30 წლის სალომე კვარაცხელიას მეუღლე და ორი უსაყვარლესი გოგონა ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად გულს უხარებენ და ცხოვრების ხალისს ანიჭებენ. ძალიან დიდხანს, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე, როგორც მისი ნაცნობები, მეგობრები... თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა...
- მე გახლავართ სმენადაქვეითებული. ეს ყველაფერი დაიწყო დახლოებით 5 წლის წინ. თავდაპირველად ვამჩნევდი მცირე ხარვეზებს სმენასთან დაკავშირებით, საუბრის დროს მოსაუბრეს ხშირად ვთხოვდი ერთი და იგივე ფრაზის გამეორებას, ხანდახან მეგობრებთან ერთად ამ თემაზე ბევრს ვხალისობდი, არც კი ვიცოდი, რამხელა პრობლემის წინაშე ვიდექი. საბოლოოდ იმდენად შემაწუხებელი გახდა ეს პრობლემა, რომ მომიწია ექიმთან მისვლა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ, გაირკვა, რომ ერთ ყურში 60%-ით მქონდა სმენა დაქვეითებული, მეორეში კი - 20%-ით. დაინიშნა მკურნალობა, რაც გულისხმობდა გადასხმების გაკეთებას, რასაც თითქოს უნდა შეეჩერებინა სმენის დაქვეითება.
გადასხმებმა თითქოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილას შეაჩერა პრობლემა და სმენა არ წასულა უარესობისკენ. გარკვეული პერიოდი მაინც ვაგრძელებდი მუშაობას და ვცდილობდი მომხმარებელთან ურთიერთობაში ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო. ერთ დღესაც, გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ საერთოდ აღარ მესმოდა არც ერთ ყურში, არ მესმოდა არაფრის ხმა, არც მეუღლის, არც მეგობრების ხმა, არც მუსიკის ხმა. მოკლედ, იმ დღეს ჩემთვის სამყარო უბრალოდ დადუმდა. არც მანამდე და არც სმენის საბოლოოდ დაქვეითების შემდეგ ექიმებს არ უთქვამთ, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ყველაფერი. დაცემის ან ავარიის მაგვარი არანაირი შემთხვევა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ექვის თვით ადრე ძგიდის ოპერაცია გავიკეთე და პირველ ორსულობაზე ვირუსი შემხვდა, ნაყოფი მომშორდა 8 კვირის ვადაზე და ექიმებს მოუწიათ ჩარევა. სხვა წინაპირობა სმენის დაქვეითების არაფერი ყოფილა. საბოლოოდ ექიმებისგან პასუხებს ვიღებდი ვარაუდებზე დაყრდნობით. ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ჩემმა იმუნურმა სისტემამ დააზიანა სმენის ნერვი.
თავდაპირველად, როცა სმენა დამიქვეითდა, რა თქმა უნდა ჩემი ხმის ტემბრს ვერ ვაკონტროლებდი, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს თქვენთვის, და დარწმუნებული ვარ ბევრს ჰქონია მსგავსი მომენტი, წარმოიდგინეთ, რომ გიკეთიათ ყურსასმენები და უსმენთ მუსიკას, ამ დროს კი ვიღაც გეკითხებათ რაღაცას და თქვენდაუნებურად გიწევთ პასუხის დაბრუნება იმაზე მეტად ხმამაღლა, ვიდრე ჩვეულებრივ. მოკლედ ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტის დროს, რომელმაც იცოდა, რა პრობლემით მივმართე, იყო ექიმი, რომელიც ამ მიმართულებით მკურნალობს ადამიანებს, ყოველდღიურად უწევს სმენადაქვეითებულ ხალხთან ურთიერთობა, დამიწყო ჩხუბი იმის გამო, რომ თითქოს ვყვირი და მიმითითა, უფრო დაბალ ტონალობაში მესაუბრა... ძალიან განვიცადე მაშინ ეს შენიშვნა, მით უმეტეს, ეს პრობლემა ახალი შემოსული იყო ჩემს ცხოვრებაში.
ამ ეტაპისთვის რაც ყველაზე მეტად მიჭირს და რაც მთელი ეს პერიოდი მაწუხებს, არის არასრულფასოვანი კომუნიკაცია. ყველაზე მეტად ამ პრობლემამ ამჟამად იმიტომ შემაწუხა, რომ არ მესმის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების, ჩემი პატარა გოგონების ხმა. ის ტკბილი ხმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველაზე სასიამოვნო ხმაა მთელ სამყაროში. შვილები იმ პერიოდში შემეძინა, როდესაც უკვე სმენა მქონდა დაქვეითებული და ახლა, როცა უკვე ჩემი შვილები ცდილობენ საუბარს, პირველი ფრაზების წარმოთქმას და მე ეს არ მესმის, ეს ფაქტორი ყველაზე მეტად მთრგუნავს. მიუხედავად ამისა, მაინც არ მიჭირს მათთან ურთიერთობა, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გამაგებინონ ყველაფერი ის, რაც სჭირდებათ, მიუხედავად მათი მცირე აასაკისა, უფროსი - ბარბარე 2.10 წლის არის, პატარა - კატო წლი-ნახევრის. ბარბარე უკვე ერთ წელზე მეტია, ჟესტიკულაციით მიხსნის ყველაფერს და თან ცდილობს დამიმარცვლოს სიტყვები. ასე არ დამისვია და არ მისაუბრია მასთან, რომ არ მესმის. რაღაცნაირად თვითონ მიხვდა. არ იღლება რამდენჯერმე გამეორებით. იქამდე მიმეორებს, სანამ არ მიმახვედრებს, რაც უნდა... თუ ხვდება, რომ ვერ გამაგებინა, მაინც აგრძელებს და ყველანაირად ცდილობს მიმახვედროს... ხანდახან თითით მეორე ხელის გულზე მონახაზებს აკეთებს, თითქოს მიწერს. კატომაც დაიწყო ჟესტებით ახსნა. მოდის, ხელს მადებს ჯერ, რომ ყურადღება მიიქციოს და მერე იწყებს იმის ჩვენებას, რაც უნდა.
და რადგანაც ჯანდაცვიდან არაფერი არ ისმის, ჩემმა მეგობრებმა თავიანთი ინიციატივით წამოიწყეს კამპანია. შექმნეს ფეისბუქ ჯგუფი სახელწოდებით "გავაგონოთ სალის შვილების ხმა". გარდა ამისა, აქვთ სხვადასხვა გეგმა და იდეა, თუ რა გზებით შეიძლება აგროვდეს ოპერაციისთვის საჭირო თანხა. ჩემმა მეგობრებმა ამ წამოწყებით იმხელა იმედი მომცეს, რომ მეც ძალიან მოტივირებული გავხდი.
ვისაც გექნებათ დახმარების სურვილი, სალომეს საბანკო ანგარიშის ნომერია:
GE73BG0000000312459000
მიმღები სალომე კვარაცხელია
პირადი ნომერი: 62004025043