26 წლის ეთერ მეტივიშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ივნისს გარდაიცვალა. მას შემდეგ ოჯახი შვილის გარდაცვალებაში საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. ოჯახმა საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, ასევე იჩივლა რეგულირების სამსახურში და მიზეზების გამოძიებას ითხოვს. მათი მტკიცებით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ოპერაცია დარღვევებით ჩაუტარდა, ექიმების დაშვებული შეცდომის გამო სეფსისი განვითარდა, მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა.
ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში რამდენიმე დღეში ებრძოდა სიკვდილს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ექიმების გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს შეეწირა მათი შვილის სიცოცხლე და სასწრაფოდ ამ ექიმებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
გიული შატაკიშვილი, გარდაცვლილი გოგონას დედა:
- 18 ივნისს ჩემი შვილი ცუდად გახდა და კენჭის შეტევით გორის საავადმყოფოში სასწრაფოთი მივიყვანეთ, თუმცა იქიდან თბილისში გამოგვიშვეს, რადგან კორონავირუსის გამო კლინიკა დაკეტილი იყო. გვითხრეს, რომ იქ ვერ გააკეთებდნენ ოპერაციას. სადინარში კენჭი ჩაჭედილი ჰქონდა, ასევე ნაღველი იყო ამოსაღები. საშინელი ტკივილები ჰქონდა. გორში ექიმმა მირჩია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ გიორგი ბოჭორიშვილთან მივსულიყავით, მისი ტელეფონის ნომერიც მოგვცა და ჩვენი მანქანით წამოვიყვანეთ სასწრაფოდ თბილისში.
გზაშიც გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. გზიდან ექიმ ბოჭორიშვილს დავურეკე და ვუთხარი ჩვენი მდგომარეობა, მითხრა, კლინიკაში მორიგე ექიმი დაგხვდებათ და მეც მალე მოვალო. მართლაც რომ მივედით, თვითონაც მალე მოვიდა, გასინჯეს ჩემი შვილი, ექოსკოპიაც გაუკეთეს და სასწრაფოდ საოპერაციოდ შეიყვანეს.
ოპერაცია დასრულდა და გვითრეს ნარკოზიდან გამოვიდაო, მაგრამ ნახვის უფლებას არავის გვაძლევდნენ კარანტინის გამო. თბილისში დასარჩენი არ გვქონდა და გვიან ღამით გორში დავბრუნდით. ხუთშაბათს გაუკეთდა ოპერაცია ჩემს შვილს და ექიმმა გვითხრა, შაბათს გავწერთ კლინიკიდანო. თანხა გვქონდა გადასახდელი, ექიმმა პარასკევს დაგვირეკა, თანხა ჩამოიტანეთო. ჩემს შვილს ოპერაციის მერე "სკაიპით" ვეკონტაქტებოდი, მეორე დღეს, პარასკევს ფეხზე წამოაყენეს და ოთახში გაატარეს, მაგრამ ჩემი შვილი მეუბნებოდა სიცხეები მაქვს და ტკივილებიო, მეგონა, ეს ოპერაციის შემდგომი ტკივილები იყო. ექიმებსაც ეუბნებოდა იგივეს, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. პარასკევს დამძიმდა მდგომარეობა, მითხრა, - დედა, ცუდად ვარ, ლაპარაკის თავიც არ მაქვსო. შაბათი რომ გათენდა, მაშინვე დავურეკე, - არ ჩამოხვიდეთ, არ მწერენ კლინიკიდანო, ცოტა ხანში ისევ დამირეკა, სასწრაფოდ ჩამოდითო. ჩამოვედით და კლინიკიდან გაწერის ნაცვლად, ჩემი შვილი ხელახლა შეიყვანეს ოპერაციაზე, გვითხრეს, ახალი დრენაჟი უნდა ჩავაყენოთო. მაშინ არ ვიცოდი ჯერ სეფსისი თუ ჰქონდა დაწყებული და მისი ორგანიზმი მოწამლული იყო. ძლივს მელაპარაკა რამდენიმე წუთით, ვიდრე გონებაზე იყო. 5-ის ნახევარზე შეიყვანეს ოპერაციაზე, 4 საათი არაფერი ვიცოდით. სამი ექიმი იყო ჩართული: გიორგი ბოჭორიშვილი, თამარ გოგიჩაიშვილი და ლაპარასკოპისტი გიორგი სიჭინავა.
პასუხს არავინ გვაძლევდა, ბოლოს გვითხრეს, სიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ სტაბილურიო, სეფსისია წასული და ოპერაციის დროს გულიც კი გაუჩერდა და ავუმუშავეთო. თვალი გაახილა ნარკოზის მერე მეთქი? - მიპასუხეს, კი, მაგრამ ხელოვნურად დავაძინეთ, კომაში შევიყვანეთო. ისევ არ გვიშვებდნენ მის სანახავად კარანტინის გამო, შევთავაზეთ სხვა კლინიკიდანაც მოვიყვანდით ექიმს, ან სხვა კლინიკაში გადავიყვანდით, ან სადმე საზღვარგარეთაც წავიყვანდით, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ სიცოცხლის მაჩვენებელი დაბალია, ყველაფერს ვუკეთებთ და ამ ეტაპზე არავინ არ არის საჭიროო. ვერ მოვისვენეთ და მეორე დღეს მაინც მოვიწვიეთ სხვა ექიმები, რადიოლოგიც მოვიყვანეთ და მან გვითხრა, ძალიან რთული მდგომარეობააო. ისეთი გულგრილი დამოკიდებულება იყო ცენტრალურ საავადმყოფოში, მსგავსი არსად მინახავს, პასუხსაც კი არ გვაძლევდნენ ნორმალურად, მათი გულგრილობის გამო პატრულიც კი გამოვიძახეთ.
ვითხოვდით სურათები მაინც გადაეღოთ, რომ გვენახა რა მდგომარეობაში იყო ჩვენი 26 წლის გოგო. დიდი ბრძოლის მერე რეანიმაციაში შემიყვანეს, უკვე სილურჯეები ჰქონდა დაწყებული ჩემს შვილს. თამარ გოგიჩაიშვილს ვკითხე სილურჯეები რატომ აქვს-მეთქი, ჟანგბადის ნაკლებობაა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთო. საშინელება ვნახე, შავი იყო ბავშვის კიდურები, მტევნები, თითები. სილურჯეები ჰქონდა მთელ ტანზე და წყლულები რომ დავინახე, ვკითხე ეს რატომ აქვს-მეთქი, სიცხის გამო ცივ ყინულებს ვადებდითო, ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს მაძლევდნენ, ხან ამბობდნენ ფეხებს ვუთბობდითო. ფაქტობრივად, მკვდარი ესვენა ჩემი შვილი. დიდი ხანი ვიყავი რეანიმაციაში, ვტიროდი და ჩემს შვილს ვეფერებოდი. ფეხები გაციებული ჰქონდა. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ შვილი აღარ მყავდა. მერე ჩემი მეუღლე და სიძეც ავიდნენ, დაშოკილები გავიდნენ გარეთ. უკვე გარდაცვლილი იყო, უჯრედები მკვდარი ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ, როგორც კი ლიმიტი ამოიწურა, მითხრეს, რომ შვილი აღარ მყავდა.
განადგურებული დედა ვარ, მას მერე ვითხოვ სამართალს და დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ მომიკლეს შვილი. უდავოა, კენჭი რომ ამოუღეს სადინარიდან ჩავიდნენ იქ ლაპარასკოპიის აპარატით და ამ დროს ეტყობა ჩაეჭრათ სადინარი, დაუშვეს შეცდომა, ეს გამოეპარათ, არ მიაქციეს ყურადღება და პერიტონიტი განვითარდა, იდინა სისხლმა მთელ ორგანიზმში და ჩემი შვილი მოიწამლა ექიმების დაუდევრობით. განაგრძეთ კითხვა