მსახიობ ნინო მუმლაძეს მაყურებელი კარგად იცნობს. ნინომ ჟურნალ "გზასთან" თავის ოჯახსა და ბავშვობაზე ისაუბრა და ბევრი რამ გაიხსენა.
უმცროსი და...
- ჩემს დაზე 4 წლით უფროსი ვარ. ძალიან მინდოდა და ან ძმა მყოლოდა, უფრო - დაიკო, რომელთან ერთადაც ვითამაშებდი. იმ ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ახალდაბადებული ბავშვი პატარა იქნებოდა და მოლოდინი მაშინ გამიცრუვდა, როცა მედეა პირველად დავინახე. ფუმფულა და საყვარელი კი არა, მჩხავანა იყო, გრძელ თხელ თითებზე დაჭმუჭნილი კანი ჰქონდა. არანორმალური აგრესია გამიჩნდა. ის სულ ტიროდა და უვლიდნენ, მე კი ამას განვიცდიდი. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ ტუალეტში ჩამერეცხა. ვერაფრით შემაყვარეს, ეგოისტურად განვეწყვე. ერთ დღესაც ნათესავი გვესტუმრა, მას სიტუაცია აუხსნეს. წასვლისას ამ კაცმა გაზეთი მოითხოვა. რად გინდაო? - ჰკითხეს. - დეა გადამიხვიეთ, უნდა წავიყვანოო. დავიძაბე, რას ნიშნავს ჩემი და "კალბასივით" გადახვეული წაიყვანოს? არსადაც არ გაგატან-მეთქი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემიანია და შევიყვარე...
უფროსი კი ვიყავი, მაგრამ დეას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ეს გამორიცხული იყო. ჩემი და საზიზღრად იქცეოდა, მთელი სახლი აკლებული ჰქონდა. როცა სახელს ეკითხებოდნენ, "ბანდიუნგა" ვარო, ბანდიტს ვერ ამბობდა. თუ ვეჩხუბებოდი ან რამე პრეტენზია მქონდა მის მიმართ, სიტყვების მარაგი თუ არ ეყოფოდა, აიღებდა პლასტმასის თოჯინას და თავში მირტყამდა (იცინის). მუდამ "სინიაკებით" დავდიოდი. მე რომ ვცემდი, მეუბნებოდნენ, პატარაა და რამე არ დაუზიანოო, სამაგიეროდ, იმას ვყავდი "გაგდებული". ჩვენს სახლში ოთახები ისეა განლაგებული, რომ შეგიძლია წრე დაარტყა. ასე ოთახიდან ოთახში წრეზე დავრბოდი და ის საცემრად დამდევდა. განსაკუთრებით მწარედ ერთი მომენტი მახსოვს: მწერების ცოტა მეშინია, ჩემს დას - არა. ერთხელ დედა მაღაზიაში ჩავიდა, მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგვტოვა. მე ვარ 8 წლის, დეა - 4-ის. უკან მობრუნებულ დედას ისეთი კივილი ესმის, ქალს ლამის გული გაუსკდა. სასწრაფოდ აღებს კარს და რა სცენას ხედავს? დეას ხელში ბუზი უჭირავს და უკან დამდევს, მე გავრბივარ და ვკივი. თუმცა, ერთხელ, ძალიან გავბრაზდი და ისე დავარტყი, რომ კბილი ამოვუგდე - მაინც გამოსაცვლელი ჰქონდა და (იცინის)...
5 ქალი ოჯახში...
- სახლში 5 ქალი ვცხოვრობთ: მე, დეა, დედა, დეიდა და ბებია. როცა ცხელა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახლში ჩაცმულები არ დავდივართ. თუ ადამიანმა წინასწარ არ დაგვირეკა და არ გაგვაფრთხილა, რომ მოდის, შეიძლება კართან ლოდინი კარგა ხანს მოუხდეს. კარზე კაკუნის დროს იწყება პანიკა: მიდი, შენ გააღე, მანამდე გამოვიცვლი; - არა, შენ მიდი, უფრო ჩაცმული ხარ... ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის. ასე დავრბივართ და მინიმუმ 15 წუთი სტუმარი კართან გველოდება. ბოლოს შევიმოსებით და კარსაც ვაღებთ. რაც შეეხება სამზარეულოში ტრიალს: კონფლიქტი არ გვაქვს, პირიქით - ოღონდ ვინმე შევიდეს (იცინის). როცა ხასიათზე ვარ, ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს. ძირითადად, საუზმეს დედაჩემი ამზადებს, ხოლო კერძებზე ერთმანეთს ვენაცვლებით, ხან ვინ აკეთებს, ხან - ვინ.
ნიჭიერი და აქტიური ბავშვი
- საბავშვო ბაღში არ მივლია, 2 წლიდან მასწავლეს წერა-კითხვა. 4-ის ვიყავი, როცა ხელოვნების სკოლაში რამდენიმე წრეზე შემიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი უარზე იყო, ჩვენ 6-7 წლის ბავშვებს ვიღებთო. უთხრეს, რომ წერა-კითხვაც ვიცოდი, სიმღერაც და ცეკვაც. - კარგი, მოიყვანეთ გასაუბრებაზეო. შევედი გამართულად. დედამ გამაფრთხილა, დიდივით უნდა მოიქცეო. პირველი კითხვა იყო: ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? პასუხად დედას ან მამას ელიან, მე კი ვპასუხობ: მაიკლ ჯეკსონი. სიცილით დაიხოცნენ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდნენ. ვგიჟდებოდი ჯეკსონის რითმებზე, კულულს წინ ჩამოვიგდებდი, შლაპას ვიხურავდი და ვცეკვავდი. გასაუბრებაზე ყველაფერი გავაკეთე, რაც ვიცოდი. თქვეს, ძალიან არტისტული ბავშვია და თეატრალურ წრეზე შევიდესო, მაგრამ ჩემი ოცნება ბალეტი იყო!