"რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სოფის სახელზე ვაკეთებ... ვცდილობ არ გავჩერდე, რომ ცუდი ფიქრებისკენ არ წავიდე..." - შვილის გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი ნუგეში
"რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სოფის სახელზე ვაკეთებ... ვცდილობ არ გავჩერდე, რომ ცუდი ფიქრებისკენ არ წავიდე..." - შვილის გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი ნუგეში
ყველას გვახსოვს ლაგოდეხის ნაკრძალში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ლანა ნიკოლეიშვილმა 16 წლის შვილი, ულამაზესი სოფი კლასთან ერთად ექსკურსიაზე გაუშვა, თუმცა სოფი იქიდან ვეღარ დაბრუნდა... მას შემდეგ ბევრმა დღემ გაიარა, რომელიც ტკივილით, ცრემლით იყო სავსე, თუმცა ამავე დროს სოფის სიყვარულითა და მონატრებით გაჟღენთილი. ქალბატონმა ლანამ დიდი ძალისხმევის შედეგად საკუთარ თავში იპოვა ძალა და სოფის სახელით უამრავ საქმეს შეეჭიდა. თბილისში კორპუსის ეზოში ულამაზესი ბაღნარი, როგორც თავად უწოდებს - „მინი რანჩო“ გააშენა. მცენარეებს უვლის და ამრავლებს აგარაკზეც, სადაც მომავალში სოფის სახელზე საბავშვო მოედნის გახსნას
გეგმავს. აქვს ყვავილების მაღაზია, ისიც სოფის სახელზე. შეიფარა მიუსაფარი ცხოველები, ხშირად აკეთებს კეთილ საქმეებს და ამასაც სოფის უძღვნის. დღეს ქალბატონი ლანას ირგვლივ ყველაფერს სოფის სახელი ჰქვია.
mshoblebi
- ნამდვილად არ მახსოვს, როდის გამიჩნდა ყვავილების და მცენარეების სიყვარული. სოფელში ვიზრდებოდი და მცენარეებთან ყოველთვის მქონდა ურთიერთობა, თუმცა რომ ვთქვა, რომელიმე ყვავილი განსაკუთრებით მიყვარდა, მოგატყუებთ. ალბათ უფრო სკოლიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სკოლაში საკლასო ოთახს ყვავილებით ვრთავდით. იქ ვისწავლე მათი პატივისცემა, მოვლა. დღეს უკვე, თუ რომელიმე მცენარეს წავაწყდები, რაც არ მაქვს, აუცილებლად ვყიდულობ.
mshoblebi

- თბილისში კორპუსის ეზოში გააშენეთ ულამზესი ბაღი. მოგვიყევით ამ ბაღზე.

- დიახ, კორპუსში პირველ სართულზე ვცხოვრობ. აქ ახალი გადმოსული ვარ. სოფის მერე ვიყიდე ეს ბინა. ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი იყო.
დავიქირავე მუშები და საკუთარი სახსრებით, ძალისხმევით გავასუფთავე და შემდეგ შემოვღობე. ვეღარ ვითვლიდი, იმდენი მანქანა ნაგავი გავიტანეთ. სარეველა, ფანჯრებიდან გადმოყრილი უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, სამშენებლო ნარჩენები ეყარა. მიწაში დღეს კიდევ ვპოულობ ხოლმე უცნაურ საგნებს მუშაობის დროს. დავრგე უამრავი სხვადასხვანაირი მცენარე, 40 ძირი სხვადასხვაფერი ვარდი მაჩუქეს, მაქვს ასევე ჰორტენზიები, აზალიები და სხვა მრავალი ყვავილი. ადრე მაჩუქეს წიგნი მცენარეების შესახებ, მაშინ საერთოდ არ გადამიშლია, დღეს მადლიერი ვარ, რადგან ძალიან დამეხმარა ეს წიგნი. ბევრ რამეს ვსწავლობ ეტაპობრივად. საბედნიეროდ, ინტერნეტში ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია ნებისმიერი მცენარის შესახებ. მთლიანად გადართული ვარ, რომ რაიმე საქმე ვაკეთო. მყავს ასევე ოთხფეხა მეგობრები. სოფის აჩუქეს ტოი ტერიერი, რადგან მარტო იყო, მოვუყვანე მეორე, ზუსტად იგივე ჯიშის. ორი თვის წინ გზაზე, ბუნკერთან ვიპოვე ორი ლეკვი, რომელთაც ჰქონდათ კატარაქტა. წამოვიყვანე, ვუმკურნალე. საწმუხაროდ, ერთი დაიღუპა. სამი კვირის წინ ვიპოვე პატარა კნუტი, რომელიც ფიცრებში საცოდავად კნაოდა. წავიყვანე ექიმთან, ძალიან სუფთა და მოწესრიგებული ფისო აღმოჩნდა. არ ვიყავი დიდად კატების მოყვარული, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რასაც მოუვლი, უპატრონებ, ყველაფერი გიყვარდება. თბილისის ბაღნარს „მინი რანჩო“ დავარქვი, სადაც მათთან ერთად ვცხოვრობ.
mshoblebi

- აგარაკზეც გააშენეთ ბაღი. ორივეს როგორ უძღვებით?

- ჩვენი აგარაკი თბილისთან ახლოს არის. კასპის რაიონია, თელადგორი. მეუღლეს რომ დავშორდი, არსად არ მქონდა წასასვლელი და იმდენად ტრაგიკულად განვიცდიდი ამ ამბავს, უფროსმა გოგომ, სალომემ მიყიდა ეს სახლი. სახლი დიდი არაფერი იყო, მაგრამ ეზო ძალიან მომეწონა და ვიყიდეთ. სოფის ძალიან უყვარდა აქაურობა. მე და სოფი ვცხოვრობდით აქ ერთად. ჩემს სკოლაში სწავლობდა, ჩემი მოსწავლეც იყო. სახლში ყველაფერში მეხმარებოდა. ჰქონდა იდეები, რომელსაც ერთად ვახორციელებდით. სულ მახსენდება, როგორ გავათენეთ აქ პირველი ღამე ერთად. ფანჯრის ღრიჭოებში ნაჭრები ჩავტენეთ, რომ სიცივე არ შემოსულიყო. იატაკი არ იყო და თაგვები დარბოდნენ, მაგრამ ძალიან გვიხაროდა, რომ ჩვენი სახლი გვქონდა. ნელ-ნელა რაღაცებს ვცვლიდით. სახლის ღობე მთლიანად მე და სოფიმ გავაკეთეთ.
mshoblebi

- მისი ასაკის ბავშვებს ხშირად ეზარებათ მასგავსი საქმე. სოფი გეხმარებოდათ ხოლმე სახლისა და ეზოს მოწყობაში?

- ყველაფერში მეხმარებოდა. უზომოდ უყვარდა იქაურობა. თავიდან ძალიან მიჭირდა იქ ასვლა და ვფიქრობდი გამეყიდა. თბილისშიც ახალ სახლში ვცხოვრობ, აქ სოფის არ უცხოვრია. ძველ სახლში ძალიან გამიჭირდა, სულ თვალწინ მედგა, ოთახიდან როგორ გამოდიოდა, ჩანთას სად აგდებდა, სად იჯდა, ყოველი მოგონება მიტივტივდებოდა გონებაში. იძულებული გავხდი და იქ აღარ ვცხოვრობ. ამის მერე ვიფიქრე, რომ არ შეიძლება ყველა მოგონების წაშლა, ამიტომ ვეღარ შეველიე და ვერც ვერასოდეს შეველევი აგარაკის სახლს. იქ სოფის თავისი ოთახი აქვს, მისი ნივთები, ყველაფერი იქ წავიღე. ვიხსენებ, როგორ ცხოვრობდა იმ სახლში, როგორ ჩარბოდა კიბეებზე, რას აკეთებდა, როგორ ერთობოდა. როცა იქ ვარ, ეს ყველაფერი ჩემთვის ცოცხლდება.

- დღესაც გაქვთ ეზოში სოფის დარგული მცენარეები?

- კი, სახლის წინ მაქვს მისი დარგული ყვავილები. მოაჯირის თავზე გააკეთა ბურთები, ვიყიდეთ ქუდები, თვალები და ლოყები მივახატეთ. საბოლოო ჯამში გაღიმებული ბავშვების სახეები გამოგვივიდა ქუდების ქვეშ. გახუნდა ახლა ეს ქუდები და ალბათ რაღაცას მოვუფიქრებ. თავიდან ფერადები იყო. ბიჭებს კეპები ეფარათ, გოგოებს პანამები.
mshoblebi

- დღეს ყველა სამუშაოს საკუთარი ხელით აკეთებთ?

- დიახ და ეს მანიჭებს სიამოვნებას. სწორედ დღეს დავასხი ეზოში ბილიკი. საკმაოდ შრომატევადი იყო, ძალიან დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ. სულ მაინტერესებდა მსგავსი საქმე. ყველანაირ სამუშაო იარაღს ვყიდულობდი. ამის გამო სულ მეუბნებოდნენ, რანაირი ქალი ხარო. სადმე მაღაზიაში რომ შევდივარ, არ ვუყურებ ქალის ნივთებს, მაშინვე სამუშაო იარაღების სექციაში მივდივარ. ახლა პირველ სართულზე ბუხრის ოთახი მაქვს გასაკეთებელი და ჩაფიქრებული მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთო.
mshoblebi

- გაქვთ ყვავილების მაღაზია. თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი გახარებული ყვავილები გაგეყიდათ?

- კი, ამაზე ხშირად მიფიქრია, ჩემი ყვავილის გაყიდვა უფრო შემოსავლიანი იქნება, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე. მე მაქვს ამის გამოცდილება, ადრე ლაგოდეხში დავდიოდი ხოლმე მეგობართან, ვარდებს ვუვლიდი და ვყიდდი კიდეც. ამ აგარაკზე წყალი არ მქონდა და წელს გავაკეთე. იმედი მაქვს, მალე ამასაც შევძლებ. ახლა ნავთლუღის ბაზარში დავდივარ შუაღამისას და იქიდან მომაქვს ყვავილები. ძალიან ბევრ რამეს ვარ შეჭიდებული. ჩემი მთავარი დევიზია, რომ არ გავჩერდე. როცა წინ უამრავი საქმე მელოდება, ძალიან მშვიდად ვარ, თორემ შეიძლება ცუდი ფიქრებისკენ წავიდე.
mshoblebi

- რამდენად დაგეხმარათ მცენარეები, ყავავილები, მიწაზე მუშაობა, რომ თქვენი ტრაგედია, დარდი ოდნავ მაინც დაგეძლიათ?

- აგარაკი უკვე ექვსი წელია მაქვს. თბილისის ეზოშიც ბავრი ნივთი მაქვს სოფისი. ძალიან ბევრი ბავშვია უბანში, ამიტომ ხმაურიანი უბანია. როცა რამეს ვაკეთებ და ბავშვების ხმა მესმის, ვფიქრობ, სოფი რომ ახლა აქ იყოს, მთელი ეს ბავშვები ჩვენს ეზოში იქნებოდნენ. ვფიქრობ ხოლმე, როგორ იჯდებოდა მობილურით ამ მაგიდასთან, ფანჯრიდან როგორ შემომძახებდა, ან გადახტებოდა კიდეც ფანჯარიდან. არ იყო ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ბავშვი, ჩვეულებრივი „ჯლიგინა“ გოგო იყო.
დღეს მე მისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. სანამ ამ ეზოს გავაკეთებდი, საქანელებიც გავუკეთე ბავშვებს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის მიყვარდა ბავშვები, მაგრამ ახლა ასმაგად შემიყვარდა. სოფი გიჟდებოდა ბავშვებზე. თუ სადმე მივდიოდით და გზაზე ბავშვი შეგვხვდებოდა, მეუბნებოდა „გაუჩერე დე, წავიყვანოთ“. დღეს სულ ჩამესმის ეს ხმა. ამასწინათ დამემართა ასეთი რაღაც, გვიანი იყო, ბნელოდა, მანქანით გვერდი გავუარე სოფის ასაკის ბიჭს, რომელიც ფეხით მიდიოდა. ცოცხლად ჩამესმა სოფის ხმა - „წაიყვანე დე“. მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების, მაგრამ როგორც კი ხმა ჩამესმა, მაშინვე გავაჩერე, მოვბრუნდი და წამოვიყვანე ეს ბავშვი.
როგორც გითხარით, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სოფის სახელზე ვაკეთებ. აგარაკზეც მინდა საბავშვო მოედანი გავაკეთო, რომელიც სოფის სახელობის იქნება. მთელ აგარაკზე მოუყრიდა ხოლმე ბავშვებს თავს, ბუნტისთავი იყო. მე ორი მეზობლის გარდა არავის არ ვიცნობ იქ და თურმე სოფი მთელ აგარაკს იცნობდა...
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
მერი ბლიაძე
8048
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მაკა
0
ძალიან გულისმომკვლელია შვილის გარდაცვალება, ეს უდიდესი სასჯელია, ამას არ უნდა უშვებდეს უფალი.... მაგრამ ჩვენთვის შეუცნობელია, ეს ცელქი მოუსვენარი გოგო ძალიან დამენანა. გამძლეობა ქალბატონო ლანა, ძლიერო დედიკო, სოფი იამაყებდა თქვენით.
23:31 / 20-09-2020
nana
0
ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ.ბევრი შეგაძლებინოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების სასარგებლოდ.ნამდვილად დიდ და კეთილ საქმეებს აკეთებთ.თქვენი ლამაზი გოგონა გაიხარებდა და იამაყებდა თქვენით.
21:53 / 17-09-2020
მსგავსი სიახლეები