მეგობრები კეთილსინდისიერ, სამართლიან ადამიანად ახასიათებენ და მიიჩნევენ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებული - ადამიანის ჯანმრთელობაა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე. მის გვერდით ყოფნა, გარშემო მყოფებს სიმშვიდის განცდას ანიჭებს. "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში პროფესიით ექიმი, დავით ტვილდიანის სახელობის ექსპერიმენტულ უნივერსიტეტ "აიეტისა" და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე - შიდსთან, ტუბერკულოზთან და
მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი გახლდათ.
როგორც ცნობილია, მარიამ ჯაშმა "ქართული ოცნებიდან" წამოსვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად დააფუძნა პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი". ძირითადად, მოახლოებულ არჩევნებსა და პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, თუმცა ვერც მის დიდ პირად ტკივილს - აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, დავით
გოდერძიშვილთან ურთიერთობას ავუარეთ გვერდი...
- მე და დათომ ძალიან ახალგაზრდებმა შევქმენით ოჯახი, ის 22 წლის იყო, მე - 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ დათოც პატარა იყო, ყველა პირობა შემიქმნა პროფესიული განვითარებისთვის. დაქორწინების პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ სტუდენტს ყველანაირად მიწყობდა ხელს. რომ არ ყოფილიყო დათო ჩემ გვერდით, დაოჯახების მერე ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. პრაქტიკულად მან გამიხსნა გზა პროფესიული წარმატებისკენ. წარმოუდგენლად ძლიერი, პრინციპული და მზრუნველი იყო. მასთან ერთად ჩემი ცხოვრება ყვავილებით სავსე გახლდათ. სიურპრიზები უყვარდა, ძალიან ლამაზად შეეძლო რაიმეს შეფუთვა და მორთმევა. ვფიქრობ, ნებისმიერი წარმატებული ქალის ზურგს უკან აუცილებლად დგას მზრუნველი მამაკაცი... მე და დათომ 10 უბედნიერესი წელი გავატარეთ ერთად, მის გვერდით ყოველი დღე ლამაზი და საინტერესო იყო. 16 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს დღემდე ვგრძნობ.
- როგორ გაიცანით, როგორ დაუკავშირეთ მას თქვენი მომავალი?
- მეგობრის ქორწილში გავიცანი. ოჯახის წევრები და მეგობრები "ტულას" ეძახდნენ. სწრაფად განვითარდა მოვლენები. ექვს თვეში დავქორწინდით. სულ ვამბობ, გამიმართლა, რომ უდიდესი სიყვარული ვიპოვე დათოს სახით... ორი შვილი გვყავს - დეა და ირაკლი გოდერძიშვილები, რომლებიც დღეს სტუდენტები არიან. უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, რომელიც ჩვენ შეგვეხო, ვცდილობ, გავაგრძელო ცხოვრება და განვახორციელო ჩემი და დათოს ერთობლივი ოცნებები. როცა რამის გადაწყვეტა მინდა, ვფიქრობ, რას იზამდა დათო?.. მგონია, მისი ყველაზე მთავარი სურვილი შევასრულე - ჩვენი შვილები განათლებული და კეთილი ადამიანები არიან. დათოს წასვლის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ძალა სწორედ მათ მომცეს. მაშინ უფროსი 7 წლის, უმცროსი კი 4-ის იყო. დიდი ოჯახის, როგორც ჩემი, ასევე დათოს მშობლების, საერთო სამეგობროს უდიდესი თანადგომით, ასევე, ჩემი სამსახურის წყალობით შევძელი, შვილებისთვის ღირსეული მომავალი შემექმნა. ურთულესი გზა გავიარე, მტერსაც ვერ გავიმეტებ ასეთი ტკივილისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იმ ურთულეს პერიოდში ოჯახთან, მეგობრებთან და სამსახურთან ერთად, ძალების მოკრებასა და სიცოცხლის გაგრძელებაში ეკლესია დამეხმარა. ჯვრის მონასტრის მრევლი ვარ. სულიერება, რომელიც ჩვენს წმინდა ტაძრებშია, ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
- თქვენი მეუღლე თავად რას საქმიანობდა?
- იურისტი იყო, ეკონომიკური განათლებაც ჰქონდა და საგადასახადო სისტემაში მუშაობდა. გამორჩეულად კარგი და ისეთივე ძლიერი პროფესიონალი იყო, როგორიც მეუღლე, მეგობარი, ადამიანი...
- როგორ დაიღუპა?
- მაპატიეთ, ამაზე საუბარი არ შემიძლია. ჩემი ოჯახი, ისევე როგორც ჩემ გარშემო ბევრი ადამიანის ოჯახი, არაპირდაპირად იყო იმ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს 2003 წლიდან შეეხო. ჩემი მეუღლე 2004 წელს გარდაიცვალა.
- მკაცრი დედა ხართ?
- არა, ვცდილობდი, მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ჩვენ თითქოს ერთად გავიზარდეთ. ვფიქრობ, შვილებთან ურთიერთობისას, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი პატარები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილები პირველ რიგში, კარგი ადამიანები, შემდეგ კი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. აინტერესებთ ის პროფესიები, რომლებიც აირჩიეს. დეა მეექვსე კურსის სტუდენტია, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ისიც გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით აპირებს კარიერის გაგრძელებას. ირაკლი ბერლინის უნივერსიტეტში ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობს, მესამე კურსის სტუდენტია. თანამედროვე სამყაროს სპეციალობას ეუფლება. დღემდე ვმეგობრობთ, ვფიქრობთ, სირთულეების გადატანა შევძელით.