15 წლის გიორგი კვარაცხერლია ჩხოროწყუში, სოფელ მოიდანახეში ცხოვრობს. აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. 2018 წელს ქალაქის ეტალონი მოსწავლე გახდა. სწავლა უყვარს და მე-10 კლასის წარმატებით დასრულების შემდეგ, სიმბოლური საჩუქარი, კომპიუტერი მიიღო. გიორგიმ, თავის გუნდთან ერთად, მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში „მშვიდობის შემქმნელები” მიიღო მონაწილეობა. გუნდის პროექტმა, რომელსაც "ჩემი სუფთა სოფელი" ერქვა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ჟიურისა და მონაწილეების ერთობლივი შეფასებით პირველ ადგილზე გავიდა. გიორგი უფრო ზუსტად გვიყვება, რა იყო მათი პროექტის ძირითადი იდეა და როგორ მივიდნენ გამარჯვებამდე:
- კონკურსის შესახებ ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა თეა კვარაცხელიამ მაცნობა. დავინტერესდი და ვიფიქრე, წარმედგინა ისეთი პრობლემა, რაც ჩემს სოფელს აწუხებდა. შევქმენი ჯგუფი. ჯგუფში 6 მონაწილე ვიყავით: მე, ელენე როდონაია, ელენე კვირკველია, მონიკა წურწუმია, ბექა ყალიჩავა და ნიკოლოზ ხორავა. გუნდის ლიდერი მე ვიყავი. შეხვედრები პლატფორმა Zoom-ის საშუალებით შედგა. საქართველოდან მხოლოდ ჩვენი პროექტი იყო გატანილი, ხოლო მსოფლიოდან 11 სხვადასხვა ქვეყანის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია. მონაწილეობდნენ რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, კორეადან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. სამი გამარჯვებული უნდა დასახელებულიყო, ერთი ჟიურის წევრებს უნდა გამოევლინა, მეორე თავად მონაწილეებს, ხოლო მესამე გამარჯვებულს მონაწილეები და ჟიურის წევრები ერთად შეარჩევდნენ. ჩვენს პროექტს ,,ჩემი სუფთა სოფელი" ერქვა და პირველ ადგილზე გავიდა. თქვეს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. დაგვიფინანსეს პროექტი, გადმოგვეცემა სერტიფიკატები და რომ არა კორონავირუსი, კორეაში წავიდოდით და პრეზენტაციას 10 000-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარვადგენდით.
- ხომ არ იგეგმება ონლაინ წარდგენა?
- ორგანიზატორები მოგვაწოდებენ შესაბამის ინფორმაციას და შემდეგ გადაწყდება, ონლაინ წარვადგენთ თუ არა პრეზენტაციას.
- პრეზენტაციის წარდგენის ენა ინგლისური იყო?
- დიახ, ინგლისურად იყო მომზადებული და ინგლისურადვე წარვადგინეთ მე და ბექა ყალიჩავამ.
- მოგვიყევით, როგორ გაჩნდა თქვენი პროექტის იდეა, რას გულისხმობს, რა გააკეთეთ, რომ ამდენი ადამიანის მოწონება დაიმსახურა?
- ბავშვობიდან მაწუხებდა გარემოს დაბინძურების პრობლემა. არ მომწონდა დანაგვიანებული ჩემი სოფელი. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კი იყო ნაგვის ბუნკერების არარსებობა. ამიტომ, მოსახლეობის ნაწილს უწევდა, დაეწვა ნაგავი, ამით აბინძურებდნენ ატმოსფეროსაც. ნაწილი ნარჩენებს მდინარესა და ბუნებაში ყრიდა. როდესაც ასეთი ლამაზი სოფელი გვაქვს, ეს ნამდვილად ცუდი სანახავია. კონკურსში რადგანაც პროექტი უნდა წარგვედგინა, ვიდიქრე, რომ კარგი თემა იქნებოდა. ჯგუფის წევრებმა შევქმენით პრეზენტაცია, დაბინძურებულ ადგილებს სურათები გადავუღეთ და წარვადგინეთ.
- ელოდით თუ არა გამარჯვებას?
- გამარჯვებას არ ველოდით. იმედი გვქონდა, რომ საუკეთესო სამეულში დავსახელდებოდით. ბევრი კარგი პროექტი იყო, რაზეც ვფიქრობთ, რომ იმსახურებდა სამეულში დასახელებას. ჩვენზე თქვეს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
- მხოლოდ გარემოს დაბინძურების თემაზე იყო წარდგენილი პროექტები თუ სხვადასხვა სოციალურ პრობლემასაც ეხებოდა?
- სხვადასხვა თემას ეხებოდა. მაგალითად, ერთი პროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე იყო, ერთ-ერთი კორონავირუსს ეხებოდა. სხვადასხვა სოციალური პრობლემა იყო წარდგენილი, პროექტების სახით.
- რა მიმართულებით აპირებთ, რომ დაფინანსება გამოიყენოთ?
- სოფელში მოვაგვარებთ პრობლემას და დავდგამთ ნაგვის ბუნკერებს. ასევე, მერიაში შევიტანთ განცხადებას, რომ როდესაც დადგამენ ბუნკერებს, კვირაში ორჯერ მაინც დაცალოს მანქანამ.
- ზოგადად, რას ფიქრობ გარემოს დაბინძურებაზე?
- ვფიქრობ, გარემოს დაბინძურებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში ნაგვის ბუნკერები ან საერთოდ არ არის, ან კიდევ არასაკმარისი რაოდენობითაა. მოსახლეობასაც არ აქვს პრობლემა კარგად გაცნობიერებული. ამიტომ, აუცილებელია ყველა ერთად მოვუფრთხილდეთ ბუნებას.
თამარ იაკობაშვილი