ონლაინსწავლებისას საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს აქვს ხარისხიანი ინტერნეტის პრობლემა, რის გამოც ბავშვები ონლაინგაკვეთილებში სრულფასოვნად ვერ ერთვებიან. აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც დგას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში, მოსწავლე სასაფლაოდან ესწრება ონლაინგაკვეთილებს იმის გამო, რომ სახლის ინტერნეტი ამის საშუალებას არ აძლევს. მხოლოდ ასე ახერხებს გოგონა ზუმში ჩართვას, რათა გაკვეთილი არ გაუცდეს. ამის შესახებ The LadBible წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ 15 წლის კარმელა რაელი მშობლებთან ერთად რანჩოზე ცხოვრობს, სადაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი არ მუშაობს. მობილურიც კი ცუდად იჭერს. კარმელას დედამ, რომელიც სკოლის დირექტორია, თანამგზავრის საშუალებით სცადა ინტერნეტმომსახურების გაუმჯობესება, მაგრამ თუ ქარიანი და ღრუბლიანი დღეა, სიგნალი მაინც იკარგება. ერთდაერთი ადგილი ახლომახლო, სადაც ინტერნეტი ყველაზე კარგად "იჭერს", სასაფლაოა. მოსწავლე თითქმის ყოველდღე დადის იქ, სანამ სკოლა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.
კარმელა რაელი
ადგილობრივი სასკოლო ოლქის ხელმძღვანელმა ტობი მელსტერმა აღნიშნა, რომ ოლქში ძალიან ბევრ მოსწავლეს არ აქვს ხარისხიანი ინტერნეტით სარგებლობის საშუალება და ამის გამო საგანმანათლებლო პროცესს ჩამორჩება. მიუხედავა იმისა, რომ ხელისუფლებამ მოსწავლეებს ნოუთბუქები უფასოდ გადასცა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ბავშვები ინტერნეტის გარეშე მათ გამოყენებას ვერ ახერხებენ.