ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოსწავლეები 15 სექტემბერს უჩვეულო სიტუაციაში უბრუნდებიან სწავლას. მშობლები იმედოვნებენ, რომ სკოლაში დაბრუნება მნიშნელოვანი შვება იქნება როგორც მათთვის, ისე ბავშვებისთვის. ისინი შეძლებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აქტიურ ცხოვრებას, სამსახურებს და ა.შ. თუმცა სპეციალისტები კორონავირუსის მომავალი აფეთქების საფრთხეზე კვლავ ალაპარაკდნენ.
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებს სპეციალური რეკომენდაციები გაუზიარა. თუმცა შეძლებენ თუ არა სკოლები, მოსწავლეები ყველა რეკომენდაციის პირნათლად დაცვას, ამას დრო გვიჩვენებს. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ირინა ონაშვილს და ხატია სიჭინავას. მათ საკუთარი შეხედულებები და მოლოდონი გაგვიზიარეს.
ირინა ონაშვილი:
- გარკვეულწილად შიშის ფაქტორი მაქვს, მაგრამ სახლში ყოფნა და ზუმით გაკვეთილების პროცესში ჩართვა უკვე გაუსაძლისი იქნება. საკმაოდ რთული იყო ეს პერიოდი ჩვენთვის და რთულად გადავიტანეთ. დისტანციურად ბავშვები ვერ მიიღებენ იმ ცოდნას, რაც უნდა მიიღონ. პედაგოგის და ბავშვის კომუნიკაცია, სასწავლო პროცესი სულ სხვა შედეგს იძლევა. დიდი იმედი მაქვს, რომ განახლდება და ჩვეულ რეჟიმში დაიწყება ეს სასწავლო წელი.
ხატია სიჭინავა:
- განსაკუთრებულად ვემზადებით სკოლაში წასასვლელად. ძალიან მინდოდა, სწავლა 1 სექტემბერს დაგვეწყო, მაგრამ არ გამოვიდა. ბავშვებიც განსაკუთრებით ელოდებიან ამ დღეს. ძალიან მოენატრათ მეგობრები, მასწავლებლები, ცოცხალი ურთიერთობები, აქტიური ცხოვრება და ა.შ.
ჩვენს სკოლაში ჰიგიენის ნორმები ისედაც მკაცრად იყო დაცული, ბავშვებისთვის ეს ახალი არ იქნება. ახალი მხოლოდ პირბადის ტარებაა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვეულ რეჟიმში დაიწყება სწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები სხვა გზას მივმართავთ.
მერი ბლიაძე