდეს და ეს ობიექტებიც იყვნენ ფრთხილად. ექიმებმა მითხრეს, რომ უფალს შესწირე მადლობაო, რადგან შეიძლებოდა ადგილზევე ფატალურად დასრულებულიყო ყველაფერი. განაგრძეთ კითხვა