23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
როგორც შევიტყვეთ, შემზარავი ავტოავარიის დროს დაღუპულ 17 ადამიანს შორის არის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი, ნუცა ყანადაშვილი.
ლაშა თურმანიძე, ტურისტული კომპანია "ივერ ტურის" წარმომადგენელი:
- ნუცას ახლო არ ვიცნობდი, მეგობრებში მყავდა და გვქონდა მიმოწერა. მეც ვაპირებდი ტურის მოწყობას გუშინ, მაგრამ უამინდობის გამო გადავდე. ვერიდები ხოლმე ასეთ ამინდებში ტურის მოწყობას. ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდო - მეთქი, მეგონა, არ წავიდოდა, წასულა მაინც.
გუშინ "ფეისბუქზე" ხევსურეთში ყოფნისას დაწერა: "ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ძალიან ვწუხვარ.
“17 ადამიანს შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურისტი ნუცა ყანადაშვილი და ჩემი კოლეგა სერგო გორლიუკოვია. რთულია სიტყვების მოძებნა, ძალიან დიდი გულისტკივილია ეს ყველაფერი..." - წერს ტურისტული კომპანია “გაიცანი საქართველოს” ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე. განაგრძეთ კითხვა