თუ ყველანი ვივლით პირბადით როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, ინფიცირების მაჩვენებელი განახევრდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მანდატორულად დახურულ სივრცეებში და უხშირესად ღია სივრცეებში პირბადის გამოყენება გაანახევრებს ინფიცირების მაჩვენებელს. მაგალითად, დღეს 919 შემთხვევაა, თუ ყველანი გადავალთ პირბადეების ასეთ აქტიურ გამოყენებაზე, ხვალვე არა, მაგრამ მაქსიმუმ ერთ კვირაში მაჩვენებელი განახევრდება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დაავადების მართვის პოლიტიკა მთელ მსოფლიოში შეცვლილია და ის არა ჩაკეტვას, არამედ ინფექციის მართვას გულისხმობს.
"დღეს ძალიან მკაცრ ლოქდაუნებზე აღარ არის საუბარი, მითუმეტეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ, ადამიანებს ამაზე მეტ სიღარიბეში ვეღარ ვუბიძგებთ, ამიტომ უნდა ვიაროთ დანის პირზე, სწორი ბალანსით. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე იქნებოდა გაზაფხულზე, ბევრად მეტ დაწოლას უძლებს დღეს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ გაუძლებდა, ამიტომ უნდა გაიხსნას ეკონომიკაც და მზადყოფნაც" - განაცხადა გამყრელიძემ