რძალ-დედამთილის ემოციური ვიდეო და მისი გაგრძელება - "ეს ამბავი სრული შოკი და მოულოდნელობა იყო..." - მშობლები

რძალ-დედამთილის ემოციური ვიდეო და მისი გაგრძელება - "ეს ამბავი სრული შოკი და მოულოდნელობა იყო..."

2020-10-16 11:34:45+04:00

სოციალურ ქსელში იზიკო გოგრიჭიანის ვიდეო გავრცელდა, სადაც მან დედამთილს ნანატრი ფეხმძიმობის ამბავი ამცნო. ვიდეოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მით უმეტეს, რომ ტექსტიც არანაკლებ ემოციური ახლდა:

"ბევრი ვიფიქრე, დამედო თუ არა ეს ვიდეო და მაინც გადავწყვიტე, მეჩვენებინა თქვენთვის... ვიდეო არ იყო ფართო წრისთვის გათვლილი, მხოლოდ ოჯახისთვისაა, მაგრამ ვისაც სურვილი გექნებათ, უყურეთ ჩემი დედამთილის რეაქციას. იქამდე კი გეტყვით, რომ როდესაც სასაჩუქრე ქილებს ვამზადებდი ხოლმე, სულ მთხოვდა, ერთი ქილა მისთვისაც გამეკეთებინა, სადაც ჩავწერდი, თუ რას ფიქრობდნენ მისი შვილები და რძლები, მისი საყვარელი ადამიანები მასზე. ყველაზე თბილი ადამიანია, ვისაც ვიცნობ და მზრუნველი, ზრუნავს ყველაზე და ყველაფერზე, მისი ზრუნვა ამ პაწაწა ვიდეოშიც ჩანს დედამისის მიმართ. სხვა თუ არაფერი, მან საკუთარი შვილი აღზარდა საუკეთესოდ და ჩემთვის როგორც ქალი იდეალურია, ეს თავად უკვე იცის და უცხო არ იქნება ჩემგან ეს სიტყვები... იმედია ვიდეოს დადების შემდეგ არ გამლანძღავს, რომ არ იყო მოწესრიგებული და კოპწია".

ვიდეოს შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ბიჭუნას ელოდება, რომელიც იანვარში მოევლინება ქვეყანას.

იზიკო გოგრიჭიანი:

- კერძო რეპეტოტორი ვარ, მყავს ჩემი მოსწავლეები, რომლებიც უზომოდ მიყვარს. პარალელურად მაქვს ჩემი სამყარო - ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და საკმაოდ წარმატებული გვერდიც მაქვს. ეს ჩემი განტვირთვის საშუალება იყო, თუმცა უკვე სამი წელია პატარა ბიზნესად ვაქციე.

მყავს უსაყვარლესი მეუღლე, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და, რაც თავი მახსოვს, შეყვარებულები ვართ. 14 წლიდან ერთად ვართ. ფაქტობრივად ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ოჯახის შექმნა არ ვიჩქარეთ. 10 წელი შეყვარებულები ვიყავით. 24 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ, სწორი არჩევანი რომ გავაკეთე. პროფესიით მეხანძრე-მაშველია. მოგეხსენებათ, რთული პროფესიაა, სულ დაძაბული ვარ, თუმცა მეამაყება, ხალხის სამსახურში რომ ვხედავ.

როცა ოჯახი შევქმენით, გვინდოდა ფინანსურად მყარი ოჯახი გვქონოდა და არავის დასახმარებელი არ ვყოფილიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცოტა ხანი ბავშვზე არ გვეფიქრა. დაოჯახებიდან სამი წლის შემდეგ საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ ბინა და დავიწყეთ ბავშვზე ფიქრი. უკვე მზად ვიყავით ამ პასუხისმგებლობისთვის, თუმცა ისე გადიოდა თვეები, ორსულად არ ვრჩებოდი. ძალიან განვიცდიდი. ვფიქრობდი დაკარგულ სამ წელზე და თავს ვიდანაშაულებდი. უკვე ექიმის ძებნას ვიწყებდი, რომ ტესტმა დადებითი აჩვენა.

- და ეს ამბავი ორიგინალურად ამცნეთ დედამთილს, რომელიც გულისფანცქალით ელოდებოდა შვილიშვილს.

- ჩემი დედამთილი პროფესიით ექთანია, პირველი მას გავანდე, რომ უკვე მზად ვიყავი ბავშვის გასაჩენად. ძალიან გაუხარდა და ისიც მოუთმენლად ელოდებოდა დადებით პასუხს. ჩემთვის, სრული შოკი იყო, როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი. როცა დავწყნარდი, ზუსტად მაშინ მოვიფიქრე, რომ დედამთილისთვის ქილა გამეკეთებინა და ოჯახის წევრების სურვილები (რომელიც უკვე გამზადებული მქონდა საჩუქრად) გამომეყენებინა, ჩემი სიხარულიც ასე გამენდო. მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან გვეგონა, ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა დამჭირდებოდა. ქილაზე კი ვერც იეჭვებდა, რადგან დიდი ხანი მთხოვდა, მისთვის ისეთი ქილა გამეკეთებინა, რასაც საიტზე ვყიდდი და ოჯახის წევრების წერილები ჩამეყარა. ასე რომ, მისთვისაც ეს ამბავი სრული შოკი და მოულოდნელობა იყო.

- როდის ელოდებით პატარას?

- იანვრის ბოლოს ველოდებით და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს პატარას. ბავშვობიდან გოგოზე ვოცნებობდი და 100% ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა. არ ვარ სპონტანური ადამიანი, ყველაფერი გათვლილი და გაწერილი მაქვს, ასე იყო ოჯახის შექმნაც, დაგეგმილი და წინასწარ გააზრებული. ასე იყო ორსულობაც. რატომღაც ზუსტად ვიცოდი, რომ გოგოს დედა გავხდებოდი, მაგრამ ჰოი საოცრებავ - ბიჭია. მეუღლეს ძალიან გაუხარდა. თავი ყველაზე ძლიერი მგონია. უკვე ყველა სეზონის ტანსაცმელი აქვს და საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მასზე ფიქრით იწყება და ღამდება დღე.

mshoblebi

- ორსულობის დროსაც ახერხებთ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას?

- ხელნაკეთი ნივთები თერაპიაა ჩემთვის. სულ სიახლის ძიებაში ვარ, მინდა, რაც შეიძლება სადა და დახვეწილი ნამუშევრები მქონდეს. ახლაც ვაკეთებ ნივთებს და აუცილებლად გავაგრძელებ მომავალშიც. ქუჩაში როდესაც ჩემს სამკაულს ვხედავ, მინდა ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანს, რომ ჩემს ნივთს ატარებს. ცხოვრება ახლა უფრო ორმაგად მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს სასწაული მეც მხვდა წილად.

mshoblebi

მერი ბლიაძე