"ჩემს შვილს ბევრ შენიშვნას არ ვაძლევ, ჩემი არ ეშინია, იცის - არ დავსჯი" - ბაია პატარაია - მშობლები

"ჩემს შვილს ბევრ შენიშვნას არ ვაძლევ, ჩემი არ ეშინია, იცის - არ დავსჯი" - ბაია პატარაია

2020-10-21 16:30:43+04:00

"ქალები საქართველოდან" ცნობილი უფლებადამცველის ისტორიას აქვეყნებს:
ბაია პატარაია, 38 წლის, თბილისი

ბავშვობა

"შეიძლება, ზოგს გაუკვირდეს, მაგრამ ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი. აი, ისეთი, ეზოში რომ არ ჩადის და არც ინტერაქციაში შედის დიდად, თუმცა ძალიან მიყვარდა სხვა რაღაცების კეთება, მაგალითად, კითხვა - როგორც კი კითხვა ვისწავლე და ის წიგნები წავიკითხე, სახლში რაც გვქონდა, მეზობლებთან დავიწყე სიარული, ყველა იმ მეზობელთან ვმეგობრობდი, რომელსაც სახლში ბიბლიოთეკა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა ხატვა, სცენარებსაც ვწერდი, სპექტაკლებს ვდგამდი და ჩემი თამაშიც ხშირად შემოქმედებითი იყო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. ფიზიკას სკოლის დირექტორი მასწავლიდა, რომელიც ზოგჯერ დედაჩემს ეკითხებოდა, გაკვეთილებს წინასწარ ხომ არ კითხულობსო. წინასწარ კი არა, რასაც აძლევთ, იმასაც შესვენებებზე სწავლობსო, დედაჩემი პასუხობდა, რადგან სახლში სულ სხვა წიგნები მეჭირა ხელში. ყოველთვის მინდოდა, რომ შემოქმედებითი პროფესია მქონოდა. ბოლო კლასებში, ძალიან მომწონდა თეატრის რეჟისურა და მანამდეც მქონდა ამასთან დაკავშირებული ინტერესები, მაგრამ 90-იანი წლების ბოლო იყო, მთელმა ქვეყანამ დიდი გაჭირვება გამოიარა და მამაჩემი ამბობდა, ისეთი პროფესია უნდა გქონდეს, შენ და შენს შვილს მატერიალურად რომ უზრუნველგყოფთო. არასდროს უთქვამს, რომ გავთხოვდები და ვინმე შემინახავს. მისი მორალი ასეთი იყო - უნდა იყო საუკეთესო შენს პროფესიაში და გქონდეს იმდენი ფული, ცხოვრებაში რომ არ გაწვალდე. “ოთხიანი” არ უნდა მიმეღო, სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ გარდა სწავლისა, სახლში მე სხვა დამატებითი მოვალეობები არ მქონდა.

მშობლების მოთხოვნა იყო, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. მხოლოდ ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ძალიანაც არ მომეკლა თავი სწავლით და უფრო მეტი დრო საკუთარი სხვა ინტერესებისთვის დამეთმო.

პროფესია

დედაჩემს უნდოდა, რომ კლასიკური ფილოლოგია მესწავლა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მიყვარს, თუმცა მაშინ თეატრი მაინტერესებდა.

ოჯახური კონსილიუმი მოეწყო, მახსოვს ბიცოლაჩემი გამოდიოდა სიტყვით და გადაწყვიტეს, რომ მე, ასეთ გამორჩეულსა და ასეთი კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვს, ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე - საერთაშორისო სამართალზე უნდა ჩამებარებინა. ჩვეულებრივი მეგრული ამბავი იყო. დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მეც სკეპტიკურად ვუყურებდი, თუ ხელოვნების მიმართულებით წავიდოდი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი და ეს სერიოზული დაბრკოლება იყო ჩემთვის.

ძალიან გავმწარდი და გავწვალდი, როცა უფასო ფაკულტეტზე ჩავაბარე და აღმოვაჩინე, რომ არაფერს მასწავლიდნენ. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რისთვის ვიწვალე და ვიმეცადინე აბიტურიენტობისას, ასეთი დაბალი ხარისხის განათლება თუ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ამიტომ, პარალელურად, მაღლივში - ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სამართლის პარალელურად 4 წელი ვსწავლობდი ფინანსებსა და საბანკო საქმეს. მაშინ “საიამ” პირველად დაიწყო დამატებითი ერთწლიანი კურსები და იქაც დავდიოდი, ასევე, ჯესაპის იმიტირებულ სასამართლო პროცესშიც ვიღებდი მონაწილეობას - ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სადმე მაინც მესწავლა რაღაც და სულ მქონდა განცდა, რომ ვერსად ვიღებდი იმ განათლებას, რაც მე მჭირდებოდა.

ძალიან მინდოდა სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერისტეტში ჩავაბარე. სწავლა რომ დავიწყე, გაოგნებული ვიყავი იმით, თურმე, რამდენის სწავლა შეიძლებოდა. მეგონა, რომ საერთოდ პირველად ვიღებდი ნამდვილ იურიდიულ განათლებას. პირველად იქ მივხვდი, რა იყო სამართალი, რა არის ეს პროფესია, რა არის სახელმწიფო, კანონის უზენაესობა და რა როლი აქვს მართლმსაჯულებას. მინდოდა, ბიზნესის სამართალი მესწავლა, მაგრამ იქ ვერ მოვხვდი და მოვხვდი ადამიანის უფლებათა სამართლის ფაკულტეტზე. კიდევ კარგი, ასე მოხდა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მივხვდი, როგორ შეიძლება იურისტობა ძალიან კარგი საქმისთვის გამოიყენო.

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს, წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრში, იურისტად დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ნატალია ზაზაშვილი, რომელიც “საფარის” დირექტორი იყო. „საფარი“ 2001 წლიდან არსებობს და ძალიან კარგ საქმეებს აკეთებდა. ეს იყო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა ქალთა პირველი თავშესაფარი, რომელმაც ბავშვთა განრიდების მთელი რეფორმაში ჰქონდა წამყვანი როლი, მაგრამ შედარებით ვიწრო წრეებისთვის იყო ცნობილი ადრე. ნატალიამ მითხრა, იქნებ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაეხმარო, ოღონდ ძალიან მცირე ანაზღაურებააო. დავთანხმდი. პირველად იქ ვნახე ნაცემი ქალები და მოვისმინე მათი სრულიად შემაძრწუნებელი ისტორიები, რომელიც აქვე, თბილისში, შეიძლება, ჩვენს მეზობლადაც ხდებოდა. გავოცდი, მე ისე გავიზარდე, ჩემ გარშემო ოჯახში ძალადობა და ცემა-ტყეპა, გაგონილიც არ მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდა, მაგრამ სადღაც ძალიან შორს და უცბად პირისპირ შევეჩეხე. ამან ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მერე, როცა უკვე სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, არასდროს მავიწყდებოდა, რომ ეს პრობლემა რეალური იყო და ამ პრობლემის შესახებ არავინ იცოდა ისე, როგორც თავის დროზე მე არ ვიცოდი. ეს არასდროს აღარ დამვიწყებია და ყველა საქმიანობაში, სანამ ქალთა უფლებების დაცვა ჩემი ძირითადი საქმიანობა გახდებოდა, ყველგან ვატარებდი ამ ხაზს - გენდერისა და ქალთა გაძლიერების.

ნატალია ფსიქოთერაპევტი იყო და მეუბნებოდა, მინდა, შენ ისეთი იურისტი გამოხვიდე, როგორებიც არ არსებობენ და მინდა, რომ არსებობდნენო - თერაპიული იურისტიო. როდესაც ქალებთან კონსულტაციაზე პირველად შევედი მოვიდა ქალი, რომელიც მოძალადე მეუღლესთან დაშორებას აპირებდა, ხელი მოწერილი არ ჰქონდათ და ქონებრივი საკითხი აინტერესებდა, მე ვუთხარი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. გადაირია ნატალია, როგორ გაუშვი, ასე როგორ შეიძლება მსხვერპლთან ურთიერთობაო. ხომ არ მოვატყუებ, კანონის მიხედვით, არ ეკუთვნის-მეთქი არაფერი. არაო, როგორ შეიძლება მსხვერპლს ასე მიახალო, როცა ძლივს დაიწყო ბრძოლა და შენ იმედი გადაუწურეო. კონსულტაციების დროს მეჯდა ხოლმე ნატალია და მსხვერპლი რომ გავიდოდა, უკუკავშირს მაძლევდა - მასწავლიდა, როგორ უნდა მელაპარაკა მსხვერპლთან ისე, რომ გამეძლიერებინა და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა დამენახებინა, იმედი მიმეცა და მხარში დავდგომოდი. ბოლოს ძალიან კმაყოფილი იყო, რომ გაზარდა ისეთი იურისტი, რომელიც თერაპიულიც იყო.

2009 წელს, ომის მერე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო მუშაობა საჯარო სამსახურში და რასაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია, ამაში უნდა ჩავრთულიყავი - სხვანაირად ვერ ვისწავლიდი, როგორ იქმნება პოლიტიკა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე ისეთ მინისტრთან მინდოდა მუშაობა, რომელიც რეფორმებს ატარებდა. რადგან პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, ვალდებულებაც მქონდა, რომ დაბრუნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მემსახურა.

მალე დამიკავშირდნენ იუსტიციის სამინისტროდან, კონკრეტული სამსახური შემომთავაზეს, მაგრამ მე სხვა პოზიციაზე მინდოდა, რომელიც ვიცოდი, ვაკანტური იყო. დამთანხმდნენ და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად დავინიშნე. ოთხი წელი ვიმუშავე, ვისწავლე და ვნახე ძალიან ბევრი. ქალთა საკითხებში თავად ვიჩენდი ინიციატივას და ძალიან ბევრი კარგი რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, ოჯახში ძალადობის 126 პრიმა მუხლი დავწერე ჩემს კოლეგებთან ერთად. ასევე, გენდერული თანასწორობის კანონში რომ სექსუალური შევიწროების ტერმინი ჩაიწერა, ჩემი ინიციატივა იყო და მხარში იუსტიციის სამინისტროც მედგა. ძალიან საინტერესო გეგმები მქონდა ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მოესწრო. ასევე, ძალიან დიდი რეფორმა დავიწყეთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, დაიწერა ძალიან კარგი სტრატეგია, დამტკიცდა კიდეც, მაგრამ როდესაც მე წამოვედი, ამის განხორციელებაზე ზრუნვა აღარავინ აიღო საკუთარ თავზე, თორემ იყო გეგმა, რომ უნდა მომხდარიყო ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია და მეტი აქცენტი მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაკეთებულიყო. ვიმუშავე როგორც ზურა ადეიშვილთან, ისე თეა წულუკიანთან. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე - ვნახე, როგორ იგეგმებოდა რეფორმა, როგორ წყვეტდა კონკრეტული მთავრობა, რა უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკა, რა ხდება მაშინ, როცა მინისტრს საერთოდ არ აქვს პოლიტიკა და ხედვა და ა.შ. მერე თეა წულუკიანმა სამსახურიდან გამომიშვა, უფრო ზუსტად, კონკურსის შედეგად მე აღარ დამნიშნა, სხვა აიყვანეს. ამ ფორმით გამომიშვეს და უკვე ვიცოდი, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა ამ ეტაპზე აღარ მინდოდა, მთელი დრო და რესურსი აქტივიზმისკენ მივმართე.

შვილი

დედობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და ძალიან მიხარია, რომ დედა ვარ. სინამდვილეში, ბავშვის გაზრდა რთული არ არის, თუ ორ მთავარ პრინციპს გაითვალისწინებ - როცა ბავშვი პატარაა და სჭირდება დისციპლინა, იმ პატარასაც ისეთივე პატივი უნდა სცე, როგორც შენთვის ყველაზე პატივსაცემ ადამიანს. ეს არ უნდა დაივიწყო მაშინაც, როცა მისი აღზრისა და დისციპლინირების პროცესში ხარ. ბავშვს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, აქვს ღირსება, რომელიც არ უნდა შელახო. ბავშვს ვერ დაიმსაგვსებ, ის არის სრულიად უნიკალური და არ უნდა ეცადო, გახადო ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს; ბავშვი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის.

ჩემს შვილს ბევრ შენიშვნას არ ვაძლევ, მხოლოდ წითელ ხაზებს მივუთითებ, რასაც არ უნდა გადასცდეს და ასეთი ცოტაა. ვასწავლი ემპათიასა და სხვების გათვალისწინებას - მშობლის, რესურსის, მათ შორის, ფულის, ნივთების მოფრთხილებას, ცოცხალი არსებების სიყვარულს. სწავლება არ არის ყვირილი და რაიმეს აკრძალვა, სწავლება ნიშნავს, რომ დაჯდე და აუხსნა. ბავშვი არის ადამიანი, ადამიანი კი, გონიერი არსებაა. პანდემიის პირობებში გამოკეტილი ბავშვი იწყენს ვეუბნები ხოლმე, რომ მოწყენილობაც კარგია და ის ადამიანის შემოქმედებითობას აღვიძებს. მოწყენილი ბავშვი და პრინციპში, დიდიც, იმაზე ფიქრს იწყებს, როგორ გაირთოს თავი, ამ დროს მისი შემოქმედებითი აზროვნების უნარი აქტიურდება და იწყებს ახალი რაღაცების გამოგონებას, მოფიქრებასა და აღმოჩენას.

ის ყველანაირი პრობლემის შესახებ მიყვება და მომიყვება იმიტომ, რომ იცის - არ დავსჯი. ჩემი არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან იცის, რომ დავეხმარები, თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვუხდი. თუ მკითხავთ, ჩვენ მეგობრები ვართ თუ არა, მე ვიტყოდი, რომ არა - ჩვენ ვართ დედა-შვილი. ჩემი თაობის მშობლებს ძალიან ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ბავშვს მეგობარი და თავისუფლება სჭირდება და ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. მეგობარი მას თავისიც ეყოლება. მეგობრობა, ალბათ, მერე მოვა, როცა ის სრულწლოვანი გახდება და სანამ ბავშვია, მას სჭირდება დედა და წესრიგი, რაც არ ნიშნავს ტირანიასა და შეზღუდვებს. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული.

-----------------------------------

ძალიან ხშირად დავდივარ სკოლებში ბავშვებთან შესახვედრად. ბავშვები თვითონ მიკავშირდებიან და მპატიჟებენ საჯარო ლექციის ჩასატარებლად. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორი მაღალი ცნობიერებაა იმასთან შედარებით, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი. გადასარევად იციან, რას ნიშნავს ფემინიზმი, გოგოები საკუთარ თავსაც მოიაზრებენ ფემინისტებად და აინტერესებთ ქალთა უფლებები. ბევრი გოგოსთვის და ბიჭისთვისაც, თანასწორობა უკვე ძალიან ბუნებრივი რამეა, რასაც მტკიცება არ სჭირდება. უთანასწორობა უფრო არ ესმით და აკვირვებთ. საერთოდ სხვა თაობა მოდის და მაქვს მათი იმედი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავუკაფოთ გზა, რომ იმათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ."

იხილეთ სრული ვერსია