თბილისის საბავშვო ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება და მშობლებსა და ბავშვებს შესაძლებლობას აძლებს, ერთ სივრცეში გაეცნონ საბავშვო სფეროში მოქმედ უამრავ ორგანიზაციასა თუ სტარტაპს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და დრო სასიამოვნოდ და შემოქმედებითად გაატარონ. ისარგებლონ სხვადასხვა უფასო სერვისით და დაესწრონ მასტერკლასებს. საბავშვო ფესტივალი წელს მუშტაიდის ბაღში გაიმართება. იდეასა და სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად ფესტივალის ორგანიზატორი ელენე მარგიშვილი გვიყვება:
- ფესტივალის ორგანიზატორების მიზანი იყო ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემო შეგვექმნა და გვეზრუნა მათ განვითარებაზე. გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც მშობლები შეძლებდნენ ჯანმრთელობის, განათლების, სპორტისა თუ სხვა საჭირო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, ბავშვებს კი ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ ერთი დღის მანძილზე სსხვადასხვა სახის გასართობი თუ ინფორმაციული სერვისები უფასოდ მიეღოთ. თბილისის საბავშვო ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება. ფესტივალში მონაწილეობს უამრავი კომპანია და სტარტაპი. ამ დღეს საბავშვო პროდუქციასა თუ სერვისებზე დიდი ფასდაკლებები ცხადდება.
ფესტივალი შაბათს, 5 სექტემბერს, მუშტაიდის ბაღში 12 საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. აქ მოსულ ბავშვებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საშაბათო თუ საკვირაო სკოლის ვორქშოფებში, აითვისონ პროფესიონალებისგან სხვადასხვა საქმე. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კონსულტაცია მიიღონ ფსიქოლოგებისგან, სტომატოლოგიური კლინიკებისგან, დერმატოლოგებისა თუ სხვადასხვა პროფილის ექიმისგან. ხაზგასასმელია ის, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება. შედარებისთვის, თუ პირველ წლებში თავად ორგანიზატორებს გვიწევდა მონაწილეების მოძიება, ახლა თავად მოგვმართავენ. წელს 110 მონაწილე გვყავს. 5 ზონა იქნება წარმოდგენილი. ესენია: სტარტაპის, ჯანმრთელობის, განათლების, სპორტისა და გართობის ზონები. ყველას შეუძლია ბავშვებთან ერთად დახატოს, გაბეროს ბუშტები, სახალისო ექსპერიმენტებში ჩაერთოს და გასართობ ღონისძიებებს დაესწროს. 5 საათზე ჯგუფი "მარტივი გამოსავალი" გამოვა კონცერტით, რის შემდეგაც დავემშვიდობებით ჩვენს სტუმრებს. მესამე წელია ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია და ასევე მესამე წელია ფესტივალის მეგობარია "თიბისი". აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი ღონისძიება საბავშვო მიმართულებით, რომელიც ასეთი მასშტაბითა და შინაარსით ტარდება. გარდა ამისა, ფესტივალი იმართება იმისათვისაც, რომ საბავშვო სფეროში მოღვაწე მეწარმეებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს ხელი შევუწყოთ, რომ ხალხმა მათ შესახებ უფრო მეტი გაიგოს.