მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ და უამრავი ფულიც აქვთ იმისთვის, რომ ძიძების დახმარებით ისარგებლონ, რამდენიმე ვარსკვლავი დედა პრინციპულად ამბობს უარს ძიძებზე და ცდილობს, მარტომ გაზარდოს შვილები. ზოგიერთი ამას ეჭვიანობით ხსნის, ზოგი - უნდობლობით, ზოგი კი უბრალოდ ასე მიიჩნევს სწორად.
რამდენიმე ასეთ დედას წარმოგიდგენთ.
რიზ უიზერსპუნი არა მხოლოდ მსახიობია, საკუთარ საპროდიუსერო ცენტრსაც ხელმძღვანელობს, ტანსაცმლის კოლექციებსაც ქმნის და საქველმოქმედო კომპანიასაც უძღვება. და ამ ყველაფერთან ერთად - სამი შვილის დედაა. 20 წლის ავა, 17 წლის დიკონი და 11 წლის ტენესი მარტომ გაზარდა, ქმართან ერთად. "ვფიქრობ, ჩვენ მეტი სირთულე გვექნებოდა აღზრდის პროცესში, ეს რომ ძიძებისთვის დაგვევალებინა. მე მგონია, რომ ისინი სრული უსაქმურები გაიზრდებოდნენ, - ამბობს რიზი, - არავინაა იდეალური, მაგრამ თქვენ ხომ ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვართ თქვენი შვილები და მათთვის ყველაფერს გააკეთებთ, რაც კი შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, რაღაცების მსხვერპლად გაღება გიწევთ. მაგრამ ჩემი შვილები ამბობენ, რომ ამაყობენ ჩემით. ეს ყველაფერია, რაც მე მინდა".
"ყველა მშობიარობის შემდეგ გასავათებული ვიყავი, ძალა საერთოდ არ მქონდა. ჩაცმა და გარეთ გასვლაც კი მეძნელებოდა, არათუ საჭმლის გაკეთება. ამ დროს ნახევარფაბრიკატები და გამოძახებული საჭმელი მშველოდა... მაგრამ მაინც მერჩივნა, მე ვყოფილიყავი ჩემს შვილებთან და მე გამეზარდა... ასე მგონია, თუ არც ერთხელ არ გიყვირია შენი შვილებისთვის, ესე იგი, მათთან არ ატარებ საკმარის დროს. მე სულ შენიშვნებს ვაძლევ და ვეჩხუბები უწესრიგობის გამო".
ბლეიკ ლაივლიც სამი შვილის დედაა. ქმართან - რაიან რეინოლდსთან ერთად ზრდის 5 წლის ჯეიმსს, 3 წლის ინესსა და ერთი წლის ნაბოლარას. ისიც ძიძების გარეშე ართმევს თავს საქმეს. როდესაც ცოლ-ქმარს პირველი შვილი გაუჩნდა, გადაწყვიტეს, დახმარებაზე უარი ეთქვათ და ამბობენ, რომ არასდროს უნანიათ ეს გადაწყვეტილება.
"დედობა რაღაც გასაოცარ ძალებს მანიჭებს. რომ მგონია, ძალები აღარ მაქვს და მარტო ის მინდა, საწოლამდე მივაღწიო და დავიძინო, საკმარისია, ჩემი შვილები დავინახო, ისევ ენერგიით ვივსები და მზად ვარ, მთელი ღამე მათთან თამაშში გავატარო", - ამბობს ბლეიკი და იმასაც დასძენს, რომ თუ ძალიან გაუჭირდათ და ვერავინ იტოვებს ბავშვებს, ბებია-ბაბუებს უხმობენ დასახმარებლად.
"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემთვისაც ზუსტად იგივეს აკეთებდნენ, რასაც მე ახლა ვაკეთებ ბავშვებისთვის. ეს აზრი მხოლოდ მას მერე გამიჩნდა, რაც მამა გავხდი", - ამბობს რაიანი.
ევა მენდესი მაქსიმალურად ჩაკეტილი ცხოვრობს და საზოგადოებას არ ახედებს თავის ოჯახში, მით უმეტეს, უარი თქვა ძიძებზე და დამხმარეებზე, როცა მისი შვილების აღზრდაზე მიდგა საქმე. ევას ორი შვილი ჰყავს - 5 წლის ესმერალდა და 4 წლის ამანდა. "ყველაფერს ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო, დაღლილობის ხარისხის მიუხედავად", - ამბობს ევა.
მსახიობს ძალიან ეხმარება მეუღლე, ასევე მსახიობი რაიან გოსლინგი. "არასდროს ვაფასებდი ჩემს ოჯახს ისე, როგორც შვილების გაჩენის შემდეგ. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ქმრის, დედაჩემის, რომლებიც გვერდში მიდგანან", - აღიარა ერთხელ ევამ.
რაც შვილები გააჩინა, ფაქტობრივად, კინოკარიერაზეც უარი თქვა, ძირითადად სახლშია და ბავშვებს ზრდის, ფულს კი მეუღლე შოულობს.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, გასტროლებისა და ა.შ., ჯეი ლოს ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც ძიძების გარეშე ზრდის. ტყუპი ემა და მაქსი ახლა 12 წლისანი არიან. რომ დაიბადნენ, მომღერალმა გუვერნანტი აიყვანა, მაგრამ მერე გააცნობიერა, რომ ვერ ენდობოდა უცხოს. ამიტომ ოჯახის წევრებს სთხოვა დახმარება - როცა მას არ სცალია, დასახმარებლად მოდიან ჯეი ლოს დედა, მისი ბიძაშვილი და ახლო მეგობარი არლინი. ამჟამად კი თავის საქმროსთან - ალექს როდრიგესთან ერთად ზრდის ბავშვებს.
"მაქსი და ემა საკეისრო კვეთით გაჩნდნენ. საშინელი ტკივილები მქონდა, ადგილიდან ვერ ვიძროდი და ამიტომ ავიყვანე დამხმარე. სულ ექვსი კვირა მყავდა. საშინელი ეჭვიანობა დამეწყო - ის რომ შეუყვარდეთ და მე არა? ბოდვაა, მაგრამ ასე ვფიქრობდი", - ამბობს ჯეი ლო, რომელიც მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს და ხშირად ტურებშიც დაჰყავს.
კამერონი 2020 წელს, საკმაოდ გვიან ასაკში - 48 წლისა გახდა დედა. თავად ამის შესახებ არ გაუკეთებია განცხადება, მაგრამ მისი მეგობრები ამბობენ, რომ უარი თქვა ძიძებზე და აპირებს, ყველა წუთი და წამი თავის შვილთან გაატაროს.
გარდა იმისა, რომ მილა კუნისი მსახიობი, მოდელი და მეღვინეა, ამავდროულად ახალგაზრდა დედაა. მილა და ეშტონ კატჩერი ორ შვილს ზრდიან - 6 წლის უაიეტსა და 4 წლის დიმიტრის. ბავშვებს მარტო უვლიან და ამბობენ, რომ მშობლობით ტკბებიან. "გვინდა, ვიცნობდეთ ჩვენს შვილებს. გვინდა ვიცოდეთ, როგორ მოვქცეთ, როცა ბავშვი ტირის, იჭმუხნება. მე ვფიქრობ, ერთადერთი გზა, ამის მისაღწევად, მათთან ერთად ყოფნაა", - აღნიშნა ეშტონმა ერთხელ ინტერვიუში.
სელინ დიონი დიდხანს ვერ ისრულებდა ოცნებას - გამხდარიყო დედა. 2001 წელს პირველად გახდა დედა - რენე-შარლის და ამის შემდეგ კარიერა მეორე ადგილზე დააყენა, დედობას მიუძღვნა თავი. 2010 წელს ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით ტყუპი გაჩნდა - ედი და ნელსონი. მალევე ქმარი გარდაეცვალა, თუმცა სელინმა გადაყვიტა, მაინც მარტო გამკლავებოდა ყველაფერს. "მე მთლიანად მივუძღვენი თავი ბავშვებს. ვოცნებობდი დედობაზე, ვოცნებობდი მათზე ზრუნვაზე", - ამბობს სელინი.