"სახლში 7 და-ძმა ვცხოვრობდით, ირგვლივ სულ ჟრიამული იყო" - ცნობილი ქართველი იუთუბერის წარმატების საიდუმლო და რჩევები მშობლებს
"სახლში 7 და-ძმა ვცხოვრობდით, ირგვლივ სულ ჟრიამული იყო" - ცნობილი ქართველი იუთუბერის წარმატების საიდუმლო და რჩევები მშობლებს
გიორგი დანელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული"იუთუბერია" საქართველოში. მის არხზე განთავსებულ სხვადასხვა შინაარსის ვიდეოს ათი ათასობით ნახვა და გამოხმაურება აქვს. მისი ვიდეოები ბავშვებისთვისაც ძალიან საინტერესოა. გიორგი მრავალშვილიან ოჯახშია გაზრდილი. გვიყვება, რა პლუსები და მინუსები აქვს ამ ყველაფერს. ასევე, გვიზიარებს, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როდესაც მათი შვილი იუთუბზე რეგისტრირდება:

mshoblebi
- დიდ ოჯახში გაზრდას პლუსები უფრო მეტი აქვს, ვიდრე მინუსები, თუმცა ამას როცა იზრდები, შემდეგ უფრო კარგად ხვდები. პატარაობიდანვე, როდესაც სახლში 7 და-ძმა ვცხოვრობდით, ირგვლივ სულ ჟრიამული იყო. ადრე, რა თქმა უნდა,მუდმივად იყო
ბავშვური მომენტები და ალბათ მაშინ რომ გეკითხათ, შეიძლება მეთქვა, რომ ნაკლები და-ძმა სჯობს, რადგან ბავშვობაში სულ ვჩხუბობდი, როდესაც სახლში ნივთებს სადაც დავდებდი, ისევ იქ არ მხვდებოდა. თუმცა ახლა ვაცნობიერებ, რომ ვართ ძალიან დიდი სიმდიდრის პატრონები, რადგან გვყავს ერთმანეთი და გვაქვს ამხელა ოჯახი.

ერთ-ერთი პოპულარული ვიდეო და-ძმებთან ერთად:

- თქვენი აუდიტორიის არც ისე მცირე ნაწილს ბავშვები შეადგენენ. რა იზიდავს მათ ყველაზე მეტად?

- საინტერესო კითხვაა, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, თუმცა ალბათ პასუხია გულრწფელობა - ანუ ყოველთვის ვარ ის, რაც ვარ და არასდროს ვთამაშობ. კიდევ ერთი მიზეზი ასევე შეიძლება ისიც იყოს, რომ ხშირად ჩემშიც პატარა ბავშვი ავლენს თავს, რომელიც რაღაცებს აკეთებს იმის გამო, რომ მოსწონს ან აინტერესებს. შესაბამისად,
ჩემი ბავშვური სურვილების ასრულების პროცესში ისინი ჩემთან უფრო მეტ ემოციურ კავშირს პოულობენ.

- დღეს ყველას უნდა, რომ იუთუბზე პოპულარული გახდეს, რა არის სინამდვილეში ამისთვის საჭირო? რა ბონუსები ახლავს იუთუბზე პოპულარობას?

- დიახ, ნამდვილად ასეა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ბავშვებისთვის სასურველი პროფესიების ჩამონათვალში იუთუბერობა პირველ ადგილზეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მიღწევა მარტივი არ არის. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ბევრი მუშაობა და ვიდეოების რეგულარულად დადებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. ასევე, საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა და ახალი, განსხვავებული რაღაცის კეთება. ხშირად ადამიანები მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ ვიდეოს და ფიქრობენ, რომ სხვასაც უნდა მოსწონდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ კონტენტის შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანია თავი ჩვენი მაყურებლის ადგილას წარმოვიდგინოთ და გავიგოთ, რა აინტერესებთ მათ. რაც შეეხება "ბონუსებს", მსოფლიო მასშტაბით ეს დიდ ფინანსებთან და ხალხის სიყვარულთან ასოცირდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ მეორე ნაწილით შემოვიფარგლებით. მაგრამ, სწორედ ეს არის ის გრძნობა, რომელიც ყველაფრის მოტივაციას გიორმაგებს.

mshoblebi

- ქუჩაში ალბათ გცნობენ. როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე?

- როდესაც ქუჩაში ხალხი პოზიტიურად გეხმაურება, ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ, რომ რაღაც კარგს აკეთებ. რა თქმა უნდა, არის ძალიან არაერთგვაროვანი შეხვედრებიც - მაგალითად, ძალიან ხშირად შევუშინებივარ, როდესაც უბრალოდ მომვარდებიან და მეხუტებიან ან ძაალიან გაოცებული სახით მიყურებენ, შემდეგ კი მოდიან და ფოტოებს ვიღებთ. ბევრი არ მოდის და მერე მწერს, რომ სადღაც დამინახა, თუმცა ყველას ვეუბნები, რომ მოსარიდებელი არაფერია და პირიქით, ძალიან მიხარია მათთან რეალური ურთიერთობა. ასე რომ, ნურასდროს მოგერიდებათ მოსალმება.

- სხვადასხვა ტიპის ვიდეო გაქვთ (ოჯახი, ტექნოლოგიები, სპორტი, მანქანები, კვება და ა.შ.), რომელია ყველაზე პოპულარული და თქვენ რომელ სფეროში გრძნობთ თავს ყველაზე უკეთ?

- ჩემს არხზე ერთ-ერთი ყველა პოპულარული ფორმატი ოჯახური ვლოგებია, სადაც მე, თეო და კირა ერთად ვჩნდებით ან ვმოგზაურობთ. ასევე ძალიან მიყვარს ტექნოლოგიები და ამიტომაც, ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებულ ვიდეოებსაც ძალიან ბევრს შეხვდებით. საბოლოოდ, რთულია ერთი რომელიმე მიმართულების გამორჩევა, მთავარია, რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ამაში ყველაფერს ვდებ.

mshoblebi
ცოლ-შვილთან ერთად


- იუთუბზე ბევრი ბავშვი რეგისტრირდება ისე, რომ ზოგჯერ მშობლებმა არც იციან ხოლე. დებენ სხვადასხვა შინაარსის ვიდეოს. რა საფრთხე ახლავს ამ ყველაფერს თან და რას ურჩევთ მშობლებს?

- რაღაც ეტაპამდე მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მაქსიმალურად აკონტროლოს ინტერნეტ სივრცეში ბავშვის აქტივობები. ამ მიმართულებით იუთუბი ყველაზე პასუხისმგებლიანი პლატფორმაა, ამის თქმა ნამდვილად თამამად შემიძლია. დღეს ძალიან ბევრი რეგულაცა და ალგორითმი არსებობს იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის ნეგატიური კონტენტი პლატფორმაზე არ მოხვდეს.
ასევე იუთუბმა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა ცალკე აპლიკაცია Youtube kids, რაც ძალიან კონფორტულია ბავშვებისთვის და სადაც არ არსებობს ინტერაქციის სხვა საშუალება, გარდა ვიდეოს ყურებისა. ეს აპლიკაცია სამართავად ძალიან მარტივია და მგონია, რომ ინტერნეტ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის საკმაოდ კომფორტული გამოსავალია.

თამარ იაკობაშვილი
790
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები