2020 წლის 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანი რეგულაციები ამოქმედდა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გვესაუბრა იურიდიული კომპანია „მართალის“ იურისტი, ლალი პეტრიაშვილი, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს საოჯახო მიმართულებით დავების გადაწყვეტაში. მან დეტალურად განგვიმარტა რა ნაწილში შევიდა ცვლილებები.
მშობელს ეზღუდება უფლება ბავშვის ქონება გაასხვისოს
მშობლებს შეზღუდვები უწესდებათ ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ნაწილში. მშობლისთვის ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ასევე სასამართლო თანხმობაა საჭირო 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვის დროს.
ცვლილებებია ბავშვის პირადი ცხოვრების წესის განსაზღვრის ნაწილში
ბავშვს უფლება აქვს აწარმოოს პირადი მიმოწერა და დაუშვებელია პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა. თუმცა ბავშვის პირადი მიმოწერის გაცნობამდე, მშობელს არა აქვს საშუალება, განსაზღვროს თუ რამდენად დასაბუთებული იქნება მისი ჩარევა და მიმოწერის შინაარსის გაცნობა. ამიტომ სრულიად შესაძლებელია მიმოწერის გაცნობის შემდეგ მშობელმა აღმოაჩინოს, რომ მისი ჩარევა და მიმოწერის გაცნობა დაუსაბუთებლად შეიძლება შეფასდეს, ხოლო თავად კანონის დამრღვევად.
ბავშვს უფლება ეძლევა ჰქონდეს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე
ბავშვს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტებს. თუმცა, არ არსებობს წესი, თუ რა სახის ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება შეეზღუდოს ან არ შეეზღუდოს ბავშვს. მაგალითად, შეუძლია თუ არა მას, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი წარმომავლობის შესახებ თუ მისი პერსონალური ჩანაწერები შეიცავს ასეთ მასალებს, თანაც ეს მასალები უკავშირდება სხვა მესამე პირის უფლებას, რომელსაც არ სურს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროვება (გამშვილებელი ან სხვა).
ბავშვს შეუძლია, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს სასამართლოსთან
ბავშვს შეუძლია სასამართლოსთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს. 1 სექტემბრიდან დაინერგება სასამართლოსათვის მიმართვის ფორმები, რომლებიც ადაპტირებული იქნება სპეციალურად ბავშვებისათვის.
იზრდება სოციალური სამსახურის როლი და ჩართულობა
სოციალური სამსახურის უფლებები იზრდება. კერძოდ, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია ბავშვის მშობლისგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღოს თუ ჩათვლის, რომ ეს საჭიროა ბავშვის ინტერესებისათვის. ასეთ დროს, სოციალურ მუშაკს აქვს ორი გზა: 1. მიმართოს სასამართლოს, რომელიც 24 საათში განიხილავს ამ მოთხოვნას, მოიპოვოს ბავშვის განცალკევების უფლება და შემდეგ განაცალკევოს ბავშვი ოჯახისგან ან 2. სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე პირადად მიიღოს განცალკევების გადაწყვეტილება, როცა ეს სასწრაფოა, მაგრამ შემდეგ სთხოვოს სასამართლოს მისი დამტკიცება.
ბავშვის აღზრდა და განათლება
ბავშვს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, რაც გულისხმობს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვით უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციისა და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.
განათლების დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები.
კომპანია „მართალის“ შესახებ: იურიდიული კომპანია „მართალი“ ემხმარება კერძო პირებს სამართლებრივ გადაწყვეტაში. ბოლო ორი თვის მანძილზე კომპანიამ მომსახურება გაუწია 2000-ზე მეტ ადამიანს საოჯახო, ალიმენტის, ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის და ქონებრივი დავების მოგვარებაში. კომპანიის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე www.martali.ge, ტელ: 2 42 07 87, email: martali@martali.ge
R