წელს, პირველკლასელებს საკლასო ოთახებში მისვლის ნაცვლად, სწავლის დაწყება ონლაინ მოუწიათ, ამიტომ ისინი თანაკლასელებს კარგად ჯერ კიდევ არ იცნობენ, არ აქვთ მათთან პირდაპირი კომუნიკაციის, თამაშის გამოცდილება.
შედარებით მოზრდილებს კი სკოლის ჩვეული რეჟიმის ნაცვლად ეკრანთან ჯდომა და განათლების ამ ფორმით მიღება უწევთ. მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბაშვებს თანატოლებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ. სოციალიზაციის ძლიერი სურვილის გამო კი დამწუხრებულები არიან და გასართობს ეძებენ.
რა გავლენას ახდენს ბავშვზე დისტანციურად სწავლება და როგორ დავეხმაროთ მათ დროის საინტერესოდ გატარებაში, სანამ საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ამის შესახებ სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-GESS”-ის დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, ფსიქოლოგ ნატო ჯმუხაძეს ვესაუბრეთ.
მისი განმარტებით, დისტანციური სწავლებისგან გამოწვეული პრობლემის გამკლავებაში უდიდესი როლი აქვთ მშობლებს, რომელთაც შეუძლიათ, ბავშვები სხვადასხვა აქტივობით დააინტერესონ. მათ შორის, კითხვითა და კრაფტით.
შეიძლება ითქვას, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ალაბთ, უფრო უფროსების ფაქტორიდან გამომდინარე გაგვიჭირდა, რადგან თავად უნდა გვესწავლა, კონკრეტული რაღაცები ბავშვებისთვის როგორ მიგვეწოდებინა, მაგრამ როდესაც მათ გაკვეთილს ჩვეულ რეჟიმში უხსნი, თავად არ ხარ განცდებში და არ ნერვიულობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ.
წელს, სწავლა დაიწყო თუ არა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა. როდესაც ხედავ, ბავშვს რა სურს, შენც სწორედ ამას აკეთებ. პირველ რიგში, მას არ უნდა მოსთხოვო ის, რაც არ შეუძლია. როცა სთხოვ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია, მარტივად ეგუება სიახლეს და მოგყვება კიდეც.
სასწავლო პროცესისგან განსხვავებით, ურთიერთობების კუთხით გამოიკვეთა, რო ბავშვებს ერთმანეთთან ყოფნა ურჩევნიათ. მათ უნდათ ადამიანური ურთიერთობები, სჭირდებათ შეხება. მე რომ დისტანციურად მოვეფერები, მიიღებს, გაიგებს და დაწყნარდება, მაგრამ რეალურ ურთიერთობაში უფრო გრძნობს ბავშვი, რომ შენ მასთან ხარ და უფრო გენდობა, შესაბამისად, პრობლემებიც სხვანაირად გვარდება.
ასევეა თანატოლებთან ურთიერთობაში. ყველა წუხს, ენატრებათ ერთმანეთი, ერთად თამაში უნდათ. ეს სწავლის დაწყების პირველივე დღიდან დავინახე.
აუცილებელია, ბავშვისთვის მშობელი ყოველთვის იყოს მოდელი. ზოგადად, ჩვენი პრობლემა მოდის იქიდან, რომ დროის დეფიციტის გამო, მშობლები ამ კუთხით ვერ ვერთვებით ბავშვების განვითარებაში, თუმცა მათგან ძალიან დიდი მოლიდინი გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ძალიან ბევრი ისწავლონ და შეიძლება, რასაც ვთხოვთ, ბავშვს ამდენი არ შეეძლოს. მისი შესაძლებლობები რომ გაიგო, ჩართული უნდა იყო განვითარების პროცესში, მასთან მუშაობა უნდა შეძლო. შეგიძლია, თამაში ნებისმიერი რამისგან შექმნა და ისე მიაწოდო ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამ მხრივ კრაფტი ძალიან კარგია.
ასევე, ჩემი ერთ-ერთი მეთოდით, ბავშვები კითხვას სწავლობენ ფერებით. სიტყვა „ფერებში“ იგულისხმება არა მხოლოდ ფერები, არამედ სწორედ მოფერებაც. ბავშვს როცა მისი შესაძლებლობების შესაბამისად მიაწვდი თუნდაც საკითხავს, ძალიან მარტივად „გემორჩიელება“ და თავისიანად აღგიქვამს.
რაც შეეხება ლიტერატურის შერჩევას, მშობელი თავად მიხვდება, რა აინტერესებს ბავშვს და იმის მიხედვით შეურჩევს შემეცნებითი სათამაშოებსაც და საკითხავსაც.