თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.
რატიანის განცხადებით, 2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.
„გუშინ შემოიყვანეს 3 მდედრობითი სქესის პაციენტი. გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის კრიტიკული. 2 მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპამდე მედიკამენტური გზით ნარჩუნდება.
"სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში გამოწვეულმა ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-განაცხადა რატიანმა.