"ისეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, ვინც ცუდის თქმას შეეცდებიან, მაგრამ არ მეშინია... საშუალო ფენის წარმომადგენლები ვართ, დასამალი არაფერი გვაქვს"
"ისეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, ვინც ცუდის თქმას შეეცდებიან, მაგრამ არ მეშინია... საშუალო ფენის წარმომადგენლები ვართ, დასამალი არაფერი გვაქვს"
პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები სკოლაში, ონლაინსწავლის მენეჯმენტი მშობლისთვის, მედიცინა, თავის მოვლასთან დაკავშირებული მოულოდნელი რჩევები და პოლიტიკაში გარევის გავლენა რეპუტაციაზე - ის საკითხებია, რომლის შესახებაც ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ.

- საზაფხულო არდადეგების მოწყობა მოახერხე?

- წელსაც ჩემი დასვენება ჩემი შვილების დასვენებაზე იყო "მიბმული": ფაქტობრივად, სულ გზაში ვიყავით, ვიმოგზაურეთ. ინდივიდუალურად, ცალკე დასვენება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე, რომ ძირითადად, შვილების დასვენებასა და საჭიროებაზე ვარ მორგებული. ამიტომ ცოტა ხანს ბაკურიანშიც ვიყავით, ზღვაზეც, სოფელშიც...

- როგორ ფიქრობ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას სკოლებში ბავშვები შეძლებენ?

- ის მშობლები,
ვისაც ბავშვები კერძო სკოლაში დაგვყავს, უფრო მშვიდად ვართ, რადგან ჩვენთან, სკოლებში იმის საშუალება არის, რომ კლასები დაიყოს - უფრო ნაკლები ბავშვი იყოს. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები მეტად გააკონტროლოს და კონტაქტებიც უფრო მეტად შეიზღუდოს. ჩემი შვილი ახლა რომელ სკოლაშიც სწავლობს, იქ რეგულაციებს მკაცრად იცავენ. ბავშვებს მითითება მაინც სჭირდებათ, რადგან ჩემი შვილი ჯერ მესამე კლასშია - ის ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ჰიგიენის საჭირო რუტინა გააზრებული ჰქონდეს. სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, უკვე შეზღუდვებია დაწესებული: მაგალითად, დაფასთან მუშაობისას ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მარკერი აქვს. საერთო მოხმარების საგნები "ამოღებულია". ეს რეგულაციები წრეებსაც შეეხო: მაგალითად, ჭადრაკის წრე ცოტა ხნით გაუქმებულია, რადგან იქ ბავშვები საერთო სარგებლობის ნივთებს ეხებიან... სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ... საბავშვო
ბაღს რაც შეეხება, ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვიქცე - შეიძლება, მალე სიტუაცია შეიცვალოს და უმცროსი შვილი ბაღში ვატარო...

- სკოლაში დამატებითი რეგულაციები სწავლის საფასურზე ხომ არ აისახა?

- სხვათა შორის, არა. ჩემი შვილისთვის სკოლის შესაცვლელად პანდემიის პერიოდი უმტკივნეულოდ გამოვიყენეთ. თავდაპირველად ხელშეკრულებაში რა ფასიც იყო მითითებული, ის დარჩა. როგორც ჩანს, სკოლამ რესურსი სხვანაირად გადაანაწილა...

- ონლაინსწავლის პროცესში თუ მონაწილეობდი და თავს როგორ ართმევდი?

- ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან იმ სკოლაში, სადაც ჩემი შვილი წინათ დადიოდა, იქვე მეცადინეობდა და შინ ისე მოდიოდა - კვირის განმავლობაში, სამეცადინო პროცესთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მერე კი, როცა უკვე ონლაინგაკვეთილები ჰქონდა, სახლში არ ვიყავი. მთელი დღე ვფიქრობდი, რომ შინ მალე მივსულიყავი, დავალებები ამომებეჭდა, ის ყველაფერი (ტექნიკური საკითხი) გამეკეთებინა, რასაც ბავშვი თავად ვერ შეძლებდა, რომ მერე დამჯდარიყო და ემეცადინა. ამ ყველაფრის მენეჯმენტი საკმაოდ დამღლელი გახლდათ. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ბავშვი სწავლის ამ ფორმატს მორგებოდა. სულ არაფერს ჯობდა - ონლაინსწავლას ასე შევაფასებ (იღიმის).

- ერთ-ერთი ისეთი ტელესახე ხარ, რომლის შესახებაც ჭორები არ ვრცელდება, საზოგადოება კეთილგანწყობილია. პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. არ გიფიქრია, რომ პოლიტიკაში გარევით - თუნდაც, მეუღლისადმი პირადი მხარდაჭერის სახით, - შენ მიმართ ხალხის კეთილგანწყობა შეიცვლებოდა?

- არა, ამაზე არ მიფიქრია, პირიქით - შეიძლება, თამამ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მეუღლისთვის "პლუსად" ჩავითვალო, როგორც კარგი რეპუტაციის (რაც თავად აღნიშნეთ) მქონე (იღიმის). ასე რომ, ნამდვილად არ მეშინია. დასამალიც არაფერი გვაქვს. საშუალო ფენის წარმომადგენლები ვართ, ჩვეულებრივი ქართული ოჯახი გვაქვს... მგონია, ისეთი ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, ვინც ცუდი რაღაცების თქმას შეეცდებიან, მაგრამ არა უშავს - ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნამდვილად არ არის...
წაიკითხეთ სრულად
11460
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნინო
0
საოცრად კარგები ხართ, იხარეთ და იბედნიერეთ.
10:55 / 29-09-2020
v
1
ალბათ მეუღლე მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და მაგით მოიხიბლა
21:28 / 27-09-2020
მსგავსი სიახლეები