სულ მძულდა სიტყვა "უნდა". ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა "უნდა" გარდაუვალია:
..ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.
..ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.
..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.
რომელიმე პარტიის აღარც მთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს. ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს. ობოლია, მამიდა ზრდის. ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: "ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი". ლაშას, ეკა, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას...
ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას. ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც - ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.
ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.
ბავშვებს დახმარება უნდათ.”
თეკლა ჟვანია