თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი დღეიდან განახლდა. როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, პროექტი ერთჯერადია და თბილისის მერის გადაწყვეტილებით ხორციელდება.
"ორ კვირაში ერთხელ გავცემდით პროდუქტებს და დღევანდელი მდგომარეობით, მშობლებს ერთხელ მოუწევთ გატანა, რადგან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება. უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. პერსონალი აღჭურვილია პირბადეებით, ფარებით, ხელთათმანებით, ხალათებით. მშობლებს შენობაში შესვლა არ უწევთ. კართან აწერენ ხელს და შემდეგ თანამშრომლები აწვდიან კუთვნილ პროდუქტებს. მათი მისვლის გრაფიკს ბაღი ადგენს და ინდივიდუალურად უკავშირდება ყველას, რომელ საათზე უნდა მივიდნენ. ვემზადებით ბაღების გახსნისთვის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ჩვენთან ისედაც სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისადაა უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, დირექტორებისთვის დავიწყეთ ინსტრუქციების გაცნობა და მათ შესაბამისი ტრენინგები უტარდებათ", - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება.
თამარ იაკობაშვილი