ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. კარგია, თუ სწორედ ასეთ დროს გვერდით გვეყოლება ადამიანი, რომელსაც უპირობოდ შეეძლება ჩვენი მხარდაჭერა.
მეთიუ და ჰალი ტენანტები ამ წლის დასაწყისში დაქორწინდნენ და ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ. წყვილი პატარა, ავსტრიულ ქალაქ ვიქტორიაში ცხოვრობს. ხშირად სეირნობდნენ და დროს ერთად კარგად ატარებდნენ.
ერთ-ერთ შაბათ-კვირას მეთიუმ და ჰალიმ ბუნებაში გადაწყვიტეს გასეირნება. ცეცხლი დაანთეს, შეზლონგებზე დაწყვნენ და რაღაც მომენტში ორივეს ერთად ჩაეძინა. კარგია, რომ მეთიუმ მალევე გაიღვიძა.
გაძლიერებული ქარის გამო, ცეცხლის ალი იქვე მწოლიარე ჰალისკენ მიემართა და უეცრად წაეკიდა. ქალმა ტკივილისგან გონება დაკარგა.
მეთიუმ ცეცხლი წყლით მალევე ჩააქრო და ცოლი საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, გადაერჩინათ ქალის სახე, კისერი და გულ-მკერდი. მათ მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახერხეს და ამიტომ, ჰალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, უმაღლესი კლასის ქირურგებმაც კი ვერ მოახერხეს ქალისთვის ადრინდელი გარეგნობის დაბრუნება.
"არ მახსოვს, მტკიოდა თუ არა. მხოლოდ მეთიუს ვთხოვდი, რომ ვყვარებოდი, ყველაფრის მიუხედავად. მანაც პირობა მომცა, რომ ასე იქნებოდა", - განაცხადა ქალმა ბრიტანულ გამოცემასთან.
ჰალის ქმარს მისი დატოვება არც უფიქრია. პირიქით, მხარს უჭერს და მუდმივად ზრუნავს მასზე, როდესაც ქალს მრავალრიცხოვანი ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოს დატოვების უფლებას აძლევენ ხოლმე.
ჰალიმ კანის გადანერგვის ათამდე ოპერაცია უკვე გადაიტანა და მას ჯერ კიდევ ხანგრძლივი გზა აქვს გასავლელი.
"ჩემს მდგომარეობაში ყველაზე რთული ისაა, რომ პიროვნული თვისებები სამუდამოდ არ დაკარგო. გარეგნობის გარეშე რთულია გააცნობიერო, ვინ ხარ. კარგია, რომ ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ჩემი ესმით. ჯერჯერობით, მე მხოლოდ ერთი უარყოფითი კომენტარი მოვისმინე, როდესაც კაცმა ჩემზე თქვა, რომ ზომბს ვგავარ," - ამბობს ტენანტი.