დღეიდან საქართველოში კოვიდინფექციის დიაგნოსტიკისთვის სწრაფი ტესტების გამოყენება იწყება, რის შედეგადაც პაციენტს 20 წუთში ეცოდინება ანალიზის პასუხი. როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომლისთვისაც ცხვირიდან აიღებენ ნაცხს და არა სისხლის ანალიზს.
"მსოფლიოში სულ 2 ასეთი ტესტია აღიარებული და ერთ-ერთი მათგანი საქართველოში გვაქვს. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და ასევე აღიარებული FDI-ის მიერ. სწრაფ ტესტებს გამოვიყენებთ დიაგნოსტიკისთვის, გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებებში და მას აღარ სჭირდება პისიარით დადასტურება. ეს მიდგომა უკვე შესულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში" - განაცხადა პაატა იმნაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ის სწრაფი ტესტები, რომლისთვისაც თითიდან სისხლის აღებაა საჭირო. მისივე თქმით, პასუხი პაციენტს 20 წუთში ეცოდინება. ამ დროისთვის
ქვეყანაში 150 ათასი სწრაფი ტესტის მარაგია. პაატა იმნაძის თქმით, დამატებით შეკვეთილია ნახევარი მილიონი ტესტი.