ბრიტანულმა საბავშვო ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზიამ ინსტაგრამის პატარა ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც სოციალური ქსელებიდან ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. ისინი, უფრო სწორად კი მშობლები, ვინც მართავს მათ ანგარიშებს, მილიონობით დოლარს იღებენ სხვადასხვა კომპანიისა თუ ბრენდის რეკლამირებით.
რეიტინგის სიის სათავეში ლოს-ანჯელესში მცხოვრები ცისფერთვალება და ქერა გოგონა, 7 წლის ევერლი როუზ სოუსტას ლაბრანტი აღმოჩნდა. მის გვერდს 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ასევე გოგონას აქვს საკუთარი YouTube-არხი. ქალიშვილის ანგარიშებს ბავშვის დედა, მოდის ბლოგერი და ფოტოგრაფი სავანა ლაბრანტი მართავს. ერთი პოსტისთვის ევერლი 10 119-დან 16 867 დოლარამდე იღებს.
გოგონას გვერდზე თითოეული პოსტი საშუალოდ 590 ათას მოწონებას აგროვებს. ევერლის ერთი წლით უმცროსი და, პოზი რეინ ლაბრანტი ჰყავს. ის დის ინსტაგრამზე ხშირად ჩნდება ხოლმე, თუმცა პოზის უკვე აქვს საკუთარი გვერდიც, სადაც 1,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. დები, როგორც წესი, ერთნაირ კაბებში არიან გამოწყობილნი და ისე პოზირებენ. ევერლიმ ახლახანს დაიწყო ცეკვის ვიდეოების გადაღება. აგვისტოს ბოლოს მათი ძმა, ზილანდი, გაჩნდა. ბიჭს საკუთარ ინსტაგრამზე უკვე 518 ათასი გამომწერი ჰყავს.
მეორე ადგილს კანადელი მსახიობის კეტრინ პაიცისა და ამერიკელი კალათბურთელის ოსტინ მაკბრუმის 4 წლის გოგონა, ელ ლაივლი მაკბრუმი იკავებს. მას 5 მილიონი გამომწერი ჰყავს და ყოველ პოსტში საშუალოდ მილიონ მოწონებას აგროვებს და 10 000-დან 16 666 დოლარამდე გამოიმუშავებს. როგორც ლაბრანტების ოჯახში, ელ ლაივლის ოჯახშიც მისი და-ძმაც ინტერნეტ-ვარსკვლავები არიან. გოგონას გვერდზე ხშირად გვხვდება მისი ერთი წლის და ალაია, რომელიც ამ სიაში მეხუთე ადგილს იკავებს და სამი თვის ძმა, სტილი, რომელსაც უკვე მილიონი გამომწერი ჰყავს.
გარდა და-ძმასთან პოზირებისა და სხვადასხვა ბრენდის რეკლამირებისა (მათ შორის, მშობლების კუთვნილი სასმელის ბრენდის) ელმა ისევე, როგორც ევერლიმ, ცეკვის ვიდეოების გადაღება დაიწყო. ბოლო ვიდეოს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, გოგონა როლიკზე დგას, ბეწვის ვარდისფერი ქურთუკი აცვია, მუქი სათვალე უკეთია, ლურჯი როლს-როისიდან გადმოდის და ცეცხლოვან ცეკვას ასრულებს.
ტყუპი დები ემა და მილა მათი დედის, კეტი სტოფერის, ინსტაგრამის ვარსკვლავები არიან. ქალს 3,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. მას გოგონების დაბადებამდე სამი შვილი ჰყავდა და გვერდიც ტყუპის გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა, თუმცა პოპულარობა ვერ მოიპოვა. მის გვერდზე ემისა და მილას გამოჩენის შემდეგ კი გამომწერების სია ელვის სისწრაფით გაიზარდა.
გოგონები ცნობილი გახდნენ არა მხოლოდ მომხიბლავი გარეგნობითა და მხიარული პოზების შექმნის უნარით, არამედ სასაცილო ვიდეოებით, სადაც ისინი ერთად საკმაოდ ჭკვიანურად განიხილავენ სხვადასხვა თემას. მათი ერთი პოსტი საშუალოდ 64 ათას მოწონებას იმსახურებს, ხოლო გოგონების მშობლები 7081-დან 11 803 დოლარამდე გამოიმუშავებენ. ცოტა ხნის წინ ოჯახმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა.
4 წლის იდენტური ტყუპი დები იუთუბერი მშობლების, მედისონ ბონტემპოსა და კაილერ ფიშერის კვალს გაჰყვნენ. გოგონებს ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. ყოველ პოსტზე, საშუალოდ 187 ათას მოწონას აგროვებენ და 6 213 დოლარიდან 10 356 დოლარამდე გამოიმუშავებენ. ბავშვები სხვადასხვა ბრენდის კაბასა და სხვა ტანსაცმელს ირგებენ. მედისონსა და კაილერს კიდევ ჰყავთ ერთი წლის ქალიშვილი, ჰოლსტონი.
ისინი საოჯახო იუთუბ-არხსაც მართავენ და იქიდანაც სოლიდური შემოსავალი აქვთ. აგვისტოში ფიშერებს ვაჟი შეეძინათ და მის ინსტაგრამს უკვე 14 ათასი გამომწერი ჰყავს.
ერთი წლის ალაია თავის უფროს დას, ელ მაკბრუმს არ ჩამორჩება და ისტაგრამზე 2,8 მილიონი გამომწერი ჰყავს, მის ყოველ პოსტს საშუალოდ 772 ათასი მოწონება აქვს და 5 612-დან 9 353 დოლარამდე გამოიმუშავებს. ალაიას ანგარიში მშობლებმა მისი დაბადებიდან ორ კვირაში შექმნეს.
ლოს-ანჯელესში მცხოვრებ 9 წლის ტყუპ დას, ავასა და ლეას, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ დებად მოიხსენიებენ. მათ ანგარიშს მშობლები მართავენ და 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავთ. ბავშვების დედამ ქალიშვილებისთვის სამოდელო კარიერის შექმნა ჯერ კიდევ მაშინ გადაწვიტა, როდესაც გოგონები 6 თვის იყვნენ, მაგრამ არ გამოუვიდა. სურვილის ასრულებაში ინსტაგრამი დაეხმარა.
ავა და ლეა 7 წლის იყვნენ, როდესაც წარმატებული მოდელები გახდნენ და მსოფლიო ბრენდებთან და სარეკლამო კომპანიებთან დადეს ხელშეკრულება. კლემენტსები თითოეულ პოსტში საშუალოდ 3 558-დან 5 929 დოლარამდე იღებენ.
სამი წლის ასადი ამერიკელი პროდიუსერისა და შემსრულებლის DJ ჰალედისა და მისი ბიზნესვუმენი ცოლის, ნიკოლ ტუკის ვაჟია. ასადს ინსტაგრამზე 1,7 მილიონი გამომწერი ჰყავს და ყოველ პოსტში საშუალოდ 3 435-დან 5 727 დოლარამდე გამოიმუშავებს. ასაკის მიუხედავად, ასადი წითელ ხალიჩასა და ვარსკვლავურ წვეულებებზე ხშირად ხვდება.
მის გვერდზე ბევრი ვიდეოა, სადაც აჩვენებს, თუ როგორ ხსნის სასაჩუქრე ყუთსა და სათამაშოებს. გარდა ამისა, ბევრი ფოტო უდევს უმცროს ძმასთან, ალამთან ერთად, რომელსაც საკუთარი ინსტაგრამ გვერდი აქვს და 138 ათასი გამომწერი ჰყავს.
7 წლის ავა იუთუბ-ვარსკვლავის მიშელ ფოლის ქალიშვილია. მას ინსტაგრამზე 816 ათასი გამომწერი ჰყავს და ყოველ პოსტში 2 404-დან 4 006 დოლარამდე გამოიმუშავებს.
ავასა და ევერლი როუზ სოუსტას ლაბრანტს ასევე ერთობლივი ანგარიში აქვთ, სადაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავთ. მეგობრები ტიკტოკის მოყვარულებსაც ანებივრებენ, ცეკვავენ და პოზირებენ ლამაზი კაბებითა და თოჯინებით. ავას 3 წლის ძმა ჯეიდენი ჰყავს და ისიც ინსტაგრამის ვარსკვლავია. მას უკვე 138 ათასი გამომწერი ჰყავს.
9 წლის კოკო ტოკიოში ცხოვრობს. გოგონას მშობლებს ვინტაჟური, მოდური ტანსაცმლის მაღაზია აქვთ და კოკო თავის გამომწერებს ხშირად ანებივრებს ფოტოებით, სადაც მაღალი მოდის სტანდარტებს აჩვენებს. გოგონას გვერდს დედა, მისატო, მართავს და ყოველ პოსტში 1 880-დან 3 133 დოლარამდე გამოიმუშავებს. დედის თქმით, კოკო სამოდელო სფეროთია გატაცებული და მისი საყვარელი ბრენდია - გუჩი.
4 წლის ბუმერი მსოფლიო სპორტის ლეგენდის, ცურვაში არაერთგზის ოლიმპიური ჩემპიონის მაიკლ ფელპსისა და სილამაზის დედოფლის, ნიკოლ ჯონსონის უფროსი ვაჟია. მის გვერდს 610 ათასი გამომწერი ჰყავს და ყოველ პოსტში 1 806-დან 3 009 დოლარამდე იღებენ. მისი ინსტაგრამის გვერდიდან თუ ვიმსჯელებთ, სპორტით გატაცება მამიდან მიიღო მემკვიდრეობით. მას ძალიან უყვარს ველოსიპედი და სწავლობს გოლფის თამაშს. ბუმერს ორი უმცროსი ძმა, ორი წლის ბეკეტი და ერთი წლის მავერიკი ჰყავს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ინსტაგრამ გვერდი.
ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს