"დილით ჩემმა შვილებმა ძილში სიცილი დაიწყეს. საოცარია, ერთმა დაიწყო და მეორე აჰყვა. ვუყურებდი და სასწაული შეგრძნება მქონდა", - ამბობს მსახიობი ლელა მებურიშვილი. რა არის მისთვის ბედნიერება, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში. რას თვლის თავის სუსტ მხარედ და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1983 წლის 22 სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ექიმი. მამა ექიმია და როგორც ჩანს, ჩემზე ეს ფაქტორი მოქმედებდა. მქონდა პატარა თეთრი ხალათი, ექიმის ხელსაწყოები, რეცეპტის ფურცლები... მოკლედ, "ექიმობანას" ვთამაშობდი. ამის პარალელურად, სულ მინდოდა მსახიობობაც. ზაფხულობით, როცა არდადეგები მეწყებოდა, დასასვენებლად სადაც უნდა წავსულიყავი მეგობრებთან ერთად, ყველგან სპექტაკლებს ვდგამდი, ხან ბალერინა ვიყავი, ხან თოჯინებს ვათამაშებდი. 12 წლიდან "ბერიკებში" დავიწყე სიარული, მერე ციცინო კობიაშვილი გავიცანი, ის მაშინ თეატრალურის სტუდენტი იყო, მე და ჩემს ძმას საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში გვაკავებდა. ამ სპექტაკლებს მერე ლექტორები ნახულობდნენ და დადებითი შეფასებების მოსმენა ძალიან მხიბლავდა, სტიმულს მაძლევდა. ერთი პერიოდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებასაც ვფიქრობდი, მაგრამ ამ ჯადოსნური აურიდან გამოსვლა ვეღარ შევძელი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ჯიუტიაო. ეს თვისება გარკვეული დოზით მართლაც მაქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი პრინციპები მქონდა. იმ თემაზე, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არანაირ კომპრომისზე არ მივდიოდი. აზრს ვერ შემაცვლევინებდა მოდა, საზოგადოებრივი აზრი, უმრავლესობის ხმა და ა.შ. ეს თვისება დღესაც მაქვს. მაგალითისთვის გეტყვი, ის უსარგებლო საკვები, რომლის მიღებაც ბავშვისთვის არ შეიძლება, ჩემმა შვილებმა არ მინდა მიიღონ, არ მინდა გვიან დაიძინონ. არ მინდა გამონაკლისები არსებობდეს, ამას ყოველთვის ჯიუტად გავიტან და ზუსტად ვიცი, ასე რატომ ვიქცევი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...წარმატება ძალიან ზოგადი სიტყვაა. ვიღაცისთვის ჩემი მდგომარეობა სრულებით არ არის წარმატებული და შესაძლოა, ვიღაცას ძალიან წარმატებულად მივაჩნდე. თეატრალურს რომ ვამთავრებდი, თეატრალურ სარდაფში ვთამაშობდი. კარგ სპექტაკლში მთავარ როლს ვასრულებდი. მაშინ სამწუხაროდ, მსახიობები თეატრიდან პოპულარულები ვერ ხდებოდნენ. სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე ჩემი ასაკის მსახიობი, გუდაურში წავედით. იქ სასტუმროში სადილობისას, ვიღაცამ მიცნო, - ეს ის გოგო არ არის, სპექტაკლში რომ თამაშობს, როგორ მომწონსო. ძალიან მესიამოვნა. საოცარი შეგრძნება იყო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...დავიბადე ჩემი მშობლების ოჯახში, მყავს არაჩვეულებრივი ძმები; ბედნიერებაა რომ მყავს კარგი მეუღლე, შვილები. ძალიან გამიმართლა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ინსტიტუტში სწავლის დროს, ყველა ვინც გამიღიმებდა, თბილ სიტყვას მეტყოდა, მეგონა, ჩემდამი ყველა დადებითად იყო განწყობილი, მგულშემატკივრობდა და ჩემი წარმატება ახარებდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, ეს ასე არ არის, შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს. ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე. ადამიანებს, ისინი ძალიან ახლობლები თუ არ არიან, ემოციებს ნაკლებად ვუზიარებ. სოციალურ ქსელშიც არ ვაქტიურობ. არ ვთვლი, რომ ეს კარგი თვისებაა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...სხვადასხვაგვარი განცდა მაქვს. შიში მეუფლება ვირუსების და არეული სამყაროს გამო, მაგრამ ამ შიშის დათრგუნვას სულ ვცდილობ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ვერ ვაკონტროლებ და წინასწარ ღელვას აზრი აქვს? ეს განცდა ცოტათი მამშვიდებს. ვცდილობ, ყოველი დღით დავტკბე, რაღაც კარგი დავინახო, თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოვიყენო, საყვარელ ადამიანებთან და შვილებთან საურთიერთოდ. ბავშვებს ვასწავლო, ბედნიერი, ლაღი, სიცოცხლით სავსე ადამიანები იყვნენ.
- ვამაყობ...
- ...ოჯახით, მშობლებით, ძმებით, მეუღლით. იმედია, მომავალში ჩემი შვილებითაც ვიამაყებ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...2 საათის წინ. ხშირად არ ვტირი, მაგრამ ჩემს შვილებთან დაკავშირებით ძალიან ემოციური ვარ. ბავშვები რომ ტიროდნენ, მეც ამეტირა. განაგრძეთ კითხვა