19 წლის ნიკოლოზ ბოლქვაძის წარმატების შესახებ ქალბატონმა ანა მანაგაძემ ამცნო საზოგადოებას შემდეგი სტატუსით:
"გრძელი სტატუსები თქვენ არ გიყვართ და მოკლედ როგორ უნდა დავწერო 19 წლის ბიჭზე, რომელიც ქოლცენტრში მუშაობს და მოულოდნელად მეილზე მოდის მესიჯი, როგორ გაგიჟდნენ და გადაირივნენ "ოსკარის" დამფუძნებელ, ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში, ჰოლივუდიდან ხელის გაწვდენაზე როა. შენაო იმ ათიათასობით აპლიკანტიდან ძალიან რჩეულებში მოხვდი, ჩვენო ნიკოლოზო.
მოულოდნელად იმიტომ, რომ რამდენიმე წუთით ადრე სხვა მესიჯი მოვიდა, აპლიკაციის გახსნისთანავე ავტომატურ რეჟიმში გამოგზავნილი- „ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ ორიდან ოთხი კვირის ფარგლებში.“ ორიდან ოთხი კვირა არ დასჭირვებიათ. წუთებში მიიღეს გადაწყვეტილება „ჟიურიმ ოქროს ღილაკს დააჭირა ხელი ერთდროულად“. საოცრებაა. . კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, როგორ მოამზადა მონოლოგები. სულ რამდენიმე დღე ჰქონდა. შეარჩია ტენეს უილიამსის „შუშის შემგროვებლიდან“ ტომის მონოლოგი და გაბრიელ დეივისის „აუტანელი სიმხურვალიდან“ ჩაკის მკვლელობის მონოლოგი (კომედიურ ჟანრში). . რეპეტიცია მეგობრის ნაქირავებ ბინაში, და ნაქირავებიც რომ არ ყოფილიყო , ისედაც თხელკედლიან ოთახში, რთული იქნებოდა. მეზობლები შეწუხდებოდნენ. ჰოდა ლისის ტბაზე ავიდა სამუშაოდ. ის დრო და ადგილი შეარჩია, განმარტოერბა რო იქნებოდა შესაძლებელი მისი ხმამაღალი მონოლოგისთვის. გვერდით არც ვინმე მსახიობ-რეჟისორი ჰყოლია თუნდაც სატელეფონო კონსულტაციისთვის. აი, ასე უმოკლედ დროში იმუშავა ორ მონოლოგზე და პრესტიჟული სასწავლებლის მიმღები კომისია მოხიბლა სასტიკად. ისიც საოცრებაა, როგორ შეიტანა განაცხადი იქ, რაზეც არც კი უოცნებია. თბილისში შემთხვევით გაცნობილმა გოგონამ მიასწავლა. თბილისშიდაც შემთხვევით მოხვდა. იმ დროს ლიტვაში უნდა ყოფილიყო. იქ სწავლობდა, მაგრამ კორონას პანდემიის მიზეზით წინა დღით გაუქმდა რეისი. ეგ კი არა, ლიტვაშიც შემთხვევით აღმოჩნდა. სკოლა ქუთაისში დაამთავრა ოქროს მედალზე. იმ წელს ეროვნულ გამოცდაზე გასვლა არ უნდოდა, მოფიქრებისთვის დრო მჭირდებოდაო. დედამ რომ გაიგო, გამოცდაზე გასასვლელად განაცხადი არ გაუკეთებია მის ოქროსმედალოსან შვილს, საყვედური უთხრა, ასეო, ისეო. ნიკოლოზმა ოჯახს აღარ აწყენინა და დარჩენილი შესაძლებლობების ფარგლებში ლიტვა შეარჩია. 80%-იანი გრანტით მოხვდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი სემესტრის ბოლოს არდადაგებზე სახლში დაბრუნდა და ეპიდემიაც დაიწყო. დარჩა ნიკოლოზი საქართველოში და მაშინვე სამსახურის ძებნას შეუდგა. დედა იტალიაშია ემიგრანტი. შვილებისთვის შრომობს, ოღონდ ნიკოლოზი ემიგრანტი დედების მრავალი შვილის მსგავსად პარაზიტი არ არის. 19 წლისაა და სამი წლის მუშაობის სტაჟი აქვს. ცდილობს თვითონვე გამოიმუშავოს საარსებო საშუალება. სამუშაოც სწრაფად გამოჩნდა. ოღონდ თბილისში. ენები კარგად იცის და ქოლცენტრში დაიწო სამსახური. იმ ქოლცენტში, სადაც მესიჯი მიიღო, როგორ ჩაირიცხა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ არტსასწავლებელში. ახლა ნიკოლოზი, რომელიც მეორეა საქართველოდან, ვინც ამ აკადემიაში მოხვდა, დაფინასების გზებს ეძებს. ქუთაისის მერი სამგზავრო ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა. დღეს იმერეთის გუბერნატორთან აქვს შეხვედრა. სასწავლებელმა 2000$-ის შეღავათი უკვე გაუკეთა. მუდმივად ხაზზე არიან ნიკასთან და მოუთმენლად ელიან, როდის იპოვის სპონსორს. სულ მთლიანი სწავლისთვის 70000$ სჭირდება (საწყის ეტაპზე 35 000$). აქ არ შედის სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის თანხები, რაც წელიწადში 12000$-ია, იქ ვიმუშავებ და თვითონვე შევძლებ საცხოვრებლად საჭირო მინიმუმის გამომუშავებასო. უკვე გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელიც საცხოვრებელს გაუნაწილებს ამერიკაში. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ამდენი ფონდის, მათ შორის პრეზიდენტის ფონდის, სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის, მრავალი შეძლებული მეწარმის პირობებში არ უნდა იყოს რთული ამ რაოდენობის თანხის მობილიზება. სულაც რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ყურადღების მიღმა დარჩეს ნიკა, რიგითი ადამიანები დაუდგებიან გვერდით. ვიცი ეგ, რაკი თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია რწმენა იმისა, რასაც სულ გვეუბნებიან და ჩვენც ვეუბნებით სხვებს:
„თუ რაიმე მთელი არსებით გინდა და ყველაფერს სწორად აკეთებ ოცნების ახდენისთვის, მთელი სამყარო დგება შენს გვერდით“.
ეგ იმ შემთხვევაში, როცა ოცნებაც კარგია და მეოცნებეც კარგი. ჩემთვის ნიკოლოზ ბოლქვაძე, რომლის შესახებ ორი დღის წინ გავიგე და ორჯერ ვესაუბრე ტელეფონით, უკვე კარგია.
„სულ არ მაქვს უხერხულობის გრძნობა, როცა დაფინანსების წყაროებს ვეძებ. ეს ჩემი ვალია., მე მას ვალად ვიღებ, რომელიც უნდა დავაბრუნო მათთვის, ვინც მომავალში აღმოჩნდება იგივეს წინაშე, თვითონვე დავაფუძნებ ფონდს მსახიობობაზე მეოცნებე ნიჭიერი ადამიანებისთვის“, ეგრე მითხრა. იმხელა ენერგია აქვს, ამასაც შეძლებს. მას ყველაფერი გამოუვა. აფხაზებს ახლაც შეუძლიათ იამაყონ. ეს მშვენიერი ბიჭი, რომლისთვისაც არც ჰარვარდის კარი იყო შორს, აფხაზეთიდანაა. ქუთაისის ლტოლვილტა საერთო საცხოვრებელში გაიზარდა, მზრუნველ ოჯახში გაიზარდა და გაიზარდა კარგი. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დარჩება მწარე მოგონებად. იმდენად პატარა იყო საერთო ოთახში მისთვის გამოყოფილი კუთხე, რომ დედამ ვერ აუსრულა ოცნება და პიანინოსა და ვიოლინოს ნაცვლად ვოკალზე შეიყვანა უნაკლო სმენის მქონე ბიჭი. პიანინოზე დაკვრა თვითონ ისწავლა. მხოლოდ სმენით. ვიოლინო კი აუცილებლად ასახდენ ოცნებათა ნუსხაში აქვს პირველ ნომრად
წარმატება ვუსურვოთ ამ ახალგაზრდა კაცს. და სახელიც დავიმახსოვროთ - ნიკოლოზ ბოლქვაძე".
მოგვიანებით თავად ნიკოლოზმაც გააკეთა საჯარო კომენტარი ამ სასიხარულო ამბის შესახებ:
"მოკლედ მეგობრებო ძალიან დიდი ამბები მიდის. ჩემი ოცნება, რომელზეც ხმამაღლა დღემდე არასოდეს მისაუბრია და ყველაზე ბნელ კუთხეში იყო შემოგდებული, ცხოვრების უცნაური ფორმულირებით ჩემი დღის და ჩემი მომავლის მთავარი საზრუნავი გახდა. კი მართალია, სულ მინდოდა ამ კინოსა და თეატრის სამყაროში ჩემი ადგილი მქონოდა, თუმცა ამ რანგის პროექტში გამარჯვება და იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე კლასში სრულიად მოულოდნელად შეიძლება პოლ რუდმა ან ედრიენ ბროუდიმ შემოაჭრას და ლექცია ჩამიტაროს, ან კიდევ თუნდაც ეპიზოდებში ვითამაშო მსოფლიოს კინოვარსკვლავებთან, ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. თუმცა ეს ახლა გვერდზე გადავდოთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამხელა ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი და სრულიად უცნობი ადამიანები აგრერიგ მხარდაჭერას გამოიჩენდნენ ჩემი ოცნებების გადასარჩენად. მაგრამ ჰოპ და, არაფერი ყოფილა შეუძლებელი. მე სასიამოვნოდ შოკირებული ვარ, აღფრთოვანებული და მადლიერი იმ უამრავი ადამიანის, რომლებიც დღეს ჩემს წარმატებას და ამავდროულად გასაჭირს იზიარებენ. გულწრფელად რომ ვთქვა, ბავშვობიდან წინააღმდეგი ვარ სხვების დავალდებულების, არ მხიბლავს რქები, რომლებიც მოურიდებლად ანგრევენ გზებს. შრომის გარეშე მიღწეულის გემო (შეიძლება კარგიცაა), მაგრამ, პრინციპში, არც ვიცი. აი, ახლა კი ცაიტ-ნოტში ამ გზას გავდივარ. მადლობა მინდა გითხრათ სათითაოდ ყველა ადამიანს, რომლებმაც ესეთი მისტიური დღეები შემიქმენით და ყოველი დღე ემოციების ფოიერვერკია. რაღაც ზღაპრული სამყარო. ფაქტი, რომ ამდენ ადამიანს ადარდებ და იზიარებენ შენს წარმატებებს და ემოციებს, იმაზე დიდია, ვიდრე მერილ სტრიპის გვერდით თამაში. ასე მგონია. სასწაულია, ყველაფერი ისე მიეწყო, ისე უცნაურად ჩნდებიან ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც ჩემი დახმარება და გამხნევება უნდათ, ალბათ ეს გზაც სწორედ იქეთ მიდის და ერთ დღესაც დამინახავთ ნიკოლ ქიდმანთან რომელიმე დრამაში, მანდ კი მე ვიტყვი, რომ ეს გამოგვივიდა და არა გამომივიდა.
გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება".