" არსად დავდივარ, მაგრამ ასე უნდა ვიყო გამოწყობილი, იმიტომ, რომ ჩემთან სულ ვიღაც მოდისო" - ნანი ბრეგვაძე მისაბაძ ქალბატონებს იხსენებს - მშობლები

" არსად დავდივარ, მაგრამ ასე უნდა ვიყო გამოწყობილი, იმიტომ, რომ ჩემთან სულ ვიღაც მოდისო" - ნანი ბრეგვაძე მისაბაძ ქალბატონებს იხსენებს

2020-08-27 07:19:58+04:00

არსებობენ ვარსკვლავები და არსებობენ ლეგენდები. ქართული სცენის ლეგენდა­ ნანი ბრეგვაძე 84 წლის გახდა. დაბადების დღეს მომღერალი ზღვაზე შეხვდა ოჯახის წევრებთან ერთად. "კვირის პალიტრა" ულოცავს ქალბატონ ნანის დაბადების დღეს. ინტერვიუში მის განვლილ დღეებზე, შეხედულებებზე, ძვირფას ადამიანებსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.

- გარდა იმისა, რომ უზადო შემსრულებელი ბრძანდებით, ბევრისთვის ყველაზე გემოვნებიანი და მისაბაძი ქალბატონიც ხართ.

- დიდი მადლობა. ჩემზე უკეთესი და გემოვნებიანი ახალგაზრდები მოდიან, თუმცა­ ჩემს დროსაც ბევრი იყო ასეთი. მარტო ჩაცმით ხომ არ გამოიხატება გემოვნება! გემოვნება ჩანს საქციელში, მანერებში... ყველას საკუთარი თავი ჰგონია გემოვნებიანი და თავისი შეხედულებისამებრ­ მსჯელობს.

- თქვენთვის ვინ იყო ან არის მისაბაძი?

- ასეთი ბევრი ადამიანია. მაგალითად, ჩემი დეიდები. ერთ-ერთს არისტოკრატული,­ დიდებული სილამაზე ჰქონდა. ისე მომწონდა, ვგიჟდებოდი! ბავშვობაში მამსგავსებდნენ. ეუბნებოდნენ, გოგოლა, შენ გგავს ეს ბავშვიო. ამაზე ხუმრობით პასუხობდა, თავი მოვიკლა, თუ რა ვქნაო? მსახიობი გოგოლა კალანდაძე დეიდაჩემის შვილიშვილია.

ჩემთვის მისაბაძი იყო ნინო რამიშვილი. ჩვენი და მათი ოჯახები ახლობლობდნენ. თენგიზ სუხიშვილი იყო უსაყვარლესი ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება. ნინასთან თითქმის ყოველდღე დავდიოდი. ან რა შესახედავი იყო, ან როგორი ჭკვიანი, როგორი დიდებული, როგორ­ ეცვა სახლშიც კი!.. "სადმე მიდიხართ, დეიდა ნინა?" - ვკითხავდი ხოლმე. ადამიანო, გაიგე, რომ არსად დავდივარ, მაგრამ ასე უნდა ვიყო გამოწყობილი, იმიტომ, რომ ჩემთან სულ ვიღაც მოდისო.

ჩემთვის განუმეორებელი იყო ეს ორი ქალბატონი - დეიდაჩემი და ნინა რამიშვილი. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა დედაჩემმაც - სულ კარგად ჩაცმული დავყავდი, არაჩვეულებრივად კერავდა. მერე მამა ირანში მუშაობდა და იქიდან გვიგზავნიდა ლამაზ ფეხსაცმელს, საკაბეებს.

1964 წელს პირველად მოვხვდი პარიზში. მაშინ ძალიან მოდური იყო ფილმი "შერბურის ქოლგები". მასში კატრინ დენევის გმირს შესანიშნავი ვარდისფერი პალტო აცვია. ვგიჟდებოდი ამ პალტოზე და პარიზში ზუსტად ასეთი, ოღონდ ბორდოსფ­ერი შევიძინე. ძვირი იყო, მაგრამ მოვაგროვე ფული... სხვათა შორის, ეს პალტო ნიცაში, სასტუმროში დამრჩა. მერე კანადაში მომიწია წასვლამ. იქ თითქმის ყველა სასტუმროში ფეხსაცმელს საწოლის ქვეშ ვდებდი­ და მერე მავიწყდებოდა... ბევრი რამ მეკარგებოდა, მაგრამ მაინცდამაინც არ ვდარდობდი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ჰონორარი არ გვქონდა - დღეში 5 დოლარს ვიღებდით. წაიკითხეთ სრულად