მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 172, იმერეთში კი 117
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის აჭარაში.
„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, იქ მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ გახლავთ იმერეთი 117 პაციენტით, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამია, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა -თიანეთში გახლავთ 1 პაციენტი,- განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11794-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6327 გახდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 85-მდე გაიზარდა