დენის ვაშურინი მოზარდივით გამოიყურება. მხოლოდ მასთან საუბრისას შეიძლება იმის გარკვევა, რომ 1987 წელს დაიბადა და 20 წლის წინ ზრდის პროცესი შეწყვიტა. მას ბენჯამინ ბატონის რუსულ ვერსიადაც აღიქვამენ. დენის ვაშურინი 32 წლისაა. მამაკაცი 13 წლის ბიჭს ჰგავს და ეს მხოლოდ სიტყვიერი აღწერა არაა, ის გარეგნულად მართლა 13 წლის მოზარდს ჰგავს. ბიჭმა ერთ-ერთი პროექტისთვის ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ასეთი სახითა და ხმით ცხოვრება მარტივი არ არის.
ვარუშინი ვლადივოსტოკიდან არც ისე შორს ცხოვრობს და რესურსების მიმწოდებელ კომპანიაში მუშაობს. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესშია ჩართული.
დენისმა საკუთარ თავზე დაკვირვება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დაიწყო და მიხვდა, რომ სხვა ბავშვების მსგავსად, სწრაფად არ იზრდებოდა.
თუმცა, გარეგნობამ მას სწავლაში ხელი არ შეუშალა, პირიქით, სკოლაში ყოველთვის კარგ შეფასებას იღებდა. ფიზკულტურის დროსაც კი შესანიშნავად ართმევდა ვარჯიშებს თავს. ხშირად თანაკლასელებსაც კი უსწრებდა ხოლმე.
"რატომღაც, ყურადღება არ მიმიქცევია. არც მიფიქრია ამაზე. ყოველთვის აქტიური ვიყავი. ჰიპერაქტიურიც კი. მუდმივად ბევრი მეგობარი მყავდა", - თქვა ვაშურინმა.
შემდეგ კი ბიჭი მიხვდა, რომ აღარასდროს გაიზრდებოდა. რა თქმა უნდა, ამის გაანალიზება მარტივი არ ყოფილა.
"თავიდან გამიჭირდა საკუთარი თავის მიღება. ვფიქრობდი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება და რა სირთულეები შემხვდებოდა. ეს მაშინვე ვერ გავაანალიზე. ვკითხულობდი, რატომ მაინცდამაინც მე და ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მიმიღია. ჩემთვის ალბათ ტაიგაში ან უდაბნოში ცხოვრება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დიდ ქალაქში გადასახლება. ყოველ ჯერზე უამრავ გაუგებრობას ვაწყდები. ადამიანები მეკითხებიან, ვხუმრობ თუ არა, როდესაც ჩემს ამბავს იგებენ. ერთხელ პატრულმა გამაჩერა. როდესაც ჩემი მართვის მოწმობა ნახეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე პატარა ბიჭი ვიყავი, რომელმაც საკუთარი ფოტო გადააკრა მართვის მოწმობას და სოფელში უკანონოდ სეირნობდა", - აღნიშნა დენისმა.
"ფიზიკურად თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბევრი ფიქრობს, რომ რაკი ახალგაზრდულად გამოვიყურები, 12-15 წლის მოზარდივით ვგრძნობ თავს. ასე ნამდვილად არაა. ვბერდები, ასაკი მემატება და ამას ყოველწლიურად ვგრძნობ", - ამბობს დენისი.
მის უცნაურ მდგომარეობას პირად ცხოვრებაში ხელი არ შეუშლია. ის უკვე 4 წელია ხვდება გოგონას და ერთად ცხოვრობენ. გოგონამ თავიდანვე იცოდა, რა პრობლემაც ჰქონდა დენისს.
ბიჭი ხანდახან ბრაზდება მათზე, ვინც მას სკოლის მოსწავლედ აღიქვამს და სხვადასხვა რჩევას უზიარებს. "არ შეგიძლიათ ჩემი ცხოვრებით იცხოვროთ. ვერასდროს გაიგებთ, რეალურად რას განვიცდი, ამიტომ, არაა საჭირო განსჯა", - თქვა ვაშურინმა.
დენისს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. კომენტარებში წერდნენ, რომ მას ფოლადის ხასიათი აქვს და ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას უსურვებდნენ.
წაიკითხეთ კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ:
ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა - შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა