"80 000 მოსწავლე ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, განათლების გარეშე გვრჩება" - ნანა ტოხვაძე
"80 000 მოსწავლე ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, განათლების გარეშე გვრჩება" - ნანა ტოხვაძე
COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის სწრაფად ზრდის მიუხედავად, სასწავლო პროცესი სკოლების დაწყებით კლასებსა და უნივერსიტეტების ნაწილის აუდიტორიებში განახლდა. განათლების ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, რომ ონლაინ სწავლებამ განათლების ხარისხზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები დროული იყო.
რამდენად ეფექტურია ონლაინ სწავლება და უნდა დაბრუნდნენ თუ არა მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებში, ამის შესახებ დეტალურად განათლების ექსპერტსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს ნანა ტოხვაძეს ვესაუბრეთ:

- რეალურად, რამდენად ეფექტურია სწავლების დისტრანციური ფორმა და იკვეთება
თუ არა ხარვეზები ცოდნის მიღების კუთხით?

- პირველი და მეორე კლასელი მოსწავლეების შემთხვევაში, მასწავლებლები ანბანის სწავლასა და ხელის მოტორიკის გამომუშავებას ცდილობენ, რაც დისტანციურად სწავლების დროს თითქმის შეუძლებელია. მასწავლებელს უჭირს, მოსწავლეს დისტანციურად ასწავლოს, როგორ გამოწეროს თითოეული ასო-ბგერა ან დაწეროს რიცხვი, ამიტომ სექტემბრის დასაწყისშივე ვითხოვდით, რომ სკოლა გახსნილიყო და განსაკუთრებით დაწყებითი კლასები დაბრუნებოდნენ სასწავლო პროცესს.
საბოლოო ჯამში, სწავლების პროცესში მივიღეთ დაბალი ხარისხი, რისი მიზეზიც არამხოლოდ დისტანციური გაკვეთილები, არამედ იყო ისიც, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს ელემენტარული საჭიროებებიც არ ჰქონდა დაკმაყოფილებული. მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, რომ სასწავლო პროცესში ჩართულიყვნენ, ასევე, საგაკვეთილო პროცესს მიღმა დარჩნენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებიც.
გვქონდა არაკეთილდინდისიერი მასწავლებლების შემთხვევებიც, როცა ისინი გაკვეთილებს საერთოდ არ ატარებდნენ,
თუმცა პანდემიურ ვითარებაში განათლების სამინისტრო პრაქტიკულად, ყველაზე სუსტი რგოლია. სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემებიც კი არ გამოაქვეყნა, რამდენი მოსწავლე საჭიროებდა ელემენტარულად, ინტერნეტით დახმარებას, როგორი იყო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამასთან, არ გაასაჯაროვა ის გეგმები, რაც პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში იყო შემუშავებული, პროცესი მიშვებული აქვთ თვითდინებაზე და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ელემენტარულად არ აქვს საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგებული იმისთვის, რომ არასრულწლოვანი საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთოს.
განათლების სამინისტროს უფრო ნაკლები დაუჯდებოდა მინიმალური ინტერნეტპაკეტის შეძენა იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა, ვიდრე 200 000-ლარიანი ტენდერი ტელესკოლის პიარისთვის. ეს იყო სრული აბსურდი და შოკი, როდესაც 80 000 მოსწავლე განათლების მიღმა გრჩება და განათლების სამინისტროს დრო აქვს იმისთვის, რომ ტელესკოლა გააპიაროს. ეს იყო სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან.

- თქვენ მიერ დასახელებულმა პრობლემებმა მომავალში რა პრობლემები შეიძლება შექმნას?

- თუ ბოლოს ჩატარებული საერთაშორისო კვლევებით, მოსწავლეთა ცოდნითა და უნარებით უკანასკნელ ათეულში ვიყავით, ახლა ალბათ სულ ბოლო ადგილებზე გადავინაცვლებთ.
ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დეკლარირება ხდება, რომ განათლება არის პრიორიტეტი, მაგრამ არც ფინანსური, არც მმართველობითი და არც სხვა ტიპის ნაბიჯები სისტემის მოდერნიზებისთვის, გაჯანსაღებისთვის და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს.
mshoblebi

- როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა აღმოიფხვრას თქვენ მიერ დასახელებული ხარვეზები?

- „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პირადად მე - როგორც პარტიის წევრი, ვიყავით პირველები, ვინც სექტემბრის დასაწყისში სკოლებისა უნივერსიტეტების სასწავლო რეჟიმში დაბრუნებას ვითხოვდით, რადგან ონლაინ სწავლებამ ის ეფექტი ვერ მოახდინა, რაც რეალურად შეიძლება რომ გვქონოდა.
საქართველოში ბავშვების თითქმის 8.2% შიმშილობს, არათუ ინტერნეტით არიან უზრუნველყოფილები და განათლების სამინისტრომ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო. იგეგმებოდა, რომ ბავშვები სკოლებში 15 სექტემბრიდანვე დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მოგეხსენებათ, ასე ვერ მოხდა. განათლების სამინისტრო სველი წერტილების ელემენტარულ ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებსაც კი ვერ აგვარებს, შესაბამისად, როცა ინფიცირებულთა მცირე შემთხვევები გვქონდა, სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო.
ახლა, ამ პირობებში, ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება ყველაზე მისაღები ფორმაა, რათა ბავშვები და სტუდენტები ვირუსისგან დავიცვათ.მაშინ, როცა „ქართულ ოცნების“ ლიდერებს თავი პანდემიასთან ბრძოლის ტოპ მენეჯერებად მოჰქონდათ, პრობლემას ვერ გაუმკლავდნენ და აღმოჩნდა, რომ ამ მოცემულობაში სწავლების შენობებში გაგრძელება საკმაოდ რისკიანია.

- როგორ ხედავთ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების გზებს?

- ჩვენი ხედვა განათლების სისტემის გამართვისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით, სამ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული: განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია, დეცენტრალიზაცია და მოდერნიზება.
დღემდე, განათლების სისტემაში ყველა ჩართული მხარე არის პოლტიკური იარაღი ხელისუფლებაში მყოფი გუნდისთვის. განათლების სისტემა ვერ ემსახურება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებს, ჩვენ არ გვყავს კმაყოფილი მასწავლებლები, რომლებიც დაცული იქნებიან სახელმწიფოს ზეწოლისგან. შესაბამისად, სკოლები უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკისგან და დირექტორი უნდა აირჩეს მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. ამგვარად მათ მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ. სკოლებს უნდა ჰქონდეთ ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი ბიუჯეტის განკარგვის უფლება მათ უნდა გადაეცეთ.
რაც შეეხება მოდერნიზაციას, ეს არის ზოგადი განათლების ეტაპზე პროფესიული განათლების შემოტანა, რისთვისაც სასკოლო ასაკიდანვე შესაბამისი გრანტი იქნება გამოყოფილი. ჩვენი მოსწავლეები სკოლის ასაკიდანვე მოემზადებიან მომავლის პროფესიებში და ამ მხრივ აღარ გვექნება სერიოზული ჩავარდნები.
ამასთან, ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელოების პრობლემა. გრიფირების პროცესი არის სრულად კორუფციული მექანიზმი განათლების სამინისტროს ხელში. მასწავლებელი იძულებულია, განათლების სამინისტროდან ცენტრალური დავალებები მიიღოს და მხოლოდ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი ასწავლოს, მაშინ, როცა შეიძლება მაღალი კომპეტენციის მქონე პედაგოგს, რომელმაც გამოცდაც ჩააბარა, თავისი პროფესიონალიზმიც დაადასტურა, ბევრად უფრო მარტივად და საკუთარი ხელით შექმნილი რესურსით შეეძლოს მოსწავლის უკეთეს შედეგზე გაყვანა.


332
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რას ამბობთ
0
ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს,ის ხომ აბულბულებს ყველეფერს. გაიგეთ,რომ უაზრობაა დისტანციური სწავლება.
14:23 / 23-10-2020
მსგავსი სიახლეები