საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს. კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი - 47.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1574-ს შეადგენს.
სამწუხაროდ, ასევე მოიმატა დღეს გარდაცვლილთა რიცხვმა - ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.
გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
„67 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყო მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.
ინტერპრესნიუსი