თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს. მასწავლებელი წერს, რომ სასწრაფომ კლინიკებში ადგილების არქონის გამო, მისი გადაყვანა ვერ შეძლო.
"გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის. ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი. დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია", - წერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაკა სახურია.