"ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი... იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები"

შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის ისინიც, ვისთვისაც საავტობილო გზები და ტრანსპორტის პრობლემები ყოველდღიური საქმიანობის სფეროა. 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ავარიაში გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს და საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე წერს.
"დიდი ხანია ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა, ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება "შავი წერტილების" აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ა.შ.
და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ
ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას.
იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!
გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ყოველ წელს 500 დაღუპულზე და ათასობით დასახიჩრებულ ადამიანზე. და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ "ავარიაში გარდაიცვალა" ეს ცხოვრების ნორმაა, უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი!" - წერს დავით მესხიშვილი.
347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები