სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. ფიზიკას სკოლის დირექტორი მასწავლიდა, რომელიც ზოგჯერ დედაჩემს ეკითხებოდა, გაკვეთილებს წინასწარ ხომ არ კითხულობსო. წინასწარ კი არა, რასაც აძლევთ, იმასაც შესვენებებზე სწავლობსო, დედაჩემი პასუხობდა, რადგან სახლში სულ სხვა წიგნები მეჭირა ხელში. ყოველთვის მინდოდა, რომ შემოქმედებითი პროფესია მქონოდა. ბოლო კლასებში, ძალიან მომწონდა თეატრის რეჟისურა და მანამდეც მქონდა ამასთან დაკავშირებული ინტერესები, მაგრამ 90-იანი წლების ბოლო იყო, მთელმა ქვეყანამ დიდი გაჭირვება გამოიარა და მამაჩემი ამბობდა, ისეთი პროფესია უნდა გქონდეს, შენ და შენს შვილს მატერიალურად რომ უზრუნველგყოფთო. არასდროს უთქვამს, რომ გავთხოვდები და ვინმე შემინახავს. მისი მორალი ასეთი იყო - უნდა იყო საუკეთესო შენს პროფესიაში და გქონდეს იმდენი ფული, ცხოვრებაში რომ არ გაწვალდე. “ოთხიანი” არ უნდა მიმეღო, სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ გარდა სწავლისა, სახლში მე სხვა დამატებითი მოვალეობები არ მქონდა.
მშობლების მოთხოვნა იყო, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. მხოლოდ ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ძალიანაც არ მომეკლა თავი სწავლით და უფრო მეტი დრო საკუთარი სხვა ინტერესებისთვის დამეთმო.
ოჯახური კონსილიუმი მოეწყო, მახსოვს ბიცოლაჩემი გამოდიოდა სიტყვით და გადაწყვიტეს, რომ მე, ასეთ გამორჩეულსა და ასეთი კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვს, ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე - საერთაშორისო სამართალზე უნდა ჩამებარებინა. ჩვეულებრივი მეგრული ამბავი იყო. დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მეც სკეპტიკურად ვუყურებდი, თუ ხელოვნების მიმართულებით წავიდოდი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი და ეს სერიოზული დაბრკოლება იყო ჩემთვის.
ძალიან გავმწარდი და გავწვალდი, როცა უფასო ფაკულტეტზე ჩავაბარე და აღმოვაჩინე, რომ არაფერს მასწავლიდნენ. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რისთვის ვიწვალე და ვიმეცადინე აბიტურიენტობისას, ასეთი დაბალი ხარისხის განათლება თუ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ამიტომ, პარალელურად, მაღლივში - ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სამართლის პარალელურად 4 წელი ვსწავლობდი ფინანსებსა და საბანკო საქმეს. მაშინ “საიამ” პირველად დაიწყო დამატებითი ერთწლიანი კურსები და იქაც დავდიოდი, ასევე, ჯესაპის იმიტირებულ სასამართლო პროცესშიც ვიღებდი მონაწილეობას - ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სადმე მაინც მესწავლა რაღაც და სულ მქონდა განცდა, რომ ვერსად ვიღებდი იმ განათლებას, რაც მე მჭირდებოდა.
ძალიან მინდოდა სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერისტეტში ჩავაბარე. სწავლა რომ დავიწყე, გაოგნებული ვიყავი იმით, თურმე, რამდენის სწავლა შეიძლებოდა. მეგონა, რომ საერთოდ პირველად ვიღებდი ნამდვილ იურიდიულ განათლებას. პირველად იქ მივხვდი, რა იყო სამართალი, რა არის ეს პროფესია, რა არის სახელმწიფო, კანონის უზენაესობა და რა როლი აქვს მართლმსაჯულებას. მინდოდა, ბიზნესის სამართალი მესწავლა, მაგრამ იქ ვერ მოვხვდი და მოვხვდი ადამიანის უფლებათა სამართლის ფაკულტეტზე. კიდევ კარგი, ასე მოხდა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მივხვდი, როგორ შეიძლება იურისტობა ძალიან კარგი საქმისთვის გამოიყენო.
ნატალია ფსიქოთერაპევტი იყო და მეუბნებოდა, მინდა, შენ ისეთი იურისტი გამოხვიდე, როგორებიც არ არსებობენ და მინდა, რომ არსებობდნენო - თერაპიული იურისტიო. როდესაც ქალებთან კონსულტაციაზე პირველად შევედი მოვიდა ქალი, რომელიც მოძალადე მეუღლესთან დაშორებას აპირებდა, ხელი მოწერილი არ ჰქონდათ და ქონებრივი საკითხი აინტერესებდა, მე ვუთხარი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. გადაირია ნატალია, როგორ გაუშვი, ასე როგორ შეიძლება მსხვერპლთან ურთიერთობაო. ხომ არ მოვატყუებ, კანონის მიხედვით, არ ეკუთვნის-მეთქი არაფერი. არაო, როგორ შეიძლება მსხვერპლს ასე მიახალო, როცა ძლივს დაიწყო ბრძოლა და შენ იმედი გადაუწურეო. კონსულტაციების დროს მეჯდა ხოლმე ნატალია და მსხვერპლი რომ გავიდოდა, უკუკავშირს მაძლევდა - მასწავლიდა, როგორ უნდა მელაპარაკა მსხვერპლთან ისე, რომ გამეძლიერებინა და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა დამენახებინა, იმედი მიმეცა და მხარში დავდგომოდი. ბოლოს ძალიან კმაყოფილი იყო, რომ გაზარდა ისეთი იურისტი, რომელიც თერაპიულიც იყო.
2009 წელს, ომის მერე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო მუშაობა საჯარო სამსახურში და რასაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია, ამაში უნდა ჩავრთულიყავი - სხვანაირად ვერ ვისწავლიდი, როგორ იქმნება პოლიტიკა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე ისეთ მინისტრთან მინდოდა მუშაობა, რომელიც რეფორმებს ატარებდა. რადგან პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, ვალდებულებაც მქონდა, რომ დაბრუნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მემსახურა.
ჩემს შვილს ბევრ შენიშვნას არ ვაძლევ, მხოლოდ წითელ ხაზებს მივუთითებ, რასაც არ უნდა გადასცდეს და ასეთი ცოტაა. ვასწავლი ემპათიასა და სხვების გათვალისწინებას - მშობლის, რესურსის, მათ შორის, ფულის, ნივთების მოფრთხილებას, ცოცხალი არსებების სიყვარულს. სწავლება არ არის ყვირილი და რაიმეს აკრძალვა, სწავლება ნიშნავს, რომ დაჯდე და აუხსნა. ბავშვი არის ადამიანი, ადამიანი კი, გონიერი არსებაა. პანდემიის პირობებში გამოკეტილი ბავშვი იწყენს ვეუბნები ხოლმე, რომ მოწყენილობაც კარგია და ის ადამიანის შემოქმედებითობას აღვიძებს. მოწყენილი ბავშვი და პრინციპში, დიდიც, იმაზე ფიქრს იწყებს, როგორ გაირთოს თავი, ამ დროს მისი შემოქმედებითი აზროვნების უნარი აქტიურდება და იწყებს ახალი რაღაცების გამოგონებას, მოფიქრებასა და აღმოჩენას.
ის ყველანაირი პრობლემის შესახებ მიყვება და მომიყვება იმიტომ, რომ იცის - არ დავსჯი. ჩემი არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან იცის, რომ დავეხმარები, თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვუხდი. თუ მკითხავთ, ჩვენ მეგობრები ვართ თუ არა, მე ვიტყოდი, რომ არა - ჩვენ ვართ დედა-შვილი. ჩემი თაობის მშობლებს ძალიან ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ბავშვს მეგობარი და თავისუფლება სჭირდება და ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. მეგობარი მას თავისიც ეყოლება. მეგობრობა, ალბათ, მერე მოვა, როცა ის სრულწლოვანი გახდება და სანამ ბავშვია, მას სჭირდება დედა და წესრიგი, რაც არ ნიშნავს ტირანიასა და შეზღუდვებს. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული.
-----------------------------------
ძალიან ხშირად დავდივარ სკოლებში ბავშვებთან შესახვედრად. ბავშვები თვითონ მიკავშირდებიან და მპატიჟებენ საჯარო ლექციის ჩასატარებლად. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორი მაღალი ცნობიერებაა იმასთან შედარებით, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი. გადასარევად იციან, რას ნიშნავს ფემინიზმი, გოგოები საკუთარ თავსაც მოიაზრებენ ფემინისტებად და აინტერესებთ ქალთა უფლებები. ბევრი გოგოსთვის და ბიჭისთვისაც, თანასწორობა უკვე ძალიან ბუნებრივი რამეა, რასაც მტკიცება არ სჭირდება. უთანასწორობა უფრო არ ესმით და აკვირვებთ. საერთოდ სხვა თაობა მოდის და მაქვს მათი იმედი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავუკაფოთ გზა, რომ იმათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ."