დღეიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.
თუმცა, დილიდან მშობელთა დიდი ნაწილი წერს, რომ ვერ რეგისტრირდებიან და არც შესაბამისი კოდი მისდით ტელეფონზე. ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც აღნიშნეს, რომ საიტზე ტექნიკური პრობლემაა.
გთავაზობთ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
"მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის. სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა. შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს".
თამარ იაკობაშვილი