რას ამბობს ექიმი, რომლის მეთოდსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რა კომენტარს აკეთებს ორთოპედი
რას ამბობს ექიმი, რომლის მეთოდსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რა კომენტარს აკეთებს ორთოპედი
"გამისკდა გული!
ვინმე ქეთი "ექიმი" 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად რომ უჩივლონ!
ამ ჯგუფში სპეციალურად გავწევრიანდი, იქნებ მოვახერხო და მისი გურუს გავლენა შევარყიო დედების თვალში, მაგრამ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, უბრალოდ მაინც ვცდი..." -  ეს პოსტი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა პედიატრმა ქეთი ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ფოტოზე ქეთევან მერებაშვილია ასახული, რომელსაც დაახლოებით 20 წლის წინ კიდევ უფრო მეტად იცნობდნენ, მის მიერ შემოღებული ე.წ. "მაუგლის ვარჯიშების" წყალობით. მერე გარკვეული პერიოდი მასზე აღარაფერი იყო ცნობილი და ახლა ფართო
საზოგადოებაში კვლავ გამოჩნდა აღნიშნული ფოტოთი და ასევე ვიდეოთი, რომელიც  მთაწმინდის პარკშია გადაღებული.
ფოტოს და ვიდეოს, განსაკუთრებით პედიატრ ქეთი ლობჟანიძის პოსტის შემდეგ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბევრი დედა თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აზიარებდა, აკომენტარებდა და აღშფოთდებოდა ბავშვთან ამგვარი მოპყრობის გამო. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
  • "ეგ კი არა, როცა ახალშობილი მყავდა, პედიატრმა გამაფრთხილა ბავში დაძინებისას არ ანჯღრიო, ამ დროს კი არ ეძინებათ, უგონო მდგომარეიბაში ვარდებიან, თავბრუ ეხვევათი. აი, ეს რა კოშმარია და ამას როგორ აკეთებენ, დანახვაც არ შემიძლია".
  • "ბავშვის შენჯღრევის სინდრომი, რომელსაც თავის ძალადობრივ ტრავმასაც უწოდებენ - არის თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ახალშობილის ან მცირეწლოვანი ბავშვის ძლიერად შეჯანჯღარებით. ეს შეჯანჯღარება აღარაა"...
  • "ასე ხომ ნებისმიერი ტრავმა შეიძლება მიიღოს ბავშვმა. თან
    ექიმი მშობლებს ასწავლის და მერე ისინიც აკეთებენ იგივეს, ძალიან საშიშია", - წერენ სოციალურ ქსელში.

პირველ რიგში თავად ქეთევან მერებაშვილს მივმართეთ კომენტარისთვის. ის ამბობს, რომ ეს ბავშვთა გამაჯანსაღებელი ვარჯიშია და სოციალურ ქსელში მის მიმართ წამოსულ უარყოფით შეფასებებს პასუხობს:

"კემეროვოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დავამთავრე. პარალელურად, მიკროპედიატრობა მინდოდა და ამ მიმართულებით მაქვს დიპლომი. 42 წლის წინ ჩვენს ოჯახში ბავშვი დაიღუპა. სრულიად ჯანმრთელი იყო. 38 ჰქონდა სიცხე, იმ დროს ძალიან ცნობილმა პედიატრმა მითხრა, რომ არ შეიძლება უბანზე გავაჩეროთ და კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. ორ კვირაში (არ დავასახელებ თანხას, რა დაჯდა ეს ორი კვირა, იმიტომ, რომ მაშინ ექიმებისთვის ფულის ჯიბეში ჩადება იყო საჭირო) ბავშვი დაიღუპა. ექსპერტმა დაგვიდო დასკვნა: ტვინის შეშუპება ზედმეტი გადასხმებით და წამლისგან ინტოქსიკაცია. ამის მერე უკვე გვეშინოდა საქართველოში მშობიარობისა და ბავშვის გაზრდის. მოხდა ისე, რომ ჩემმა ძმამ მიაგნო სტატიას, სადაც ეწერა ვინმე იგორ ჩარკოვსკიზე, რომელმაც წყალში მშობიარობა დანერგა მოსკოვში. გავყიდეთ მანქანა, წავედით და ჩემმა რძალმა 90-იან წლებში იმშობიარა მოსკოვში, წყალში.
სწორედ იმ დროს ვნახე ბავშვები, რომლებიც მსგავსი მეთოდით ვარჯიშობდნენ. თავიდან ცუდად განვეწყვე, მაგრამ მერე შედეგი რომ ვნახე, ვთქვი, წამალს აღარ გამოვწერდი. 3 საათი მორგში ნამყოფი ბავშვი გადავარჩინე, უწამლოდ. უნაკლო გაიზარდა. სახლში შავი ბავშვი მოვიყვანე და მხოლოდ ვარჯიშით გადავარჩინე. ცხოვრებაში სხვა არაფერი გამომიყენებია. ასე დაიწყო ყველაფერი. მერე თბილისში ჩამოვედი, პაციენტს პაციენტი მოჰყავდა. კლინიკა გავხსენი, რამდენიმე წლის შემდეგ ლიცენზიაც მომცეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საჭირო თანხის გადახდა მე მიწევდა, რადგან ქირით მქონდა ოთახი, იმ დონეზე გავკოტრდი, ვეღარ გავაგრძელე. ეს კლინიკა კომერციული თვალსაზრისით კი არ გავხსენი, ბავშვების დახმარება მინდოდა და ეს წლები გრძელდებოდა. ლიცენზია მარინა ღუდუშაურმა მომცა, მაშინ მინისტრის მოადგილე იყო. მე და ჩემმა ძმამ მოსკოვშიც მივიღეთ ამ მეთოდის გამოყენების ლიცენზია. ამას ახალშობილთა გამაჯანსაღებელი ვარჯიში ჰქვია. დღეს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მშობლებს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. საფრანგეთში მაცხოვრებ ქართველ პედიატრს ბავშვთა უფლებები გაახსენდა. ტრიალის პერიოდია გადაღებული და ასე შორიდან, შესაძლოა უარყოფითი ემოცია დაეუფლოს ადამიანს. ძალიან ბევრი რამ მაქვს უანგაროდ გაკეთებული, არავინ იცოდა, რომ მე შვილიშვილი მშიერი მიკვდებოდა და ასეთ ექიმს ვიღაც ეხება? იმ ადამიანს, ვინც სქრინები გაიტანა, ერთ-ერთი პაციენტის ოჯახი ახლა უჩივის და ადვოკატიც ჩართეს. დედას რომ შვილს ართმევენ, რეანიმაციაში რომ მიჰყავთ და იქ ოთხი სახეობის გურკვეველი წარმოშობის ანტიბიოტიკებით ჯიჯგნიან, მათი უფლებები დაიცავით. ყველგან ვიპალარაკებ ამას და უამრავ გადარჩენილ პაციენტს მოვიყვან. არ შეიძლება 30 წელი ექიმი ბავშვებს ხოცავდეს", - გვითხრა მან.

აღნიშნული მეთოდის შესახებ ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლებს ვთხოვეთ მოსაზრების გამოთქმა. 

პედიატრი ეკა უბერი:

"ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მსგავსი მეთოდი მიუღებელია და არც ჩემი შვილის შემთხვევაში გამომიყენებია. ტრადიციული მედიცინა არ ამბობს, რომ მსგავსი აგრესიული გზით მოხდეს ბავშვების გაჯანსაღება. ეს ალტერნატიული მიმართულებაა".

ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი:

"როცა ძვალ-სახსროვანი სისტემა ჩამოუყალიბებელია, არ შეიძლება ასეთი უხეში მოძრაობების გაკეთება პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ რისკი იმის, რომ განვითარდეს მოტეხილობა, მაღალია. თუ მასაჟი სჭირდება ბავშვს, მოწოდებულია სტანდარტული, გამაჯანსაღებელი მასაჟები და არა ჰაერში ტრიალი და მსგავსი უხეში მოძრაობები. ამ დროს წნევა იცვლება, როგორც აკვანი არ არის რეკომენდებული, ორთოპედიული გზით, ისე არ არის რეკომენდებული მსგავსი ქმედება ბავშვებთან. ტრავმატიზმის რისკი ძალიან მაღალია და სახსრები მობილური და არასტაბილური ხდება".

თამარ იაკობაშვილი

altმშობლის ერთი შეცდომა, რითაც შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ჩვილს სიბრმავე, სიყრუე, კომა და გულყრები განუვითარდეს


2846
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები