კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად - არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს... ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს... მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ?!
ჯონი ავადმყოფი დაიბადა, ძალიან ავადმყოფი... ძლივს გადარჩა. დედას - მაიას, რთული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ მას ექიმთან არ უშვებდნენ.
„ისეთი ზარმაცი ხარ, ოღონდაც სახლის საქმეები არ აკეთო და რაღაც დაავადებებს იგონებ... ექიმებზე უკეთ ვიცით, როგორ მოგიყვანოთ ჭკუაზე! მიდი, აიღე ცოცხი და დაგავე!!!“ - საბრალო, ორსულ გოგონას ეუბნებოდა ქმრის ბებია; ის კი, - მეუღლე რომ არ გაებრაზებინა, - ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც „ღირსეულ“ რძალს შეშვენის.
მასთან საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა... მისი 11 წლის ვაჟი, - ჯონი ყვიროდა და ტიროდა; ხან ხელებიდან უსხლტებოდა დედას, ხან ხელში აყვანას ითხოვდა, ხანაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა, სიტყვებით რომ ვერ აღწერ. ეს ისეთი დაუსრულებელი საშინელება იყო, რომ ჩვენ თვითონაც გაქცევა და ტირილი მოგვინდა.
- მაია, ბავშვის დაავადების შესახებ როდის შეიტყვეთ - ორსულობისას თუ მისი დაბადების შემდგომ?
- რთული ორსულობა მქონდა - ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა, მე კი დაჯდომაც არ შემეძლო... ყველაფრის კეთება მე მიწევდა სახლში. ის ავადმყოფი დაიბადა... ნაადრევად. რეანიმაციიდან 1 თვე არ წერდნენ. ქმრის ოჯახს ბავშვის მიღება არ სურდა! სახლში რომ მივედით, შვილთან ერთად, ოთახიდან გამოსვლას მიკრძალავდნენ, ბავშვისთვის საკვებს არ ყიდულობდნენ. „ჩვენმა თვალებმა არ დაგინახოთ! მოაშორე ეს ურჩხული აქედან! მას უფლება არ აქვს, ჩვენი ოჯახის წევრი იყოს!“ ... ჩუმჩუმად, მეზობლებს ვთხოვდი ხოლმე რძის ნაწარმს და ავადმყოფ ჩვილს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ, წყალწყალა ფაფებს ვაჭმევდი...
- მაია, კი მაგრამ, მხარს არავინ გიჭერდათ? თქვენი მეუღლე რას ამბობდა?
- ჩემი ქმარი ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა. თითქოს, არც კი ვარსებობდით. როდესაც ჯონის შეტევები გახშირდა და ტირილი ხმამაღალი გახდა, ჩვენ უბრალოდ სახლიდან გამოგვაძევეს. სოფელში წავედი, მშობლებთან. მათ ავადმყოფი შვილიშვილი დიდი სიყვარულით მიიღეს, მაგრამ სოფელში დარჩენა ჯონის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. მას შეტევები ძალიან გაუხშირდა, სასწრაფო კი ყოველთვის ვერ ახერხებდა მოსვლას.
2016 წელს ჯონის სიცხემ აუწია და ჩვენ მაშინვე თბილისში ჩამოგვიყვანეს სასწრაფო მანქანით. ჩემი საბრალო ბიჭი, სულ მთლად იწვოდა! იგი რეანიმაციაში დააწვინეს, მე კი მითხრეს: „დედიკო, სჯობს, სახლში წახვიდეთ, მას აქ არაერთი დღის გატარება მოუწევს. ძალიან ცუდად არის, შეიძლება არც კი გადარჩეს...“
ამ სიტყვებისგან ცუდად გავხდი, იატაკზე დავვარდი და ვეღარ ვდგებოდი. 4 თვე „ვიცხოვრე“ სკამზე, რეანიმაციის გვერდით. წასასვლელი არსად მქონდა... არც ფული მქონდა, რომ მისთვის საკვები და საფენები მეყიდა. საავადმყოფოს გვერდით მდებარე მაღაზიის დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღისით შვილის გვერდით ვიყავი, საღამოს სამუშაოდ მივდიოდი, ღამე კი რეანიმაციის გვერდით, სკამზე მეძინა. არ მაგდებდნენ და ამისთვის მათი მადლობელი ვარ.
- მთელი ეს დრო სრულიად მარტო იყავით?
- ჩემთან უფალი იყო! მე კი შვილის გვერდით ვიყავი... და დიახ, ჩვენ არავის ვაინტერესებდით. კეთილი ადამიანები - სხვა, ასევე მძიმედ ავადმყოფი შვილების დედები ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდნენ, ხან სადილს მაჭმევდნენ, ხან საფენებით მეხმარებოდნენ. ხანდახან, თავიანთ სახლებშიც კი მეპატიჟებოდნენ, რომ მებანავა. აი, ასე ვიცხოვრეთ 4 თვე საავადმყოფოში. გამოწერის შემდეგ, ბავშვის სოფელში წაყვანა ამიკრძალეს.
- რატომ აგიკრძალეს?
- ექიმებმა მითხრეს, რომ თუ საავადმყოფოს მახლობლად, ან სასწრაფო დახმარებიდან 10 წუთის სავალ მანძილზე არ ვიცხოვრებდი, ბავშვი შემდგომ შეტევას უბრალოდ ვეღარ გადაიტანდა. ჰოდა, თბილისში დავრჩით. დროებით, ბავშვთა ჰოსპისმა „ციცინათელამ“ შეგვიკედლა და ისეთი გახარებული ვიყავი! 24 საათის მანძილზე შემეძლო, შვილის გვერდით ვყოფილიყავი! იქვე მასწავლეს, როგორ გამომეცვალა მილები ყელში. არ შემეძლო, ვტიროდი, მეგონა, რომ ვტკენდი, მაგრამ მერე ვისწავლე. ჰოსპისში 2 კვირაზე მეტს ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ საცხოვრებლად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადავედით. იქ 6 თვე ვიცხოვრეთ. მეზობლებს ძალიან აწუხებდათ ბავშვის ტირილი და იძულებული გავხდით, სხვა თავშესაფარი გვეძება! წარმოიდგინეთ, როგორია ავადმყოფ ბავშვთან ერთად ღამის გასათევი ადგილის ძებნა!..
- ბავშვის მამა ერთხელაც არ დაინტერესებულა ჯონის მდგომარეობით?
- ჯონი რეანიმაცია რომ იწვა და ექიმებმა - მისი დღეები დათვლილიაო, ვთხოვე, მოსულიყო და შვილს გამომშვიდობებოდა. მოვიდა. როდესაც დაგვინახა, რა მდგომარეობაში ვიყავით, პატიება გვთხოვა, ბავშვს ჩაეხუტა და თქვა, რომ მასზე იზრუნებდა... მაგრამ გადიოდა დღეები, ის კი არ ჩანდა... მერე მითხრეს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ხიდიდან გადახტა. იქნებ შვილის სანახავად მოსვლა არ უნდა მეთხოვა? არ ვიცი...
- თუ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ბედნიერი იყავით?
- ალბათ, ბავშვობაში, მაგრამ აღარც კი მახსოვს. ჯონიმდე რა იყო - მეხსიერებაში აღარაფერი დამრჩა. განაგრძეთ კითხვა