"იმედია, "იხუმრები"... ამხელა დედა ხარ!" - ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

"იმედია, "იხუმრები"... ამხელა დედა ხარ!" - ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2020-10-30 08:29:50+04:00

ოთი ონიაშვილი 5 წლისაა და გორის მე-16 ბაღის აღსაზრდელია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც ის უარს ამბობს ძმის გარეშე ჰამბურგერის ჭამაზე და მზადაა თავისი წილიც დაუთმოს, ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა და ბიჭმა უამრავი თბილი კომენტარი მიიღო. მისი ძმა, ნიკოლოზი, გორის მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობს, 10 წლისაა და როგორც ბავშვების დედა მარიამ მოგელაშვილი ამბობს, ნიკოლოზსაც ძალიან უყვარს ოთი. ის გვიყვება, რატომ გახდა ვიდეო ასეთი პოპულარული და ელოდა თუ არა საზოგადოების მხრიდან მსგავს გამოხმაურებას:

mshoblebi

- პოპულარულობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. უფრო ოთის მიმართ, ხალხის თბილ დამოკიდებულებას დავარქმევდი. ოთის გულწრფელობამ და თავისი ძმის მიმართ სიყვარულმა განაპირობა ამდენი ადამიანის გამოხმაურება. საჯარო მადლობა მათ, თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისათვის.

- ელოდით მსგავს გამოხმაურებას?

- არა, ნამდვილად არ ველოდი. სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე ავტვირთე და მეორე დღეს სხვადასხვა ჯგუფსა თუ გვერდზე გავრცელდა.

mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ძმების ასეთი დამოკიდებულება ერთმნანეთისადმი და რა როლი აქვს ამაში მშობლებს?

- ოთის მიმართ ნიკოლოზსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს და ოთი უფროს ძმას ბაძავს, ყველა ქცევაში. რა თქმა უნდა, მშობლებიც ვცდილობთ, ერთმანეთის სიყვარული ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს. თუმცა, როგორც ყველა ბავშვი, ესენიც ხშირად კინკლაობენ, მაგრამ რაც მთავარია, უერთმანეთოდ ერთი დღეც უჭირთ გაძლება.

თამარ იაკობაშვილი