პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი. ონლაინ სწავლებამ სრულად ჩაანაცვლა სწავლების ტრადიციული ფორმა, ბავშვები თვეების განმავლობაში გამოკეტილი იყვნენ სახლში, იყო კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა ნელ-ნელა ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება, სულ მალე სკოლებში სწავლაც განახლდება. როგორ გადალახა განო მელითაურმა შვილებთან და მეუღლესთან ერთად შიდაიზოლაციის პერიოდი, როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის 4 შვილის დედა და რა მოლოდი აქვს ოჯახს, ამის შესახებ განო თავად მოგვიყვება.
- ძალიან ამაღელვებელი მოლოდინი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა კლასელებს ერთმანეთი არ უნახავთ. ჩვენი გადმოსახედიდან ონლაინსწავლის ყველაზ დიდი დისკომფორტი იყო კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხიც. მე ვთვლი, რომ სწავლების ეს მეთოდი არ იყო შედეგიანი და ნაყოფიერი. როცა მონიტორთან ზის ბავშვი, შეუძლებელია მიიღოს შესაბამისი ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და ცდილობდნენ მოეთოკათ და მობილიზება გაეკეთებინათ ბავშვების. იმედი მაქვს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა.
- როგორ მიმდინარე მოვლენებს, პანდემიას, შიშის ფაქტორი ხომ არ გაქვთ?
- ძალიან ვფრთხილობდი და ვფრთხილობ. განსაკუთრებით მეშინოდა მშობლების გამო, რადგან როგორც იცით, შედარებით ასაკავონ ადამიანებს ურთულდებათ ვირუსი. თან დედას ბრონქიტი აქვს და ძალიან ვფრთხილობდი. წელს ზღვაზე ვერ წავედით, ამის გამო ძალიან ნაწყენები არიან ბავშვები. როცა ოთხი შვილი გყავს, ძალიან რთულია, ამ დროს ჯაჭვური რეაქციით გადაეცემათ ხოლმე ვირუსები. იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, თუმცა ჩემი გარკვეული შეხედულებები მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით.
სიმართლე გითხრათ, ჰიგიენის ამბავში ჩვენთვის დიდად არაფერი შეცვლია გარადა იმისა, რომ პირბადეებით და ხელთათმანით ვმოძრაობდით. ცოტა ვერ ვხვდები სკოლებში რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ უსაფრთხოება დაიცვან, ძალიან მეშინია ამის. საჯარო სკოლებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჰიგიენის მხრივ. აქ უკვე მშობლის ვალია, რომ დაატრენინგოს თავისი შვილი და აუხსნას, როგორ მოიქცეს მოცემულ მომენტში. თუმცა მაინც მგონია, რომ სკოლის ჭკვიანი ხელმძღვანელობა თუ გონივრულად დაგეგმავს პროცესებს, აუცილებლად გაართმევს თავს ამ რთულ პერიოდს. მე ყოველთვის მინდოდა, საჯარო სკოლა კერძო სკოლის სიმაღლეზე ყოფილიყო. ფინანსურად შევძლებდი კერძო სკოლაში მეტარებინა ბავშვები, მაგრამ მაინც საჯარო ვამჯობინე. ყველა უბედურება, რაც გამოვიარეთ, მასწავლებლისთვისაც მაგალითი იქნება, დირექციისთვისაც და მშობლისთვისაც. ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. მშობლებმაც უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები, სოციალური დისტანცია და ა.შ. დამეთანხმებით, პირადი ჰიგიენიდან იწყება ყველა უბედურება. სკოლაში არ უნდა გავუშვათ გაციებული, ვირუსიანი ბავშვი. ერთხელ მაინც რომ დააცემინოს ჩემმა შვილმა, სამი დღე კარანტინში მყავს. ბევრი კი სიცხიან ბავშვს უშვებს სკოლაში და ბაღში.
- ბავშვებმა როგორ გადალახეს შიდაიზოლაციის პერიოდი?
- განსაკუთრებით ვნერვიულობ ჩემს ოთხი წლის გოგონაზე, რომელიც ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. არ არის სწორი, ბავშვმა მარტო მშობლებს და უფროსებს უყუროს. ბავშვს თანატოლები სჭირდება. სულ ვიგონებ რაღაცებს, რომ გაერთონ. რიგრიგობით მოსდიან მეგობრები. ბაღში მიყვანის მეშინია, რადგან კერძო ბაღებში განუკითხაობაა. ჯერჯერობით არ ვიცი, არის თუ არა თბილისში ისეთი ბაღი, რომ ლოლიტას მიყვანა გავრისკო.
კარანტინის დროს თბილისში ვიყავით. იმ დროს ერთადერთი საწარმო ვიყავით, ვინც მუშაობა არ შეწყვიტა. მაქსიმალირად ვცდილობდი ამ ეიფორიაში ჩამერთო ბავშვებიც. სახლში სხვადასხვა აქტივობას ვიგონებდით, ვთამაშობდით, ვდგამდით სპექტაკლებს, ვსეირნობდით სუფთა ჰაერზე და ა.შ. თუმცა როგორც არ უნდა ეცადო, მაინც ძნელია იზოლაცია.
- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, ხართ მრავალშვილიანი დედა. როგორ ახერხებთ, ყველაფრისთვის სათანადო დრო გამონახოთ?
- მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. ადამიანები, რომლებსაც მაქსიმალურად შეუძლიათ თანადგომა. მყავს მეორე ნახევარი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთად ყველა დაბრკოლება გადავლახოთ და წინ წავიდეთ. ჩვენ ერთად ვხელმძღვანელობთ ჩვენს ფაბრიკას. ბავშვების აღზრდაში ძალიან მეხმარება. ერთი დღესასწაულია ჩვენი ყველას ერთად ყოფნა. საოცარ თავგადასავლებს ვიგონებთ ხოლმე. რენე ხომ ჩვენი საუკეთესო „გასართობია“.
- წრეებზე თუ აპირებთ ბავშვების მიყვანას?
- კი, მინდა წრეებზე მიყვანა. ტასო უკვე დიდი გოგოა. გვინდა, რომ ერთად ვივარჯიშოთ. ჩემი მეუღლე ყოფილი სპორტსმენია და სულ ცდილობს, რომ გვავარჯიშოს და გამოგვაყოფინოს ამისთვის დრო. თარაშს სახლში ავარჯიშებს კრივში. გვინდა, რომ სპორტული ცხოვებით ვიცხოვროთ. ვოცნებობდი, მალე გახსნილიყო სივრცეები, რომ ბავშვები მიმეყვანა. ასევე ვეძებდი კერძო ტრენერს, რომელიც ღია სივრცეში, ჰაერზე გვავარჯიშებდა, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა. ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მე და ბავშვს ერთად გვავარჯიშებს. კახა ძალიან დაკავებულია, თორემ მასზე უკეთეს ტრენერს ვერ ვიშოვით. ცეკვაზე და ცურვაზე მინდა ტასოს მიყვანა. ძალიან მოსწონს „ბრეიქ დანსი“ და უნდა სწავლა.
- რენესთვის ეძებდით ძიძას. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძიძა, რომ თქვენი შვილი ანდოთ?
- არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავდა რენეს. რატომღაც ისე მოხდა, რომ დავდექით საჭიროების წინაშე და დავრჩით ძიძის გარეშე. დღეს მე, კახას უმცროსი შვილი და ტასო ერთად ვატარებდით გასაუბრებას. რაიმე განსაკუთრებულ კრიტერიუმს არ ვითხოვ. მთავარია სიყვარული, მზრუნველობა და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს. ძალიან არ მიყვარს, როცა ძიძებს სხვადასხვა საქმეს ავალებენ. მისი ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს რენე და მხოლოდ რენე.
მერი ბლიაძე