მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა, ბავშვებთან ერთად, ახალი მუსიკალური კლიპი გადაიღო. კლიპის ერთ-ერთი მონაწილე ვერიკოს უმცროსი გოგონა - ნატაშკა გახლავთ. ნატაშკა ჯერ მხოლოდ 5 წლის არის, მაგრამ როგორც ვერიკომ გვითხრა, ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა, მეამბოხე გოგონაა...
- მიუხედავად იმისა, რომ პირველი შვილის - ლიზას გაჩენისას პატარა ასაკის ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ მაშინ დედობასთან დაკავშირებული შეგრძნებები დამაკლდა. სიმართლე გითხრა, მეორე შვილის - ნატაშკას დაბადებას უფრო მეტი შიშით შევხვდი. პირველი შვილის დაბადებისას უფრო ლაღად ვიყავი, თუმცა ძიძა არ მყოლია. ლიზა უფრო "მსუბუქად" გავზარდე. ნატაშკას შემთხვევაში, შედარებით "დაჭყეტილი" ვარ (იცინის). იმის გამო, რომ მეორე შვილის გაჩენისას დედობის 11-წლიანი გამოცდილება მქონდა, ვერ ვიტყვი, უფრო მოშვებული გახლავართ-მეთქი. ემოციებს რაც შეეხება, ახლაც ემოციების ძლიერ მოზღვავებას ვგრძნობ. მთავარი ის არის, რომ იმავენაირად ბედნიერი ვარ. ძიძა არც ერთი შვილის გაზრდისას არ მყოლია. ბავშვების აღზრდისას თუ რამის შეგრძნება შემეძლო, არაფრის დეფიციტი არ მქონია.
- როგორი შვილია ნატაშკა?
- ოჯახის ყველა წევრისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ადრეული ასაკიდანვე ძალიან თავისუფლებისმოყვარეა. ხომ ამბობენ, აღზრდას აქვს მნიშვნელობაო? ასე არ არის: ნატაშკა თავისი ხასიათით დაიბადა: ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ უნდა... ადამიანებთან ურთიერთობაზე, თავისუფლებაზე გიჟდება, ისე უყვარს და უკვე იბრძვის, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად მოახერხოს. პრინციპში, არაფერშია შეზღუდული. ხომ იცით, მოზარდები შინიდან რომ გარბიან ხოლმე? ვხუმრობთ, იმედია, როცა ნატაშკა გაიზრდება, ამას არ დაგვმართებს და ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში დარჩება (
იცინის).
- როგორც ვიცი, სიმღერა აინტერესებს...
- კი, ამ საკითხში ბევრი საერთო გვაქვს. ძალიან მუსიკალური გოგოა. მგონი, სურვილიც აქვს, რომ მხოლოდ საკუთარ თავში არ დატოვოს საკუთარი შესაძლებლობები. არ მიყვარს, როცა ბავშვებს ადრეული ასაკიდან კონცერტიდან კონცერტზე, სცენიდან სცენაზე დაატარებენ - მგონი, ძალიან ადრეა, მაგრამ მინიმალურად, თავისი მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენის უფლებას ვაძლევ, მაგრამ - მხოლოდ ბავშვისთვის დასაშვებ დონეზე. მგონი, არტისტულიც არის...
- დებს როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ძალიან კარგი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. მე და ლიზამ ნატაშკა ერთად გავზარდეთ. ნატაშკა რომ დაიბადა, ლიზა იმ დღეს გაიზარდა (
იღიმის). ზუსტად იმ დღეს მივხვდი, რომ "დიდი" გოგოა - რაღაცნაირად, უმცროსი დის მიმართ დედობრივი მზრუნველობა გამოიჩინა. მალე ნატაშკა 6 წლის გახდება. როცა ლიზას თავისუფალი დრო აქვს, მაქსიმალურად მხარში მიდგას: თუ საქმის გამო შინიდან გასასვლელი ვარ, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რომ დას მოუაროს.
განაგრძეთ კითხვა