ნანჩო ჯინჭარაძეს ჩვენი მკითხველები კარგად იცნობენ - ეს ის კარგი გოგონაა, რომელიც ობოლ ძმიშვილს ზრდის და ფაქტობრივად, მას უძღვნის მთელ თავის დროსა და ენერგიას (იხილეთ სტატია: "4 წლის იყო, დედა რომ დამიძახა..." - გოგონა, რომელმაც დაობლებულ ძმიშვილს მიუძღვნა ცხოვრება).
ნანჩოს ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მის ოჯახის წევრებს კოვიდი არ ჰქონდათ, ხოლო მან, შედარებით მსუბუქი სიმპტომების გამო, საავადმყოფოში ადგილი უფრო მძიმე პაციენტებს დაუთმო და იზოლაციაში გადაიყვანეს ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში. იქ სიმპტომებიც დაეწყო და რასაკვირველია, არც ისე კარგად იყო, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მეგობრებმა გადაატანინეს ეს პერიოდი, რომლებიც ემოციურადაც გევრდით ედგნენ, საჩუქრებით და სასუსნავებითაც ანებივრებდნენ, ხოლო შინ დაბრუნებულს ასეთი საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს - ბუშტები, ყვავილები და წერილები დაახვედრეს სადარბაზოში, თავისი სახლის კარამდე.
ნანჩო გვიამბობს თავის შთაბეჭდილებებს:
- 18 ოქტომბერს,კვირა დილით დამიდასტურდა კორონავირუსი. როცა დამირეკეს, 3-ჯერ გავამეორებინე, არ მინდოდა გამეგო... შემდეგ წამოვიდა შიში და სხვა შეგრძნებები, რაღაც საშინელება ხდებოდა ჩემს ორგანიზმში. ემოციები მქონდა, ვერ ვმშვიდებოდი, ბოლო ხმაზე მინდოდა ტირილი... იმავე საღამოს გადავედი კოვიდ სასტუმროში და იქ კოვიდის სიმპტომებთან ერთად, სიცივე დაა მარტოობა იყო ყველაზე აუტანელი. შიში სახლში დატოვებული დედისა და ძმიშვილის გამო, დაბნეულობა, შიში ვირუსის და ა.შ. თუმცა ჩემმა მეგობრებმა არც ერთი დღე არ დამტოვეს მარტო, სულ ვიღაც მოდიოდა სასტუმროსთან და ათასგვარ საჩუქარს, წერილებს მიგზავნიდნენ. სულ პირველი მესიჯიც, გამამხნევებელი და იმედისმომცემი და პირველი სიურპრიზიც, ჩემმა ყველაზე დიდმა მეგობარმა სოფომ მომიწყო, რომელიც არის ასევე იდეის ავტორი ამ ემოციური დახვედრის... ჩემთვის მეგობრების დანახვა და მათი ყურადღება იყო ყველაზე დიდი წამალი, რამაც გადამატანინა ეს დღეები...