იტალიის დედაქალაქში მოსახლეობის ნაწილი იმ შეზღუდვებს აპროტესტებს, რაც ქვეყნის მთავრობამ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დააწესა.
"სანიტარული დიქტატურა", "არა ვაქცინას", "არა პირბადეს" - ამ მესიჯებით გააპროტესტეს აქციის მონაწილეებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდინფექციის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები.
რეგულაციების მიხედვით, იტალიაში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, თუ მანამდე ეპიდსიტუაცია არ გაუარესდა. მეტრნახევარი დისტანციით განთავსდება მერხები. სკოლებში ამისათვის მოამარაგეს ერთადგილიანი მერხებით. შეამცირეს მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში, მოითხოვეს ათასობით ახალი მასწავლებელი, რათა დაყოფილ ჯგუფებში გადაანაწილონ, გაახანგრძლივეს სკოლის მუშაობის საათები. მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას უნდა ეკეთოთ ნიღბები, ისე, როგორც მასწავლებლებს, თუმცა შემდეგ, გაკვეთილის პროცესში შეუძლიათ მოიხსნან. აქციის მონაწილეები ამ ყველაფერს მათი უფლებების შელახვად და მთავრობის მხრიდან ზეწოლად აღიქვამენ.
თუმცა არის მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელიც ამ გამოსვლებს კოვიდის მსხვერპლი ოჯახების უპატივცემულობად აფასებს და თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მართული პროცესია.
"დიდი პოლიტიკური ძვრებია ახლა იტალიაში, რეფერენდუმს ელოდებიან და ეს არეულობა მთავრობის წინააღმდეგ ბევრს აწყობს. თან ახლანდელი განათლების მინისტრი არ მოსწონთ და ცდილობენ, მის წინააღმდეგ წავიდნენ".
"ვირუსი არსად გამქრალა. ნეტაც ვინმემ ნათურა ანთოს მათ დაბნელებულ ტვინებში"
"დაავიწყდათ ბერგამოში გარდაცვლილებით სავსე ვაგონები..." - ასე ეხმაურებიან აქცია სოციალურ ქსელში.