ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა კორონავირუსი, თანამშრომლის შესახებ წერს პოსტს:
"გაოგნებული ვარ. ახლა გავიგე, რომ 3 დღეა ჩემი სიცხიანი (გემო და ყნოსვა თავიდანვე დაკარგა) თანამშრომელი თურმე ქუჩაშია სანახევროდ და სახლში გვიანობამდე ვერ შედის. ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები. არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა; უყვება ამ ყველაფერს 112-ს და ეუბნებიან ვერ მოვალოთო. როგორც იქნა დღეს გაიკეთა ტესტი და ცხადია დადებითია. და ახლა გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდის დადასტურებული სტატუსით და გვეუბნება აღარ ვიცი რა გავაკეთოო. ქუჩაში ვარ და ვიყინებიო.
აი, ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ძალიან კმაყოფილ გახარიას, რომელმაც წინა კვირას გამოგვიცხადა - მე რომ იზოლაციაში წავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებსო.
ბატონო გიორგი, ნუ წახვალთ იზოლაციაში, მაგრამ სხვები მაინც გაუშვით".
პოსტს არანაკლებ საინტერესო კომენტარები აქვს:
"ჩემი მეუღლეა, სიცხის გარდა ყველა სიმპტომი აქვს - გემო და ყნოსვა აღარ აქვს, უკვე 8 დღეა, სურდო თავის და თვალების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, მისით მიაკითხა ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტესტის გასაკეთებლად და თუ სიცხე არ გექნება, ტესტს არ ვაკეთებთო. 38-ის ზემოთ უნდა გქონდესო. ჩემმა მეუღლემ აუხსნა, რომ სახლში ორსული და ბავშვი ჰყავს, მაგრამ უკან გამოუშვეს მაინც, წადი სახლში და სახლიდან ნუ გამოხვალო, თუ გგონია ვირუსი გაქვსო".
"ნამდვილად საშინელი მდგომარეობაა, სადმე გადაყვანაზე ლაპარაკი ზედმეტია, ტესტის გაკეთებაც სამათხოვრო და იქეთ სახვეწნი, როდესაც ეუბნები, რომ გაქვს აშკარად სიმპტომები, მხოლოდ იზოლაციაში დარჩი და სითხე მიიღეო, მეუბნებიან. ესაა ვითომ ბინაზე მკურნალობა, იზოლაციის პირობები გაქვს თუ არა, კითხვითაც არ კითხულობენ. მეტიც ჩემი სიცხიანი, ორსული და, რომლის ქმარს დაუდასტურდა, დღეს სასწრაფომ შუა გზიდან მოაბრუნა, ადგილები არ არის საავამდყოფოშიო. ორსული გოგო, წარმოიდგინეთ, ამის იქით რა უნდა თქვა, სასწრაფოს ექიმები, როგორც ყოველთვის, არ ვიცით არაფერი, არაფერ შუაში ვართო, გეუბნებიან!"